მთავარი,სიახლეები

რა შეიცვალა დენის მოხმარების წესებში – ახალი პირობები

12.01.2023 • 1775
რა შეიცვალა დენის მოხმარების წესებში – ახალი პირობები

ელექტროენერგიის მომხმარებლები ენერგოკომპანიისგან იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს დენის მოხმარების წესებში ცვლილებების შესახებ. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეიცვალა ხელშეკრულების პირობები და ცვლილებები არ ეხება მიწოდების ტარიფებს.

„გაცნობებთ, რომ სემეკის მიერ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელთა ნაწილიც ამოქმედდა 2022 წლის 29 დეკემბერს. შედეგად შეიცვალა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. ცვლილებები არ ეხება მიწოდების ტარიფს“, – „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ მოკლე ტექსტური შეტყობინება.

რა შეიცვალა?

ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები მოხმარებული დენის საფასურს შესაბამისი კომპანიის მიერ ქვითრის მომზადებიდან 15 დღის შემდეგ იხდიან. სემეკის ახალი დადგენილებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ეს წესი შეიცვალა.

ახალი ცვლილების მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან, მიმწოდებელსა და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს, გარდა მცირე საწარმოსი, შეუძლიათ მიწოდების ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მომსახურების საფასურის გადახდის სხვა ვადაზე. ამ შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

სემეკის დადგენილებით, „იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ან მიმწოდებელი და მომხმარებელი არ შეთანხმდებიან ვალდებულების ეტაპობრივ შესრულებაზე, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შესაბამის სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს ამ მომხმარებლისთვის [დენის] მიწოდების შეწყვეტა [ამ პუნქტის მიზნებისთვის, გადახდა ჩაითვლება სრულად, თუ მომსახურების საფასურის ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები]“.

ამასთან, „თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი არ იყენებს [მისთვის მინიჭებულ] უფლებამოსილებას და საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობის შემთხვევაში, არ წარუდგენს შესაბამის სისტემის ოპერატორს მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნას, კომისია [სემეკი] უფლებამოსილია, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განსაზღვროს მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმა.

კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადას“.

ელექტროენერგიის სფეროში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დენის „მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის მიწოდების ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პირგასამტეხლო“.

თუმცა, პირგასამტეხლოს დაკისრება დაუშვებელია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის [მოსახლეობისთვის] და ეს წესი მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ვრცელდება.

სემეკის ახალი დადგენილებით კი, „მომხმარებელს პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო საანგარიშო პერიოდში. მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების გამოუყენებლობა ჩაითვლება ამ უფლებაზე უარად“.

მოქმედი წესებით, გარკვეულ შემთხვევებში დენის მიმწოდებელს უფლება აქვს მოსთხოვოს [როგორც არასაყოფაცხოვრებო ისე საყოფაცხოვრებო] მომხმარებელს დეპოზიტის წარდგენაც.

სემეკის ახალი დადგენილებით, 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან:

„მიმწოდებელი ვალდებულია, დეპოზიტის დასაბუთებული მოთხოვნა ასახოს ქვითარში, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია:

  • მომხმარებლის მიერ 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში მომსახურების საფასურის გადახდის ვადის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს აცნობოს მომსახურების საფასურის გადახდის ვადის მესამედ დარღვევისას დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ;
  • მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძვლით მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელმა, მიწოდების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ, მომხმარებელს უნდა აცნობოს მომსახურების საფასურის 5 ან მეტი თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ“.

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები“ სემეკმა 2020 წლის აგვისტოში დაამტკიცა და მასში ცვლილებები იმავე წლის ნოემბერში შეიტანა. ამ ცვლილებების ძალაში შესვლის დღიდან კი, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები.“

შესაბამისად, დენის მიწოდება-მოხმარებას დღეს „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები“ არეგულირებს, რომელშიც სემეკმა ცვლილება რამდენჯერმე შეიტანა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: