მთავარი,სიახლეები

ბახმუტსა და სოლედართან რუსებმა 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს – პოდოლიაკი

13.01.2023 • 1066
ბახმუტსა და სოლედართან რუსებმა 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქებთან – ბახმუტსა და სოლედართან 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

მან აღნიშნა, რომ დამპყრობელი ადამიანურ დანაკარგებს არ ითვალისწინებენ და ბრძოლისუნარიანი დანაყოფები კვლავაც მთლიანად სოლედარის რაიონში ჰყავთ კონცენტრირებული.

„რუსებმა იქ პრაქტიკულად თავი მოუყარეს ყველაფერს, რაც ჰქონდათ ბრძოლისუნარიანი, მათ შორის არიან საკონტრაქტო არმიის ნარჩენები – სპეცრაზმი და დესანტი, მაგრამ ეს მხოლოდ „ნარჩენებია“. იქ თავმოყრილია მსაჯვრდებულებისგან შემდგარი „ბნელი ძალები“, ვისთვისაც სულ ერთია, სად წაიყვანენ და როგორ იბრძოლონ. ასევე არიან კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები.

რუსეთს ეს ჯარები ჰყავს ბახმუტსა და სოლედართან კონცენტრირებული. მაგრამ მათ ბახმუტის შემოგარენშიც კი ვერ მოახერხეს რაღაც ტერიტორიის დაპყრობა, ამიტომაც წავიდნენ სოლედარში“, – განაცხადა მან უკრაინულ „24-ე არხთან“ ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნავს, რომ რუსები ისევ საბჭოთა კავშირის მეთოდებით იბრძვიან: „ისინი ერთ მიმართულებაზე ახდენენ ყველა ცოცხალი ძალის, არტილერიისა და საბრძოლო მასალების კონცენტრაციას“.

პოდოლიაკის თქმით, „შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ რა დანაკარგები აქვთ ამ მიმართულებზე რუსულ ჯარებს, თუმცა ეს არ არის ათასი და არც ორი ათასი – ეს არის 10, 15, 20 ათასიც კი, რაც ბახმუტსა და სოლედარზე შეტევაში დაკარგეს.

ისინი ადამიანურ დანაკარგებს არც კი ითვლიან. მათთვის პრინციპული საკითხია იქ რაღაც დაიპყრონ, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში რომ ჰქონდეთ სალაპარაკო, რომ, მაგალითად, პირობითად „აიღეს ქალაქ სოლედარის ჩრდილოეთი გარეუბნები“, რომ „სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ სოლედარის ცენტრში“, რომ ეს გადაწყვეტს „ომისა და მშვიდობის“ საკითხს და ასე „უკრაინა დაეცემა“.

პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ თავის აუდიტორიასთან რუსები უკვე ერთი კვირაა საუბრობენ „ეფექტურ წინსვლაზე ბახმუტის მიმართულებით და ახლა სოლედარსკიში“.

„მაგრამ მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ასე არ არის – რუსებს არ აუღიათ ინიციატივა და ისინი ისევე იბრძვიან, როგორც აქამდე – მათ სოლედართან დიდი ოდენობით ძალებს მოუყარეს თავი, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ომში გარდატეხას.

ერთადერთი, რაც იქ ხდება და რაც მე ყველაზე მეტად მაწუხებს – ჩვენი ბიჭებია, რომლებიც დღეების განმავლობაში, 17 გრადუს ყინვაში, ხელიდან ვერ უშვებენ ტყვიამფრქვევებს. ეს მძიმეა. ჩვენ ხალხს ვკარგავთ, მაგრამ რუსეთი უკვე ვეღარ შეძლებს ამ ომის შემობრუნებას“, – ასკვნის პოდოლიაკი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: