მთავარი,სიახლეები

„დრიმლენდ ოაზისმა“ ბათუმში ზღვისპირას 5 ჰექტარი მიწა იყიდა

09.01.2023
„დრიმლენდ ოაზისმა“ ბათუმში ზღვისპირას 5 ჰექტარი მიწა იყიდა

ბათუმში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, ჩაქვის ყოფილი ტურბაზის ტერიტორია გაიყიდა. 5 ჰექტარამდე ფართობი შპს „დრიმლენდ ოაზისმა“ საკუთრებაში 2023 წლის 7 იანვარს დაირეგისტრირა.

ყოფილი ტურბაზა, მისი მიმდებარე ტერიტორიით, ჯამში 49 420 კვ.მეტრი, კომპანიამ აუქციონზე, 16 მილიონ 320 ათას ლარად, ერთი ბიჯით, იყიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ „დრიმლენდ ოაზისს“ ელექტრონული ვაჭრობის დროს კონკურენტი არ ჰყოლია.

დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში ფლობს ასევე მოქმედ სასტუმრო კომპლექსსა და პლაჟს [12 ჰექტარს] მრავალწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით. გარდა ამისა, კომპანია ჩაქვში კიდევ ერთ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

ქონების საწყისი ფასი 16 020 000 ლარი იყო, ბიჯი: 300 000 ლარი [საწყისი ფასის მიხედვით, ერთი კვ.მეტრის ფასი 324 ლარი. აუქციონზე –  სამი საკადასტრო ერთეული, ჯამში – 49 972კვ. მეტრი იყო  გატანილი]. კომპანიამ საპრივატიზებო საფასური 3 ეტაპად, 2024 წლის პირველ ივნისამდე უნდა გადაიხადოს.

ამ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია კომპანია „Colliers International“-მა აჭარის მთავრობის დაკვეთით შეიმუშავა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთ-ერთი პირობაც საინვესტიციო პროექტის ამ კონცეფციის შესაბამისად მომზადება და მთავრობისთვის წარდგენაა.

აუქციონის პირობები „დრიმლენდ ოაზისმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიხედვით უნდა შეასრულოს.

„Colliers International“- ის კონცეფცია ჩაქვის ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე ნავმისადგომისა და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობასაც ითვალისწინებს.

გასაყიდ ნაკვეთებზე ათასობით მრავაწლიანი ხეა გაშენებული, მათ შორის არის წიწვოვნებიც.

აუქციონის პირობის შესაბამისად, გასაყიდად მომზადებულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრემ უნდა ააშენოს ვილები [შესაძლებელია ე.წ. „Beach House“]  ან საცხოვრებელი სახლები [შესაძლებელია ე.წ. „SEMI-DETACHED HOUSE“], ასევე, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები.

ქონების მყიდველმა, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, შესყიდული ტერიტორიის გასწვრივ აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს გზა, ტროტუარი და საფეხმავლო ბილიკი [ე.წ. პრომენადი], ასევე შიდა მოხმარების გზები შეუფერხებელი საზოგადოებრივი წვდომის პირობით.

ჯამში, შესყიდულ ფართობზე, „დრიმლენდ ოაზისმა“ 100 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება უნდა აიღოს.

გასაყიდი ტერიტორიის ნაწილი თვითნებურადაა დაკავებული

„დრიმლენდ ოაზისის“ 82 პროცენტს ავსტრიაში დაფუძნებული კომპანია „ალბერეტა“ ფლობს, 18 პროცენტი კი, ბიზნესმენ ნიკოლოზ გეგუჩაძის საკუთრებაა.

მთავარი ფოტო: „დრიმლენდ ოაზისის“ მიერ შეძენილი ნაკვეთები „Colliers International“ – ის კონცეფციიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: