ბათუმის მე-4 და მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას, დროებით, სხვადასხვა სკოლის შენობებში გააგრძელებენ. მიზეზი მე-4 და მე-5 სკოლის შენობებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია – ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული.
ჯამში 2 400-მდე მოსწავლის ოთხი სხვადასხვა სკოლის შენობაში ტრანსპორტირებაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა.
ორი თვის [44 სასწავლო დღის] განმავლობაში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში სამინისტრო მაქსიმუმ 387 ათას 950 ლარს გადაიხდის [ტენდერი ამ თანხითაა გამოცხადებული].
მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დროებით, ბათუმის 27-ე და 26-ე საჯარო სკოლის შენობებში გააგრძელებენ სწავლას, მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები კი – ორთაბათუმისა და ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის შენობებში.
მოსწავლეთა ტრანსპორტირების სავარაუდო ვადად სამინისტროს 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი [44 სასწავლო დღე] აქვს მითითებული. თუმცა, სატენდერო განაცხადში აღნიშნულია, რომ „ტრანსპორტირების დაწყების თარიღი წერილობით ეცნობება მიმწოდებელს“ [ტენდერში გამარჯვებულს].
ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირების დაწყება დამოკიდებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგებზე: „როცა ფონდი ხელშეკრულებებს გააფორმებს და გვეტყვიან თარიღს, რომ სკოლის შენობები გამოვათავისუფლოთ, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“.
მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყება და 10 ოქტომბერს დასრულდება.
მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ორი ლოკაციიდან წაიყვანენ:
- უშუალოდ მე-4 სკოლიდან 27-ე საჯარო სკოლაში და უკან [სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ] და
- ბესიკის ქუჩიდან [ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან] – 26-ე საჯარო სკოლაში და უკან.
მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი, ტრანსპორტი რამდენიმე ლოკაციაზე მოემსახურება:
- ორთაბათუმის საჯარო სკოლამდე მოსწავლეებს წაიყვანენ და უკან დააბრუნებენ შემდეგი ადგილებიდან: სახელმწიფო ანსამბლი „არსიანის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან; მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან; ახალშენის მეურნეობიდან; ახალშენის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბონის სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან.
- ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაშიც მოსწავლეებს იგივე ლოკაციებიდან წაიყვანენ, თუმცა, აქ დამატებულია კიდევ ერთი ადგილი – საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია.
მოსწავლეების წაყვანის და წამოყვანის დროები, მარშრუტებისა და მოსწავლეთა რაოდენობების მიხედვით, გაწერილია ტენდერში, რომელიც, სამინისტროს განცხადებით, შესაძლებელია დაკორექტირდეს/დაზუსტდეს ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
ამასთან, პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტირებისას თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის დაზღვევა არანაკლებ 1 500 ლარის ოდენობით“.
რაც შეეხება მე-4 და მე-5 საჯარო სკოლების შენობების რეაბილიტაციას:
ბათუმის მე-4 სკოლის შენობის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში, დღევანდელი მდგომარეობით, გამარჯვებული გამოვლენილია. ეს არის შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს“, რომელთანაც დაგეგმილია ხელშეკრულების გაფორმება 4 606 174 ლარზე.
სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ორ პრეტენდენტს: შპს „მანე ლუქსის“ [შეთავაზება 4 713 935 ლარი] და შპს „ტექნიკა ონლინს“ [4 699 997 ლარი].
მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი 4 926 650 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. სამუშაოების დაწყების შემთხვევაში სად გაგრძელდებოდა სასწავლო პროცესი, გადაწყვეტილი არ იყო, თუმცა, ერთ-ერთ ვარიანტად ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმის სკოლა განიხილებოდა.
ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი კი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
ამ სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდს სამი კომპანია სთავაზობს:
Horasan Taahhüt ve İnşaat Anonim Şirketi [11 568 024 ლარად], შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს“ [9 902 400 ლარად] და სააქციო საზოგადოება „მეთაგ ინშაათ თიჯარეთის ფილიალი საქართველოში“ [9 546 331 ლარად].
მე-5 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი ფონდს 10 664 649 ლარით ჰქონდა გამოცხადებული:
მე-4 და მე-5 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულებების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.
ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, აჭარის განათლების სამინისტროს ამჯერად მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე ტენდერი მხოლოდ მიმდინარე სასწავლო სემესტრისთვის აქვს გამოცხადებული. მომდევნო სემესტრში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე კი, ტენდერს შემდეგ გამოაცხადებენ.