მთავარი,სიახლეები

რა მოუვა თქვენ სესხს, თუ „ეროვნული ბანკის“ კანონს შეცვლიან – ინტერვიუ

28.02.2023 • 1358
რა მოუვა თქვენ სესხს, თუ „ეროვნული ბანკის“ კანონს შეცვლიან – ინტერვიუ

„არსებობს საფრთხე, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენონ პოლიტიკური, პარტიული მიზნებისთვის,“ – ეს შთაბეჭდილება შეუქმნა ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილს ეროვნული ბანკის საკანონმდებლო ცვლილებამ, რასაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ხოლო აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს გაუჩინა კითხვა: „რატომ უნდა შეცვალო სტრუქტურა?

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ეროვნულ ბანკში სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება და ის შეასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში. ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ზეგ, 2 მარტს უფლებამოსილება უწყდება.

ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევამდე 9-კაციანი საბჭო უნდა დაკომპლექტდეს, რომლის 2 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად შერჩეულ კანდიდატურებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში უარი უთხრეს.

„რა საჭიროა დამატებით ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს. მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა? ასევე, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა. ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ხსნის, რატომ შეიძლება ამ ვითარებაში ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის კი არა, „ქართული ოცნების“ პარტიული დაკვეთის შემსრულებლად იქცეს. ის მიანიშნებს ბანკის საბჭოს რამდენიმე ახალ წევრზე, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან ღიად დაკავშირებული, მაგალითად, ნათია თურნავა – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

„…ბანკს პირდაპირ შეუძლია, რომ გააძვიროს სესხი, ან გააიაფოს ელექტორალური მიზნებიდან გამომდინარე,“ – ამბობს სოსო ბერიკაშვილი. „ბათუმელებმა“ მას ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა. სოსო ბერიკაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია.

  • ბატონო სოსო, სად ჩნდება საფრთხე, თუ პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, მაინც შეცვლის ეროვნული ბანკის კანონმდებლობას და პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას? 

სამართლებრივი მოცემულობაა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ასევე საბჭოს წევრების არჩევა ვერ ხდება პრეზიდენტის გვერდის ავლით. ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა საბჭოს წევრობის 2 კანდიდატი, რომლებიც, როგორც ჩანს, არ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული და პარლამენტმა ჩააგდო.

ახლა თავის დაზღვევის მიზნით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კანონი უნდა შეცვალოს და მოიგონეს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი ვერ აიძულეს, რომ „ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატი წარადგინოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შეასრულებს ამ ფუნქციას.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები უკვე არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პარტიული ბექგრაუნდი. მაშინ, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი აიძულეს, რომ ეს გაკეთებინა. მაგალითად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა, მისი ყოფილი მოადგილეები და ასე შემდეგ. მე მათ კომპეტენციას კი არ ვეხები, არამედ ფაქტობრივი მდგომარეობაა, რომ ისინი არიან პოლიტიკური და პარტიული ბექგრაუნდით. თუ, მაგალითად, ნათია თურნავა შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ვერ აიძულებს სალომე ზურაბიშვილს, წარადგინოს სასურველი კანდიდატები, საბჭოში უკვე არსებული წევრებიდან აირჩევენ პირველ ვიცე-პრეზიდენტს. ფაქტობრივად, ის იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიდრე არ აირჩევენ ბანკის ახალ პრეზიდენტს. ეს პროცესი კი, დროში შესაძლოა ძალიან გაიწელოს.

  • რა საფრთხე შეიძლება შეიქმნას, თუ ეროვნულ ბანკს ეყოლება მოვალეობის შემსრულებელი ხანგრძლივად? 

ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ახლა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

ამ ქვეყანაში ისედაც არსებობს ინსტიტუციების პრობლემა, ხოლო ამ დრომდე ეროვნული ბანკი ფორმალურად მაინც იყო დამოუკიდებელი. ეს საკანონმდებლო ცვლილება ასუსტებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ეს პრობლემას უქმნის ქვეყანას, ამას ხედავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

სოსო ბერიკაშვილი, ეკონომისტი

  • რატომ უნდა შეცვალო სტრუქტურა?“ – იკითხა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. 

ის ამას დიპლომატიურად და რბილად ამბობს. უფრო მკაცრად კი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ეროვნულ ბანკს ნამდვილად ასუსტებს. როგორც კელი დეგნანმა თქვა, ეს კითხვებს აჩენს მინიმუმ, რაც თავისთავად პრობლემაა ინსტიტუციისთვის. საერთაშორისო სავაჭრო ფონდის გამოხმაურება, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო პოზიტიური. სავალუტო ფონდი წლებია თანამშრომლობს ეროვნულ ბანკთან, დახმარებას გვიწევენ, იაფი კრედიტებია, რასაც ფინანსური სტაბილური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი აქვს. ეს ცვლილება მინიმუმ სავალუტო ფონდთან ურთიერთობის გაფუჭებისთვისაც არ ღირს.

  • როგორ აისახება ეს ადამიანებზე, მაგალითად, ვისაც ბანკის სესხი აქვს? 

ამის თქმა რთულია, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენონ პოლიტიკური, პარტიული მიზნებისთვის, რაც დამაზიანებელია. მსესხებელი პირდაპირ დამოკიდებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებზე, ბანკს პირდაპირ შეუძლია, რომ მას გაუძვიროს სესხი, ან გააიაფოს ელექტორალური მიზნებიდან გამომდინარე. მთლიანობაში ეს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესზეც შეიძლება უარყოფითად აისახოს.

საფრთხეა მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესები. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ფასების ზრდაზე, ასევე გარკვეული თვალსაზრისით ვალუტის კურსზეც. ამის კონტროლის ბერკეტი თუ ხელისუფლებას ჩაუვარდება, თანაც ღარიბაშვილის კომპეტენციის პირობებში, ეს განსაკუთრებული პრობლემაა.

ამ ვითარებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პრინციპულად არასწორია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე ასე შეხება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: