მთავარი,სიახლეები

„ომის შვილის“ გზის დასასრული – უკრაინის 22 წლის გმირი მფრინავი

28.11.2022 • 2191
„ომის შვილის“ გზის დასასრული – უკრაინის 22 წლის გმირი მფრინავი

უკრაინაში რუსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დღიდან 22 წლის მფრინავმა, დენის ლუკოვმა ნახა ყველაფერი, ომი, სიკვდილი, სასოწარკვეთა, გმირობა და სიყვარული.

მას არასოდეს უოცნებია ოფიცრის ეპოლეტებზე – მშობლების თქმით, დენისი ჩვეულებრივი ბავშვი იყო. სკოლაშიც ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდა სწავლით. მშვიდ, თავაზიან და მორცხვ ბიჭად იცნობდნენ. სულ ტანკებით თამაშობდა და ემალებოდა მშობლებს, რომლებიც არ იწონებდნენ მის გატაცებას კომპიუტერული თამაშებით.

ლუკოვს უკრაინის გმირის წოდება აქვს. მის შესახებ მასალას უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი აქვეყნებს.

დენისის მამა ქირურგია, სურდა შვილი მის კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ მიხვდა, რომ დენისს ექიმის პროფესია არ მოსწონდა. დენისის მამას ბევრი მეგობარი ჰყავდა სამხედრო პირებს შორის და გადაწყვიტა ერთხელ დენისისთვის ვერტმფრენით ფრენა შეეთავაზებინა.

„ფრენის არ გეშინია? ვკითხე გაფრენის წინ. არ მეშინია, ეს ჩემი საქმეა და გავფრინდებიო, მიპასუხა“, – იხსენებს დენისის მამა.

ექვსთვიანი აქტიური პრაქტიკული ვარჯიშისა და სახელმძღვანელოებში კირკიტის შემდეგ დენის ლუკოვი ხარკოვის საჰაერო ძალების სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უნივერსიტეტში სწავლის პირველივე წელს ცხადი გახდა, რომ დენისმა საკუთარი საქმე იპოვა.

ხარკოვში სწავლის დროს მომავალმა მფრინავმა კარინა გაიცნო, რომელსაც სამხედრო ლიცეუმი ჰქონდა დამთავრებული და დენისის მსგავსად ფორმას ატარებდა.

დენის ლუკოვი მეუღლესთან, კარინასთან ერთად/ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform

„2018 წელს სამხედრო ლიცეუმში თითქმის არ სწავლობდნენ გოგოები, ერთხელ წვეულებაზე ვიყავით, მოვიდა დენისი და მკითხა, ვწერდი თუ არა უკვე საკურსო ნაშრომს, მერე მთხოვა მომეყოლა, როგორ იწერებოდა საკურსო თემა. მე კი ვიდექი და ვფიქრობდი, წვეულებაა, ირგვლივ მუსიკა ჟღერს, ეს ბიჭი კი მოდის და სასწავლო პროცესზე მელაპარაკება-მეთქი“, – იხსენებს დენისის მეუღლე.

რამდენიმე თვის შემდეგ დენისმა და კარინამ ერთად ცხოვრება დაიწყეს.

ომის დაწყების დროს დენის ლუკოვი უკვე ლეიტენანტი იყო და საავიაციო ბრიგადის ვერტმფრენის განყოფილების პილოტ-ნავიგატორად მსახურობდა.

24 თებერვალს რუსებმა აეროდრომის დაბომბვა დაიწყეს. ირგვლივ ყველაფერი ფეთქდებოდა. დენისმა ოჯახის წევრებთან დარეკვა და გამომშვიდობება მოასწრო.

დენის ლუკოვი თანამებრძოლებთან ერთად/ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform

ეკიპაჟი ბორტის გადასარჩენად გაიქცა. აფეთქების შედეგად ვერტმფრენის კაბინის კარი ჩაიკეტა. მეთაურმა შუშა ჩაამსხვრია და ილუმინატორიდან დენისი კაბინაში გადასვა, რის შემდეგაც მან ვერტმფრენის გაღება შეძლო. ეკიპაჟის წევრებმა სწრაფად დაიკავეს ადგილები, ვერტმფრენი ნელ-ნელა აფრინდა, პარალელურად აფრინდა მოიერიშე თვითმფრინავიც, მაგრამ მას მტრის რაკეტის ფრაგმენტები მოხვდა. თვითმფრინავი აფეთქდა.

„მაშინ დენისმა სიკვდილი პირველად ნახა საკუთარი თვალით, ვერტმფრენი სხვადასხვა მხარეს აწყდებოდა, მერე დავეშვით, ავიღეთ ჩანთები და სხვა აეროდრომისკენ წავედით. დენისს ხელებზე მინის ნამსხვრევებისგან იარები დარჩა. მერე ამბობდა, იმ დღეს ხელახლა დავიბადეო“, – იხსენებს დენისის თანამებრძოლი, სერგეი ნიკოლაევიჩი.

დენისის Mi-8 ტიპის ვერტმფრენის ეკიპაჟი დონეცკის რეგიონში დაფრინავდა, მათი მისია მტრის სამხედრო აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის განადგურება იყო.

ეკიპაჟმა პილოტ-ნავიგატორ ლუკოვთან ერთად წარმატებით შეასრულა 30-მდე სამხედრო ფრენა.

„ფრენის დროს ხმას არ იღებდა ხოლმე. შესასრულებელ საბრძოლო დავალებაზე ფიქრობდა, არასდროს უთქვამს, დღეს ვერ გავფრინდები და დავალება სხვამ შეასრულოსო. „ომის შვილი“, ასე ვეძახდით დენისს“, – იხსენებს სერგეი ნიკოლაევიჩი.

დენის ლუკოვი/ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform

ეკიპაჟმა შეასრულა რთული მისია და გადაიყვანა შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმები დანიშნულების ადგილზე, რათა მოეგერიებინა თავდასხმა კრამატორსკის მახლობლად ფედოროვკას დასახლებაში და იცავდა სპეცრაზმის მოქმედებებს ჰაერიდან. უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების შეთანხმებული მოქმედების წყალობით, მტრის შეტევა შეჩერდა.

„მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ახლახან დაამთავრა, ძალიან აქტიური და მიზანდასახული იყო. ყოველთვის აზუსტებდა და განიხილავდა, რა იყო შემდეგი ამოცანა და რისთვის უნდა ყოფილიყო ეკიპაჟი მზად. როცა ვეკითხებოდი, თუ გაფრინდები ამ დავალებაზე-მეთქი, მისი პასუხი უცვლელი იყო: „დიახ“. ეკლებით-ვარსკვლავებამდე – ეს იყო დენისის გზა ომში“, – ამბობს ლუკოვის თანამებრძოლი, ეკიპაჟის მეთაური.

დენისი ოცნებობდა ომის დამთავრების შემდეგ მეუღლესთან ერთად გაეხსნა ზოომაღაზია, სადაც ის და კარინა ერთად იმუშავებდნენ.

დენის ლუკოვი/ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform

კარინა გეგმავს დენისის ოცნება აასრულოს და ზოომაღაზია მარტომ გახსნას.

უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის, დენის ლუკოვს III ხარისხის ორდენი მიენიჭა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: