მთავარი,სიახლეები

ბენქსის თქმით, უკრაინელმა ბებიამ, რომლის სახლზეც ხატავდა, პოლიცია გამოიძახა

14.12.2022 • 882
ბენქსის თქმით, უკრაინელმა ბებიამ, რომლის სახლზეც ხატავდა, პოლიცია გამოიძახა

ცნობილი ბრიტანელი ანონიმი არტისტი, ბენქსი უკრაინის დასახმარებლად 50 ნამუშევარს ჰყიდის. ერთი ნამუშევრის ფასი 5000 ფუნტი სტერლინგია, თითოეულ მყიდველს უფლება აქვს იყიდოს მხოლოდ ერთი ნახატი.

ბენქსის ნამუშევარი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის, Legacy of War Foundation-ის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. ეს ორგანიზაცია მხარს უჭერს სამოქალაქო პირებს ომის ზონებში. გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსებას უკრაინისთვის.

ამავე ვებგვერდზე ბენქსი წერს, რომ ამ ორგანიზაციის სასწრაფო დახმარების მანქანით სარგებლობდა, როცა ნოემბერში უკრაინაში კიევსა და მიმდებარე ქალაქებში ხატავდა.

„მათ [ფონდმა] დამითმეს თავიანთი ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა სამუშაოდ, რომელიც აღმოჩნდა განსაკუთრებით სასარგებლო, როცა გაბრაზებულმა „ბაბუშკამ“, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ მის სახლზე ვხატავდი, პოლიციაში დარეკა. ყველაზე მცირე, რაც უნდა გავაკეთო, ისაა, რომ საკმარისი თანხა უნდა შევაგროვო იმ სასწრაფო მანქანის ნომრების შესაცვლელად,“ – წერს ბენქსი ვებგვერდზე.

ბენქსის გრაფიტები უკრაინაში ნოემბერში გამოჩნდა.

უკრაინაში შექმნილ მის გრაფიტებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასობით უკრაინელი მას მადლობას უხდის და ეპატიჟებიან უკრაინაში. „ხარკოვში თუ იქნები და დარჩენა დაგჭირდება, არ მოგერიდოს, მე და ჩემმა ცოლმა ვიცით როგორ შევინახოთ საიდუმლო“, „უკვე ხერსონშიც შეიძლება საზამთროზე ჩამოსვლა,“ – წერენ ბენქსის ინსტაგრამის გვერდზე უკრაინელები.

______________________

ფოტოზე: ბენქსის ნამუშევარი ბოროდიანკაში. გრაფიტი ასახავს, როგორ ამარცხებს ბავშვი ძიუდოს ფორმაში გამოწყობილ კაცს, რომელიც ჰგავს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

ამავე თემაზე: 

ბენქსის გრაფიტის გამო სახლი 4,7 მილიონით გაძვირდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: