ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მყოფმა 50-მდე ეთნიკურმა დაღესტნელმა უარი თქვა ბრძოლაზე და იარაღი მწყობრიდან გამოიყვანა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული საბრძოლო ოპერაციების ფონზე და მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, იზრდება რუსული საოკუპაციო ძალების დანაყოფებში დეზერტირების შემთხვევები.
ცნობილია, რომ 50-მდე ეთნიკურმა დაღესტნელმა სამხედრო მოსამსახურემ, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ დოროჟნიანკას რაიონში, უარი თქვა მონაწილეობაზე საომარ მოქმედებებში“ – წერს გენერალური შტაბი.
ასევე, გენერალური შტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყენებას „ფარად“. კერძოდ, ხერსონის ოლქის ტოპოლოვკას დასახლებაში რუსეთის სამხედრო სარდლობა სამხედრო მოსამსახურეებს ასახლებს კერძო სახლებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.






