მთავარი,სიახლეები

პუტინი ისევ გეგმავს უკრაინის სუვერენიტეტის სრულად განადგურებას – ISW

09.12.2022
პუტინი ისევ გეგმავს უკრაინის სუვერენიტეტის სრულად განადგურებას – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით (ISW), რუსი ჩინოვნიკების განცხადებების მიუხედავად, კრემლი უკრაინაში თავის იმპერიალისტურ მიზნებზე უარის თქმას არ აპირებს.

ISW-ის ექსპერტებს მაგალითად მოჰყავთ კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადება, რომლის თანახმადაც „მოსკოვის ახლანდელი ტერიტორიული მიზანი ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული ოლქის სრულად დაკავებაა“.

„პუტინის მხრიდან რუსული იმპერიული ისტორიის გახსენება და მისი კომენტარები რუსეთის როლზე, როგორც „უკრაინის სუვერენიტეტის გარანტზე“ დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ კრემლი წინაპირობებს ქმნის ხანგრძლივი ომისთვის, რომლის მიზანიც უკრაინის სუვერენიტეტის სრულად განადგურებაა,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში.

ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ოლაფ შოლცისა და გენერალ მარკ მილის განცხადებებზეც, რომლებიც, მათი აზრით, ISW-ის ადრინდელ პროგნოზებს ადასტურებს.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის მხრიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხე ჯერჯერობით დაბალია. სწორედ ასეთია ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებაც.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურის, გენერალ მარკ მილის ვარაუდით კი, იმის მიუხედავად, რომ შემოდგომის შემდეგ უკრაინაში ბრძოლის ტემპი იკლებს, საომარი აქტივობა, შესაძლოა ზამთრის განმავლობაში გაიზარდოს.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ მილის ეს განცხადება მათ ადრინდელ დასკვნებს შეესაბამება. მილის აზრით, უკრაინელი სამხედროები გამოიყენებენ ზამთრის პირობებს მექანიზებული შეტევებისთვის. როგორც ISW-ი წერდა, უკრაინის არმია ეცდება გამოიყენოს გაყინული ნიადაგი, რომელზეც ტექნიკის გადაადგილება უფრო მარტივია, ვიდრე შემოდგომის ტალახიან ნიადაგზე.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • პუტინი, სავარაუდოდ, განგებ ცდილობს თავისი რიტორიკის დისტანცირებას ნაციონალისტების არარეალისტური მოთხოვნებისგან;
  • რუსმა ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ კრემლი ითმენს კრიტიკას სამხედრო ბლოგერების მხრიდან, რათა შეინარჩუნოს წვდომა უფრო ფართო ნაციონალისტურ აუდიტორიაზე;
  • უკრაინელი ჩინოვნიკების განცხადებით, რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მილიტარიზაციას განაგრძობენ;
  • რუსმა სამხედროებმა გაიმაგრეს პოზიციები სვატოვოსთან და რამდენიმე შეტევა მიიტანეს კრემინნასთან;
  • უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება უკრაინელთა კონტრშეტევა;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო ოპერაციებს ბახმუტისა და ავდეევკა-დონეცკის მიმართულებებზე;
  • რუსეთის საოკუპაციო ჩინოვნიკებმა გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: