მაღალმთიან აჭარაში თოვლის გამო რიგ სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია, პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. მაღალმთიან აჭარაში ამ წუთებშიც თოვს.
8 იანვრის დღის 12 საათისთვის, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, „ქედაში მხოლოდ 2 სოფელს და შუახევის რამდენიმე სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია შეფერხებით. ხულოში კი, ძირითადად, მაღალი ზონის სოფლებშია შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ“.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში ამ წუთებშიც განაგრძობენ მუშაობას.“ – გვითხრეს კომპანიაში.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „გრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში. მუშაობს 32 ერთეული ტექნიკა. დღის განმავლობაში ეტაპობრივად, ყველა მიმართულებით განხორციელდება სამუშაოები. გზები იწმინდება ხელვაჩაურში – მაჭახლის ხეობაშიც.“
ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, დაბა ხულოში ამ დროისთვის თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს, სოფლებში – 70 სანტიმეტრს გადააჭარბა, კურორტ გოდერძიზე კი, გაცილებით მეტია.
„მაღალი გამავლობის ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელია კურორტ გოდერძიმდე, ასევე თემის ცენტრებამდე, სადაც გზები გაწმენდილია. მუნიციპალიტეტში 83 სოფელია და ყველა სოფელთან მისასვლელი გზები, ამ დროისთვის გაწმენდილი არ არის, თუმცა, აჭარის გზების დეპარტამენტის 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს და ეტაპობრივად სასოფლო გზებიც გაიწმინდება“ – გვითხრეს ხულოს მერიაში.
- სინოპტიკოსების პროგნოზით აჭარის მთიან რაიონებში თოვა 8 იანვარს დღის განმავლობაში და 9 იანვარს ღამითაც გაგრძელდება, დღისით კი, შედარებით გამოიდარებს.

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალი ზონის სოფლებში გზების გაწმენდაზე 32 ერთეული ტექნიკა მუშაობს / დეპარტამენტის ფოტო