მთავარი,სიახლეები

რუსებს ბახმუტის აღება ოქტომბრის ბოლომდე სურთ – უკრაინის თავდაცვა

18.10.2022
რუსებს ბახმუტის აღება ოქტომბრის ბოლომდე სურთ – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ასეთი დავალება მისცეს რუს სამხედროებს კრემლის გენერლებმა. მისი ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსებმა უკვე მეხუთედ წაუყენეს ასეთი მოთხოვნა თავის ჯარებს – გავიდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე.

„ახლა მათ აქვთ გეგმა, რომ ამ თვის ბოლომდე მთლიანად უნდა დაიკავონ ბახმუტი,“ – განაცხადა მალიარმა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ახლა სხვადასხვაგვარი ვითარებაა, თუმცა მძიმე ბრძოლების ეპიცენტრად კვლავაც ბახმუტი რჩება.

მალიარი დასძენს, რომ დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალებიც განაგრძობენ წინსვლას, თუმცა რუსები შეტევებს არ წყვეტენ.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, რუსეთში უკვე დაიწყო პროპაგანდა, თითქოს ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე რუსეთის არმიამ წარმატებას მიაღწია და ბახმუტის გარშემო რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღო.

„იქ ძალიან მძიმე ბრძოლები მიდის, მოწინააღმდეგეს თავმოყრილი ჰყავს თავისი ყველაზე ძლიერი ძალები, თუმცა უკრაინის დამცველები მათ წინ წასვლის საშუალებას არ აძლევენ,“ – უთხრა ჟურნალისტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების ხელმძღვანელმა სერგეი ჩერევატიმ.

დაახლოებით ერთი კვირის წინ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ სამხრეთსა და ჩრდილოეთში უკრაინელთა კონტრშეტევის მიუხედავად, რუსეთი კვლავაც პრიორიტეტს ანიჭებს თავის შეტევით ოპერაციას დონბასის ცენტრალურ სექტორში, განსაკუთრებით კი ქალაქ ბახმუტთან.

დაზვერვის ვარაუდით, რუსეთის არმიას აქვს კონკრეტული ბრძანება, ფრონტის ამ მონაკვეთზე ოპერაციულ წარმატებას მიაღწიოს. გარდა ამისა, უწყება აღნიშნავდა, რომ ბახმუტის ბრძოლებში აქტიურადაა ჩართული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომლის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას და გამყარებას ცდილობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: