უკრაინელ სპორტსმენს, 2008 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს ექვსგზისა და ევროპის რვაგზის ჩემპიონს, ოლგა ხარლანს, მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დისკვალიფიკაცია მისცეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ხელი ჩამოერთვა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსი სპორტსმენისთვის, ანა სმირნოვასთვის.
მედიის ცნობით, 27 ივლისს, ოლგა ხარლანმა, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 1/32 ფინალში ანა სმირნოვა დაამარცხა ანგარიშით 15:7, თუმცა უკრაინელმა სპორტსმენმა დამარცხებულ რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა და მხოლოდ დაშნა გაუწოდა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, სმირნოვა ადგილზე დარჩა ნახევარ საათზე მეტ ხანს – რაღაც მომენტში მას სკამიც კი გამოუტანეს. ამ ხნის განმავლობაში სმირნოვას რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა, რომლებსაც იგი დიდხანს ესაუბრებოდა – სავარაუდოდ, ისინი არბიტრები იყვნენ.
ოლგა ხარლანის თქმით, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელმა იგი დაარწმუნა, რომ შესაძლებელი იქნებოდა, მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი სპორტსმენებისთვის ხელი არ ჩამოართვა, მაგრამ ფედერაციამ პირობა არ შეასრულა.
„ჩვენ, უკრაინელი სპორტსმენები, მზად ვართ შევხვდეთ რუსებს სპორტულ მოედანზე, მაგრამ მათ არასდროს ჩამოვართმევთ ხელს“ – თქვა ხარლანმა.
უკრაინის სპორტის მინისტრმა ვადიმ გუტცეიტმა რუსი სპორტსმენის ქმედებას პროვოკაცია უწოდა და ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო ფედერაციამ იცოდა უკრაინული მხარის პოზიცია ხელის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
უკრაინელი სპორტსმენის დისკვალიფიკაციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ტვიტერში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია რუსი სპორტსმენი, ანა სმირნოვა რუს ჯარისკაცთან ერთან.
„როგორც ხედავთ, ის ღიად აღფრთოვანებულია რუსული არმიით, რომელიც კლავს უკრაინელებს და ანგრევს ჩვენს ქალაქებს. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) უკრაინის წარმომადგენლის დისკვალიფიკაცია მოახდინა, რადგან მან რუს ქალს ხელი არ ჩამოართვა.
FIE, ეს უნდა იქნას მიღებული როგორც პოზიცია? რუსულ ფულს სისხლის სუნი არ ასდის?“ – დაწერა პოდოლიაკმა.






