მთავარი,სიახლეები

კრიტიკის მატების გამო კრემლი ქვეყანაში ინტერნეტის სრულ კონტროლს გეგმავს – ISW

22.11.2022
კრიტიკის მატების გამო კრემლი ქვეყანაში ინტერნეტის სრულ კონტროლს გეგმავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში რუსი სამხედროების კრიტიკა კიდევ უფრო იზრდება. ამ ფონზე ხელისუფლება კონტროლის გამკაცრებას განაგრძობს.

ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ კრემლისტურ მედიაში გაჩენილი ცნობები, რომელთა მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფო დუმა ონლაინსივრცის რეგულაციაზე კანონის მიღებას განიხილავს. კანონი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გამორთოს სპეციფიკური ალგორითმები რუსეთის სივრცეში, დაარეგულიროს სოციალური ქსელები, ონლაინ კინოთეატრები, ძებნის სისტემები, ინტერნეტმაღაზიები და დაბლოკოს კონკრეტული მომხმარებლები.

„კრემლის ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს სრული კონტროლი მოიპოვოს საინფორმაციო სივრცეზე, რომელშიც რუსეთის სამხედროების კრიტიკა კიდევ უფრო მწვავდება,“ – წერს ISW-ი.

დღევანდელი ანგარიშის კიდევ ერთი თემა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე მოვლენებია.

ინსტიტუტის ინფორმაციით,  ორდღიანმა სროლებმა 20 და 21 ნოემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დააზიანა, თუმცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, დაზიანების მიუხედავად, ექვსივე ბირთვული რეაქტორის მთლიანობა შენარჩუნებულია, უვნებელია გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ბირთვული საწვავის საცავები.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების ვარაუდით, „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან მომავალი საფრთხეების მუდმივი განხილვა უფრო ფართო რუსული საინფორმაციო ოპერაციის ნაწილია. რუსეთი ცდილობს, უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა დააკარგვინოს და ბირთვული საფრთხის თავიდან აცილების საბაბით სადგურზე კონტროლი თავად მოიპოვოს. შესაბამისად, აიძულოს საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარონ მისი კონტროლი ატომურ ელექტროსადგურზე და, შესაბამისად, ანექსირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე,“ – აღნიშნავს ISW-ი.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები ე.წ. False Flag თავდასხმებს გეგმავენ ბელარუსის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა ბელარუსს ომში ჩართვა აიძულონ;
  • უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევის ოპერაციას უკრაინის აღმოსავლეთში;
  • რუსეთის ტერიტორიული ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტისა და ავდეევკის რაიონში;
  • რუსები აწყობენ თავდაცვით პოზიციებს და სიმაგრეებს ხერსონის ოლქში, დნეპრის სამხრეთით, მაშინ როდესაც უკრაინელები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის ჯარები თავშეყრის ადგილებზე;
  • რუსი მობილიზებული სამხედროები განაგრძობენ პროტესტს და დეზერტირობას, მათი ნათესავები კი ღიად გამოდიან მობილიზაციის წინააღმდეგ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: