მთავარი,სიახლეები

„ისრაელი უკრაინის გვერდითაა“ – კიევში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

16.02.2023
„ისრაელი უკრაინის გვერდითაა“ – კიევში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

დღეს, 16 თებერვალს, კიევში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი ჩავიდა. კოენი ისრაელის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც უკრაინაში ჩავიდა უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ.

კოენი ტვიტერზე წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას. მისივე თქმით, იგი დღეს კიევში ისრაელის საელჩოს გახსნის, ჩავა ბუჩაში და მოინახულებს ბაბი იარს.

„მოვედი, რომ გითხრათ: ისრაელი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდითაა ამ რთულ დროს“ – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე.

ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები გაუგზავნა. ისრაელი უკრაინას, თხოვნის მიუხედავად, იარაღით არ დახმარებია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს თითქმის ერთი წლის წინ, 2022 წლის მარტში მიმართა და უთხრა, რომ „გულგრილობა კლავს“:

„ჩვენი ხალხი ახლა დახეტიალობს მსოფლიოში, ეძებს ადგილს, ისევე, როგორც თქვენ ადრე… ეძებენ უსაფრთხოებას, ცდილობენ ცოცხალი გადარჩნენ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ.

დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენ ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ველოდებით თქვენ დახმარებას, როცა სხვა ქვეყნები გვეხმარებიან? რატომ არ არის ისრაელის დახმარება… რა არის ეს? გულგრილობა? პოლიტიკური გათვლა? მედიაცია მხარის არჩევის გარეშე? დაგიტოვებთ ამ კითხვებს პასუხის გასაცემად, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გულგრილობა კლავს“ – განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.

_____________

ფოტოზე: ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაბი იართან, „ცრემლების კედელთან“. ფოტო: Itamar Eichner/twitter

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: