მთავარი,სიახლეები

რუსეთს განწყობის შეცვლის იმედი აქვს, ევროპა ისტორიული გამოწვევის წინაშეა – ომის ექსპერტი

20.12.2022
რუსეთს განწყობის შეცვლის იმედი აქვს, ევროპა ისტორიული გამოწვევის წინაშეა – ომის ექსპერტი

კრემლი ახლა ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა წამგებიანია, რუსეთი ელის განწყობის ცვლილებას – ამბობს ომის ექსპერტი, პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მარკუს რაისნერი სამხედრო ისტორიკოსია, ავსტრიის არმიის გენერალური შტაბის ოფიცერი, ვენის სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, რომელიც მსახურობდა ბალკანეთში, ავღანეთსა და აფრიკაში.

„ზაფხულში უკრაინის არმიის შეტევა და ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება იყო გამარჯვება ქულების მიხედვით. მაგრამ ნოკაუტი არ ყოფილა. დიახ, რუსებმა დატოვეს ტექნიკა და უკან დაიხიეს, მაგრამ რუსი ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობის ტყვედ აყვანა საკმარისი არ აღმოჩნდა და ეს რუსეთში საზოგადოებას არ აფიქრებს, რომ ომი დიდი დანაკარგების ფაზაში შედის.

უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ინიციატივის ხელში ჩაგდება ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე. მაგრამ სტრატეგიულ დონეზე სიტუაცია უფრო რთულია. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. აქ უკრაინას სჭირდება დიდი მხარდაჭერა დასავლეთისგან, რათა დაიცვას თავისი, ასე ვთქვათ, ცენტრალური ნერვული სისტემა.

და მეორე მნიშვნელოვანი გარემოება სტრატეგიულ გეგმაში არის ის, რომ რუსებმა გააცნობიერეს, რომ ომის ბედი წყდება არა ბრძოლის ველზე, არამედ დასავლეთის ქვეყნებში, საიდანაც მოდის უკრაინის დახმარება,“ – ამბობს ომის ექსპერტი.

იგი მიიჩნევს, რომ რუსეთი ახლა ელოდება განწყობის ცვლილებას როგორც უკრაინაში, ასევე ევროპაში.

„რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის წამგებიანობაში, ცდილობს გაანადგუროს ევროპის ერთიანობა, ევროპაში განწყობის ცვლილების იმედი აქვს“.

მარკუს რაისნერი მიიჩნევს, რომ ახლა ომთან დაკავშირებით მხოლოდ ორი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება:

„პირველი არის მტკიცედ დგომა უკრაინის მხარეს და მისი მხარდაჭერა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ბრძოლა, თუ მას არა მარტო აშშ, არამედ ევროპაც დაუჭერს მხარს.

მეორე გამოსავალი არის ის, რომ ევროპამ გააცნობიეროს, რომ ომი მოულოდნელად დაატყდა თავს და ის არ არის მზად უკრაინის მხარდასაჭერად. და თუ სწორედ ასეთია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე სიტუაციის გაგება, მაშინ ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული მოლაპარაკებების დასაწყებად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.

ეს არის ორი შესაძლო გამოსავალი.

ის კი, რაც ახლა ხდება, არის გაჭიანურება, გაურკვევლობა, გადაწყვეტილების მიღების დაგვიანება და ეს ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან, ერთი მხრივ, არის რუსული არმია, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სტრატეგიული ინიციატივის უნარი – ეს უნდა ვაღიაროთ. რუსეთი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, მაგრამ ჯერ არ დამარცხებულა.

მეორე მხრივ, უკრაინის არმიას სამომავლოდ მუდმივი, უწყვეტი მხარდაჭერა სჭირდება. თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, ის ამ ომს ვერ მოიგებს.

ახლა ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც დახმარება საკმარისი არ არის გადასარჩენად, მაგრამ ძალიან ბევრია დასაღუპად. ეს პრობლემა ჩვენს საინფორმაციო სივრცეში არსებობს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი კარგად მიდის და უკრაინას შეუძლია თავისითაც გაუმკლავდეს [რუსეთს]. მაგრამ ეს არასწორია“.

მისი თქმით, ეს ევროპისთვის ისტორიული მომენტია:

„პრობლემა ისაა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ 80 წელი იარსება ომის გარეშე. და მხოლოდ სირიის ომი შეეხო მას ირიბად, ვგულისხმობ ლტოლვილთა ტალღას. ახლა კი ომი ევროპის კარზეა და ყველას ეშინია, რომ ომი კონტინენტს მოიცავს – სწორედ ამ შიშს ასტიმულირებს რუსეთი.

ამას კი სხვა შიშები უკავშირდება: გამოიწვევს თუ არა ომი ეკონომიკურ კრიზისს, გამოიყენებენ თუ არა „ბინძურ ბომბს“, იქნება თუ არა საკვების მიწოდება, პირველ რიგში – მარცვლეულის, იქნება თუ არა მიგრანტების ახალი ტალღები შიმშილის გამო? და რუსეთი აქტიურად ავრცელებს ასეთ შიშებს.

ევროპის ქვეყნებში ხელმძღვანელობა კი ამას არასაკმარის ყურადღებას აქცევს. პრობლემა ისაა, რომ ევროპა ყოველთვის პოზიციონირებდა, როგორც მშვიდობიანი ობიექტი. იგი გაფართოვდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე, რომლებსაც სურდათ მასში გაწევრიანება.

ახლა კი დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც მოულოდნელად გაირკვა, რომ არსებობს ძალა, რომელიც ცდილობს შეაჩეროს ევროპის გაფართოება. რუსეთი აკეთებს იმას, რაც ბოლო დრომდე შეუძლებელი იყო. ახლა დგება სიმართლის მომენტი: შეუძლია თუ არა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ დემოკრატიულ გაერთიანებას თავისი თანამოაზრეების დაცვა?

რუსეთი ამას ცხადად ხვდება და სწორედ ამაზე დებს ფსონს – იგი მიიჩნევს ჩვენს საზოგადოებას დეკადენტურად, დაცემულად და თავდაცვის უუნაროდ. ევროპას ჯერ არ გაუცნობიერებია, რა ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას,“ – ამბობს ომის ექსპერტი.

_______________

ფოტოზე: მარკუს რაისნერი. კადრი ვიდეომასალიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: