განათლება,მთავარი,სიახლეები

ორწლიანი წყვეტის შემდეგ ყარსის უნივერსიტეტმა ქართულის მიმართულებაზე 17 სტუდენტი მიიღო

08.11.2022 • 1896
ორწლიანი წყვეტის შემდეგ ყარსის უნივერსიტეტმა ქართულის მიმართულებაზე 17 სტუდენტი მიიღო

ორწლიანი წყვეტის შემდეგ, თურქეთში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე 2022-2023 სასწავლო წლისათვის 17 ახალი სტუდენტი მიიღეს.

აღნიშნულ მიმართულებას უნივერსიტეტში მაია მესხიძე ხელმძღვანელობს, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა.

მისი თქმით, წელს მიღებული  სტუდენტების ასაკობრივი ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლების, მათი მთავარი მოტივაცია ქართული ენის სწავლების დროს სამომავლო ბიზნესურთიერთობებია ჩვენს ქვეყანასთან.

„ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება 2006 წელს გაიხსნა ყარსის კავკასიური ენების უნივერსიტეტში და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში გვქონდა წყვეტა.

ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ გარკვეულ მიმართულებებზე ბარიერის დაწევის გამო სხვა მიმართულებებზე გააკეთეს არჩევანი სტუდენტებმა.

ამასთან, ყარსი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, უფრო ცივი ქალაქია და არჩევანის დროს სტუდენტები უფრო მეტად თბილ ქალაქებს ირჩევენ ხოლმე.

დაახლოებით ასამდე კურსდამთავრებული გვყავს და მათგან რამდენიმე კურსდამთავრებული უკვე ასწავლის კიდეც ქართულს. ერთ-ერთია გულ მუქერემ ოზთურქი, რომელიც ყარსიდან არის, ის ახლა რიზეს უნივერსიტეტში ასწავლის ქართულს.

ასისტენტად მუშაობს სუდან ალთუნი, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობდა ქართულს და შემდეგ დოქტორანტურაც დაამთავრა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ერთი კურსდამთავრებული არტაანის უნივერსიტეტშია ქართული ენის მიმართულებაზე ასისტენტი და ისიც აპირებს დოქტორანტურაში გაგრძელებას და ამის შემდეგ იმუშავებს ქართული ენის პედაგოგადაც უნივერსიტეტში.

ორი სტუდენტი მყავს ახლა, რომლებიც სტამბოლში თავდაცვის აკადემიაში მუშაობენ და იქ ასწავლიან ქართულ ენას“, – ამბობს მაია მესხიძე.

მისი თქმით, ქართული ენის სამაგისტრო პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ დუზჯეს უნივერსიტეტშია, რიზეს და ყარსის უნივერსიტეტებში კი მხოლოდ საბაკალავრო საფეხურია დანერგილი.

_________________

მსგავს თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/346750/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: