მთავარი,სიახლეები

როგორ ხვდება 42 წლის ქალი 7 შვილთან ერთად ახალ წელს ხულოში

28.12.2022 • 1877
როგორ ხვდება 42 წლის ქალი 7 შვილთან ერთად ახალ წელს ხულოში

როგორია მრავალშვილიანი ოჯახის წინასაახალწლო მზადება, რა სურვილები აქვთ ბავშვებს და ამ სურვილების ახდენას თუ ახერხებენ მათთვის მშობლები? – ამის შესახებ 7 შვილის დედას, 42 წლის გუგული მახარაძეს ვკითხეთ.

გუგულის ყველაზე უფროსი შვილი 22 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი – 6 წლის. გუგული გვიყვება, რომ სამმა უფროსმა შვილმა უკვე დაასრულა სკოლა და ახლა ბათუმში ქირით ცხოვრობენ და მუშაობენ. აქ ვერაფერს გააკეთებდნენ, არც უნდოდათ სოფელში ყოფნაო – ამბობს ის.

გუგულის 4 შვილი მოსწავლეა, ერთ-ერთი მათგანი უკვე აბიტურიენტია.

ოჯახი სოფელში, ხის პატარა სახლში ცხოვრობს.

„შვილები, რომლებიც მუშაობენ, გვეხმარებიან. ხანაც სოციალური დახმარება გვისწრებს და ასე ვყიდულობთ [საჭირო ნივთებს]. ვერ ვახერხებთ ყველა შვილის საჭიროების დაკმაყოფილებას.

ჩემი შვილები ხშირად მესაუბრებიან მათ სურვილებზე. ბევრი რამ უნდათ, მაგრამ ვერ ვყიდულობთ“, – ამბობს გუგული.

მრავალშვილიანი დედის თქმით, ახალი წლისთვის ბავშვებმა სახლში, კედელზე აწყვეს ნაძვის ხის ფორმა საახალწლო განათებისგან.

„ნაძვის ხე ბავშვებმა ააწყვეს. ამბობდნენ, ახალი სათამაშოები გვინდაო, მაგრამ ვერ ვახერხებთ ყიდვას. წელს საერთოდ არ შეგვიძენია ახალი სათამაშოები, ახალი განათება. წლების წინ შეძენილი სათამაშოები გვაქვს.

მე ვერ ვმუშაობ. ოჯახში დედამთილი მყავს, მოხუცი. ჩემი მეუღლეც თუ თურქეთში გადავიდა, ისაა“ – გვიყვება გუგული.

მისი თქმით, ადრე ბევრ საქონელს უვლიდნენ, მაგრამ ახლა იალაღებზე წასვლას ვეღარ ახერხებენ და იძულებული გახდნენ პირუტყვის რაოდენობა შეემცირებინათ.

კითხვაზე, თუ როგორი საახალწლო მაგიდა ექნება ახალი წლის ღამეს მრავალშვილიან ოჯახს, გუგული დუმს. მერე ამბობს, ძალიან მინდა შემდეგი წელი უკეთესი იყოსო და აგრძელებს:

„ძვირია. გაძვირდა ყველაფერი. ახალი წლის სუფრისთვის ვერ ვყიდულობთ პროდუქტებს. ჩვენს საახალწლო სუფრაზე სახლში გამომცხვარი ნამცხვარი გვექნება, სხვა ისეთი არაფერი. კიდევ, ხაჭაპურს გამოვაცხობთ“.

სალომე მე-11 კლასშია, იგი მრავალშვილიანი ოჯახის რიგით მეხუთე შვილია. ჩვენთან საუბრის დაწყებისას ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ინტერნეტი არ აქვთ.

„ბევრი სურვილი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რომელი გითხრათ. უფრო ტექნიკა: ტელეფონი, კომპიუტერი.

წელს, ჩემს ძმას შეხვდა კომპიუტერი, პირველკლასელია. იქამდე კომპიუტერი არ გვქონია და ახლა ეს ერთი კომპიუტერი გვაქვს ოთხივეს. ზოგჯერ ვიყენებთ, მაგრამ ჩვენ ვერ გამოგვადგება, პირველ კლასელზეა მორგებული. ის პროგრამები არ არის, რაც ჩვენ გვჭირდება.

ტელეფონი ყველას არ გვაქვს. ჩემი ახალი წლის სურვილია ჩემს უმცროს ძმებსაც ჰქონდეთ ტელეფონი იმისთვის, რომ სადმე თუ წავლენ, მარტივად დავუკავშირდე“, – გვითხრა სალომემ.

მას ვთხოვეთ მისი უმცროსი ძმებისთვის ეკითხა, რა სურთ საახალწლოდ. მრავალშვილიანი ოჯახის ყველაზე პატარა, 6 წლის წევრს პულტიანი მანქანა უნდა, ხოლო შემდეგ ძმას – ტელეფონი.

„ზოგჯერ გვქონდა ხოლმე ახალი წლის ღამეს ფეიერვერკები, მაშხალები. წელს არ გვაქვს ფული, რომ ვიყიდოთ“ – გვეუბნება სალომე საუბრის დასასრულს.

მახარაძეების ოჯახი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: