ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ნაძვის ხე ჯერ დადგეს და მერე აიღეს – რა მოხდა შუახევში

23.12.2022 • 2188
ნაძვის ხე ჯერ დადგეს და მერე აიღეს – რა მოხდა შუახევში

შუახევში საახალწლო ნაძვის ხე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაამონტაჟა, თუმცა მერიამ ის არ ჩაიბარა და კომპანიას უკან დაუბრუნა.

შუახევი ამჯერად საახალწლო ნაძვის ხეს ტენდერის გარეშე, 49 556 ლარად იყიდის და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

საახალწლო ნაძვის ხის ანთება შუახევში 28 დეკემბერსაა დაგეგმილი.

რატომ აიღეს დამონტაჟებული ნაძვის ხე

ხელშეკრულება ახალი ნაძვის ხის შესყიდვაზე მერიას 49 800 ლარზე ჰქონდა გაფორმებული შპს „სთორი ლაბთან“. თუმცა, დოკუმენტების მიხედვით, „ის არ შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნებს“. მერიამ ხელშეკრულება ამიტომაც შეწყვიტა და კომპანიას 2 490 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა.

ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების მიხედვით:

  • „მომწოდებელს საქონელი უნდა მოეწოდებინა 2022 წლის 20 დეკემბრამდე. დადგენილ ვადაში მომწოდებელმა მოგვაწოდა საქონელი და მოახდინა მონტაჟი. საქონელი უნდა ყოფილიყო ქარხნული წარმოების [მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი, კომპანია syxmas].
  • მიმღები კომისიის წევრებისა და მერიის სხვა თანამშრომლების მიერ საქონლის შემოწმებისას მოწოდებულ საქონელს აღმოაჩნდა ნაკლი, კერძოდ: ზოგიერთ ადგილას აღენიშნება შეღებვის შემდეგ ელექტროშედუღების კვალი, რაც ქარხნული წარმოების შემთხვევაში არ ექნებოდა;
  • საქონლის პედესტალი არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს – არის განსხვავებული ფორმის, განათება ნაცვლად ღია სივრცისა, არის შიდა სივრცეში გამოსაყენებელი;
  • ხელშეკრულების დანართში მითითებული ესკიზის მიხედვით უნდა მოეწოდებინა ნაძვის ხეზე დასამაგრებელი, ღია სივრცეში გამოსაყენებელი ვარსკვლავები, თუმცა მოგვაწოდა დახურულ სივრცეში გამოსაყენებელი;
  • ნაძვის ხის წვეროზე დასამაგრებელი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო 1 მ. სიმაღლის, მოგვაწოდა უფრო პატარა, რომელიც შეკრულია კუსტარულად, დენის არაწყალგამძლე იზოლირებული სადენით;
  • კონსტრუქციას ზოგიერთ ადგილას მოშორებული აქვს საღებავი და აღენიშნება კოროზია; მთლიანობაში ნაძვის ხის ვიზუალური მხარე სრულად არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ესკიზს.“

გარდა ამისა, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „საქონელს არ ერთვის ქარხნული წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც შეუძლებელი ხდება მისი სატენდერო და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა… მომწოდებლის 2022 წლის 20 დეკემბრის წერილით გაირკვა, რომ ვერ ახერხებს ვერც დასკვნისა და ვერც სხვა ისეთი დოკუმენტის წარმოდგენას იმ ვადებში, რა ვადაშიც მოგვეცემა საახალწლო ღონისძიების სრულყოფილად ჩატარების საშუალება.“

ამავე ბრძანებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს დაევალა „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება შპს „სთორი ლაბის“ შავ სიაში შესაყვანად.“

გამარჯვებულს შუახევის მერიისთვის ამ ესკიზის მსგავსი ნაძვის ხე უნდა მიეწოდებინა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელს დროულად გამოვაცხადეთ ელექტრონული ტენდერი, ხელმეორედ ტენდერის გამოცხადება დროში ვერ ესწრება, ახლოვდება ახალი წელი, საჭიროა დროულად მოხდეს საახალწლო ნაძვის ხის შესყიდვა, რათა განხორციელდეს დაბა შუახევში 28 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებებზე საშობაო ნაძვის ხის ანთება.

ვითარება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს, რადგან მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის საახალწლო განწყობის შექმნა.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეწყობა საახალწლო კონცერტი, ფეიერვერკები, რისი სრულყოფილად ჩატარებისათვის აუცილებელია შესაბამისი საახალწლო ღონისძიებების ჩატარება, ხოლო საახალწლო ნაძვის ხის გარეშე ღონისძიება ვერ შედგება, რაც გამოიწვევს შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის გულისწყრომას“, – აღნიშნულია განაცხადში, რომლითაც მუნიციპალიტეტი ნაძვის ხის ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

შუახევის მუნიციპალიტეტს ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერი 56 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: