სიახლეები

რა სჭირს ოპოზიციას – „მხოლოდ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს გვთავაზობენ“

17.10.2022 •
რა სჭირს ოპოზიციას – „მხოლოდ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს გვთავაზობენ“

„საჭიროა არა იმდენად „ახალი ძალა“, არამედ ქვეყნის მომავლის ახალი ხედვა, რომელიც არ აქვს არც მთავრობას და არც ოპოზიციურ პარტიებს. ისინი გვთავაზობენ იმ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს, რომლებმაც უკვე არ იმუშავა. საქართველოს მოსახლეობის 60% კი, თავის თავს ვერ აიგივებს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს ნიშნავს, რომ არსებობს დიდი ვაკუუმი და კიდევ უფრო დიდი აცდენა პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რა სჭირს ოპოზიციას, ეს არის კრიზისი და ჩიხი, რომელშიც ოპოზიცია შევიდა, თუ პოლიტიკური ოპოზიცია მოქმედების ახალი ეტაპისთვის ემზადება?

ამ სტატიაში გაეცნობით, რას არქმევენ ოპოზიციონერები დღევანდელ მოცემულობას, რასაც პოლიტიკის ანალიტიკოსები კრიზისს უწოდებენ. მანამდე კი, პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილს ვთხოვეთ, ეთქვა, რატომ მიაჩნია, რომ ოპოზიციას კრიზისი აქვს.

„მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ან ღარიბია, ან ღატაკი და ვერ ცხოვრობს ღირსეულად. უმეტესობას არ აქვს საკადრისი სამსახური, ანაზღაურება, რომელიც დაფარავდა მათი და მათი ოჯახების საჭიროებებს, ვერ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას, კარგ განათლებას, არ აქვს კულტურული განვითარების საშუალება. არც ერთი ამჟამად მოქმედი პოლიტიკური პარტია ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს ამომრჩეველს არ ან ვერ სთავაზობს.

ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას უიმედობის გამო და სამსახურს საზღვარგარეთ ეძებს. დღევანდელი მთავრობის პირობებში ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული მოვლენების საქართველოს გარეთ განვითარებაზე, პირველ რიგში, უკრაინის ომზე და ევროკავშირის შეცვლილ დამოკიდებულებაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ… განსაკუთრებით მძიმეა განცდა, როცა ისტორიული ცვლილებების ჟამს საქართველოსათვის ამდენი შესაძლებლობა იხსნება, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ,“ – გვითხრა ზაალ ანდრონიკაშვილმა.

ზაალ ანდრონიკაშვილი

  • „ჩვენ უნდა დავსახოთ სტრატეგია, გაჭიანურდა ეს პროცესი“ – პარლამენტის დეპუტატი ენმ-დან 

ეს დავით ხაჯიშვილმა გვითხრა, პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი თქმით, ენმ-ში დაპირისპირება არაა, მაგრამ გარკვეული დაჯგუფებების შექმნა გამოიწვია ხედვებმა იმაზე, ვინ როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის ნაცვლად, ოპოზიციურ ფლანგზე სააკაშვილის თემის გამო ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ მოცემულობაში ენმ-ს წევრს ვკითხეთ: რა ჰქვია ვითარებას, რომელშიც ახლა ენმ და ოპოზიცია აღმოჩნდა?

დავით ხაჯიშვილი ეთანხმება პოზიციას, რომ „ოპოზიციას პრობლემები აქვს“. თუმცა მიიჩნევს, რომ ამოსავალი ისევ მიხეილ სააკაშვილის საკითხია, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა და რეალური ცვლილებები ქვეყანაში.

დავით ხაჯიშვილი

„პარტიის შიგნით არის ცალკეული დაჯგუფებები ინტერესების და არა ძალაუფლების მიხედვით, ვინ როგორ ხედავს სააკაშვილის ციხიდან გამოყვანას, მათ შორის, ჰუმანიტარული მიზნებით.

ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიაზე, რომელიც წლის ბოლოს უნდა გვქონდეს… მართლაც ძალიან გაჭიანურდა ეს პროცესი, არ შეიძლება ამდენი ხანი სტრატეგიაზე ვფიქრობდეთ. პრობლემა არსებობს ჩვენს პარტიულ მენეჯმენტში. არავის ვაბრალებ მე ამას, ყოველთვის იყო კატაკლიზმები, ყოველთვის იყო და არის ხელშემშლელი ფაქტორები, რომ აშენებულიყო პარტიის სტრუქტურა, რომელიც მისცემდა პარტიას დროული რეაგირების საშუალებას. ვფიქრობ, რომ ჩვენი პრობლემაა დროულად პასუხის გაცემა, დროული განცხადებები, ეს არის სტრუქტურის პრობლემა,“ – ამბობს დავით ხაჯიშვილი.

შეჯერდნენ თუ არა, პირველ რიგში, პარტიის შიგნით, მიხეილ სააკაშვილის გარეშე აგრძელებს პარტია მუშაობას, თუ აუცილებლად სააკაშვილთან ერთად? – პარლამენტის წევრი ინტერვიუს დროს ახსენებს ფრაზას: „მძევლები გავხდით“.

„2021 წელს, როდესაც მესამე პრეზიდენტი დააპატიმრეს, გადავერთეთ სრულად ამ საკითხზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ვითარების მძევლები გავხდით, ის არის ჩვენი პარტიის ლიდერი, ამავდროულად, ქვეყნის მესამე პრეზიდენტია და ციხეშია. ამ დროს რთულია, სხვა საქმეებზე გადაერთო… მე, პირადად, მჯერა და ასევე უმრავლესობას ჩვენს პარტიაში, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია გამოაცალოს ძალაუფლება ივანიშვილს.

ამას ემატება ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიის გაურკვეველი პოზიციები. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ოპოზიცია და ვინ – არა. მაგალითად, სააკაშვილის პოლიტპატიმრის სტატუსსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა არ დაუჭირა მხარი…

სააკაშვილი უნდა იყოს ყველასთვის არა დაშორების, არამედ გაერთიანების ფაქტორი. მის გარშემო გაერთიანების შემთხვევაში, შეგვიძლია მხოლოდ ივანიშვილის დამარცხება და არა ცალ-ცალკე ბრძოლით,“ – აღნიშნა დავით ხაჯიშვილმა „ბათუმელებთან“.

  • ანა ნაცვლიშვილი: „ყველამ უნდა გავიაზროთ საკუთარი როლი და გავაკეთოთ რესტარტი“ 

ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტის წევრი „ლელოდან“ ამბობს, რომ ოპოზიციის მისამართით „კრიზისის“ ხსენებამდე რამდენიმე თვით ადრე არჩია, რომ ამომრჩეველთან სხვა ფორმატის ურთიერთობა წამოეწყო.

„ვფიქრობ, შინაარსზე უნდა გაკეთდეს მეტი აქცენტი და არა ფორმაზე… მგონია, რომ პოლიტიკური სპექტრი გართულია უფრო საკუთარი მოსაზრებების საზოგადოებისთვის მიწოდებით, ამ დროს კი, ეს პროცესი უნდა დაიწყოს საზოგადოების მოსმენით. მე ბოლო პერიოდი ნაკლებად ვჩნდები მედიაში, რადგან რამე რომ მქონდეს სათქმელი, ჯერ უნდა მოვუსმინო ხალხს ყურადღებით და სიღრმისეულად, მერე შევთავაზო გამოსავალი… პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ქცეულია კომენტატორად და მეც ვიყავი ამ ტრენდის ნაწილი,“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მას ასევე მიაჩნია, რომ გამოსავალი არის „ახალი პოლიტიკოსებიც“. „ახალი პოლიტიკოსების და სახეების უფრო მჯერა მე, პოლიტიკის სხვაგვარი აღქმაა მნიშვნელოვანი,“ – დასძინა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილის აზრით, პრობლემები ოპოზიციას აქვს, თუმცა ეს არაა კრიზისი და პირიქით, ამ პროცესის „კრიზისად“, ან „ჩიხად“ მოხსენიება „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ნაწილია, რადგან ავტოკრატიული დემოკრატიის პირობებში შეუძლებელია პოლიტიკური ოპოზიცია სადმე ძლიერ აქტორად აღიქმებოდეს.

„ეს არის ხელოვნურად კულტივირებული საკითხი „ოცნების“ მიერ… ვერ დამისახელებთ რომელიმე სხვა ავტოკრატიულ ქვეყანას, სადაც ოპოზიცია არის ძლიერად აღქმული. ავტოკრატია გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების დიდი წნეხის ქვეშ არის ყველა, ვისაც აქვს განსხვავებული, კრიტიკული აზრი და პოტენციალი. ჩვენ ვსაუბრობთ სიმსივნით დაავადებულ ორგანიზმზე, ამ დროს გულუბრყვილოა კითხვა: რატომ არ ფუნქციონირებს ფილტვი კარგად?

შინაარსობრივ თემებზე მუშაობის გარეშე ხელისუფლების ცვლილება ვერ იქნება მიღწეული,“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

თემატურად მუშაობს „ლელო“. მაგალითად, ამ პარტიას ჰქონდა „მარშალის გეგმა“ და კონკრეტული ხედვები, თუმცა ამან ვერ გაზრდა ამომრჩევლის მხარდაჭერა – წინა არჩევნები გავახსენეთ „ლელოს“ ლიდერს.

„მეტი უნდა ვიმუშაოთ, უფრო სწორად და ეფექტურად, რომ მივიმხროთ,“ – აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი და შემდეგ რამდენიმე მაგალითსაც გვისახელებს იმის დასტურად, რომ ოპოზიციის აქტივობას დღეს კონკრეტული შედეგი აქვს:

„ალტერნატივის შეთავაზება იყო, მაგალითად, ის, რომ მთელი ზაფხული ვმუშაობდით, რომ მოგვემზადებინა კონკრეტული კანონპროექტები ევროკავშირთან ასოცირების კანდიდატის სტატუსის მისაღებად რაც იყო საჭირო… ბრიუსელის პერსპექტივიდან რომ შეხედოთ ამ საკითხს, ის ითხოვს არა მხოლოდ ხელისუფლების ხედვებს, არამედ ოპოზიციისგან და ეს დავდეთ. ამ პროცესში კარგად გამოჩნდა, რა არის „ქართული ოცნება“. აქამდე არ იყო დასავლეთში კარგად სიცხადე ამ საკითხზე.

ოპოზიციის დამსახურებაა „ქართული ოცნების“ პრორუსული პოლიტიკის ლუსტრირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ყველას გადასარჩენია ეს ქვეყანა ავტოკრატიისგან და საგარეო საფრთხეებისგან, ოპოზიცია ბევრისთვის მარტივი თავშესაფარია, რომ აი, ესენი არ ვარგიან. დავუშვათ, ოპოზიცია არ ვარგა, სხვები რას აკეთებენ? შეიძლება, მთელი დღეს სჯა-ბაასი იყოს პარლამენტში, მაგრამ არაფერი არ მივიდეს აქედან საზოგადოებამდე, დღის ბოლოს კი, ერთმა პარლამენტარმა მეორეს დედა შეაგინოს და ეს გახდეს ჰედლაინი… ვიდრე ტრაგედიები არ ხდება, მნიშვნელოვანი საკითხები ვერ იკავებს ჩვენს დღის წესრიგს..,“ – გვითხრა ანა ნაცვლიშვილმა.

  • დამოუკიდებელი დეპუტატი: „უბედური კომფორტის ზონიდან გამოსვლა გვმართებს“ 

ამ გამოსავალს ხედავს არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც წლების წინ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო. არმაზ ახვლედიანი „თბილისის პოლიტიკური სკოლის“ დამფუძნებელია.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ საერთო ოპოზიციური მუხტი არ არის არც გადამდები და არც დამაჯერებელი,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს პოლიტოლოგი, რომელიც ახლა პარლამენტის წევრია. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ კომფორტის ზონიდან გამოყვანას მხოლოდ ის ოპოზიცია შეძლებს, რომელიც თავად შეელევა კომფორტს.

არმაზ ახვლედიანი

„პარტიებმა და სუბიექტებმა, რომლებიც ვთვლით, რომ მართლაც ოპოზიცია ვართ, სამწუხაროდ, ამის მტკიცებაც გვიწევს, უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და, შესაბამისად, გამოვიყვანოთ „ქართული ოცნება“. რეალურად მოხდება მაშინ მხოლოდ პოლიტიკური პროცესის გადატვირთვა და საზოგადოების დიდი ნაწილის პოლიტიკურად გამოფხიზლებაც, რომელიც დღეს ლოგიკურად გულგრილია ოპოზიციის მიმართ და იმავდროულად არც მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ არ აქვს სიმპათია.

ეს იწყება საკუთარ თავთან იმის აღიარებით, რომ რაღაც ვერ შევძელი, არ გამოვიდა, შეგეშალა. ვიღაც იმაზეც უნდა ფიქრობდეს, რომ დროა წავიდეს პოლიტიკიდან. ყველას გვმართებს ამაზე ფიქრი ადრე თუ გვიან, მაგრამ როცა ხედავ, რომ რაღაც არ გამოდის და მოძრაობის, განვითარების გზაზე პრობლემა ხდები, სჯობს, გაეცალო. ამას სჭირდება გამბედაობა და მიხვედრილობა… ვფიქრობ, ჩვენ ამის რესურსი გვაქვს.

დღეს უმთავრესი ამბავი არის არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩამოშორება, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის დაჯერება, რომ მომდევნო ხელისუფლება კოალიციური იქნება. გაკვეთილს წინა ხელისუფლებების დროს დაშვებულ შეცდომებიდან სწორად ვიაზრებთ, სწორად ვაანალიზებთ და მიღწევების შენარჩუნება შეგვიძლია. ამ სიმართლით მომართული გუნდით შეიძლება გამარჯვების მიღწევა,“ – დარწმუნებულია არმაზ ახვლედიანი.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ოპოზიციისთვის ორ აუცილებელ მოკავშირეს ასახელებს: დასავლეთი, რომელსაც ოპოზიციის სჯერა და ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციას ენდობა.

„თუ ეს სამკუთხედი შეიკრა, ეს იქნებოდა ფორმულა „ოცნების“ დამარცხების და გარანტია იმისა, რომ შემდეგი მმართველობა იქნება დემოკრატიული, სამართლიანი და სახელმწიფოს სწორ განვითარებაზე, ანუ ადამიანზე ორიენტირებული,“ – დასძინა არმაზ ახვლედიანმა.

პოლიტიკოსი შენიშნავს კიდევ ერთ ფაქტორს, რამაც მისი აზრით, გააჩინა ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ.

„ამომრჩეველმა დაინახა, როგორ არჩევნებს ატარებს „ქართული ოცნება“ 2018 წლიდან, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საზოგადოებამ დაკარგა იმედი, რომ არჩევნების გზით შეიძლება რამე შეცვალო. ეს ავტომატურად ნიშნავს, ოპოზიციის მიმართ ნდობის დაკარგვას, იმედგაცრუებას, საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაკარგა განცდა, რომ ოპოზიციის მეშვეობით შესაძლებელია „ოცნების“ არანორმალური მანქანის დამარცხება, როცა მმართველი ძალა იყენებს უხეშ ძალას, უკონტროლო ფულის დიდ მასას, ადმინისტრაციულ რესურსს, ძალოვან სისტემას და კლავ იმედს, რომ შესაძლოა, არჩევნებს ჰქონდეს აზრი,“ – შენიშნავს პოლიტიკოსი.

არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მოცემულობა ოპოზიციის ველზე „ქართულ ოცნებას“ აწყობს, მაგრამ ეს მმართველ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა.

„ოცნება“ ოცნებობს, რომ ეს სტატუსკვო შეინარჩუნოს, როცა ოპოზიცია არის დასუსტებული, დანაწევრებული და არის გაუცხოება საზოგადოებას და ოპოზიციას შორის,“ – გვიყვება არმაზ ახვლედიანი. – „რა თქმა უნდა, „ოცნებას“ და საზოგადოებას შორის უფრო დიდი ხარისხით არსებობს გაუცხოება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან კომფორტულია.

ოპოზიციის ასე დასუსტების მთავარი ფაქტორი არის „ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკა – ეს პარტია ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის გეგმის მიხედვით, რომ ოპოზიცია იყოს გახლეჩილი, სახელგატეხილი, დასუსტებული. გარკვეულწილად, ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც, მაგრამ შეუძლებელია ეს ასე გაგრძელდეს… ვგულისხმობ 2024 წლის არჩევნებს, ამ პერიოდამდე ეს მოცემულობა აუცილებლად შეიცვლება,“ – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

  • პოლიტოლოგი: „ფაქტია, ეს წესები შესაცვლელია“ 

პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის აუცილებლობაზე გვესაუბრა პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, ის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD აღმასრულებელი დირექტორია. ლევან ცუცქირიძის დაკვირვებით, ახლა ოპოზიციონერებს სამი არჩევანი აქვთ:

„ის პრიმიტიული წესები, რომ აი, სხვა ძალიან ცუდია და მე ვარ ძალიან კარგი, სხვა ტყუის და მე ვამბობ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას – ეს აღარ მუშაობს.

ოპოზიციას სამი გამოსავალი აქვს: დაელოდოს უარეს ვითარებაში როდის აღმოჩნდება, რაც ლოგიკურად არ აწყობს, მეორე ვარიანტია დაელოდოს რამე ისეთი მოხდეს მსოფლიოში, ან საქართველოში, რაც კალთაში ჩაუგდებს ძალაუფლებას, რაც, ცხადია, არ არის სწორი მიდგომა და მესამე გზაა შეცვალოს საქმის კეთების წესები, რადგან ძველი წესები აღარ მუშაობს.

მთავარი ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაა. მაგალითად, ყველაფრის უცბად შეცვლას კი არ დაჰპირდე, რისიც ამომრჩეველს აღარ სჯერა, არამედ პატარ-პატარა გამარჯვებებით დააჯერო ამომრჩეველი, რომ შენ რაღაც შეგიძლია. საქმე აღარ არის მხოლოდ ქუჩაში დადგომა და რაღაცის ერთიანად მოთხოვნა ყოველგვარი გეგმის და სტრატეგიის გარეშე,“ – მიიჩნევს ლევან ცუცქირიძე.

ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძის აზრით, ოპოზიციას დღეს კრიზისი აქვს, თუმცა ეს, ზოგადად, ქვეყანაში არსებული კრიზისის ნაწილია.

„ქართული პოლიტიკა სრულად დაიცალა პოზიტიური შინაარსისგან, მხარეებს მტრობის და შიდაპოლიტიკური ომის გარდა აღარ აინტერესებთ მნიშვნელოვანი საკითხები, რის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები. ეს კრიზისი ამ ზოგადი კრიზისის ანარეკლია.

თანაც, ოპოზიცია არ არის ერთგვაროვანი, ყველას ვერ ექნება ერთი და იგივე სტრატეგია. ზოგადად, ოპოზიციას აქვს პრობლემა, რომ მონახოს გასაღები ამ პოლიტიკურ ჩიხში. ეს გასაღები იქნება, ჩემი აზრით, ის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არიან პროდემოკრატიული ძალები, განსხვავებულად დაინახონ პრობლემები, მათ შორის, პრობლემები საკუთარ თავში, პოლიტიკის ორგანიზებაში, მიდგომებში და რადიკალური რეფორმების გზას დაადგნენ.

ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ ხედვები, მაგრამ ზოგადად ქართული პოლიტიკის სტრატეგია აქამდე თითქმის ყოველთვის იყო აწყობილი უკიდურესად პრიმიტიულ მიდგომებზე, რაც მუშაობდა: მაღალი ხარისხის კრიზისია ქვეყანაში, ან კატასტროფა, რასაც მოჰყვება მასობრივი მღელვარება და კრიზისის პიკზე უნდა მოხდეს ხელისუფლების, თუ პოლიტიკური ცვლილება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, კრიმინალური მოვლენა, არჩევნების გაყალბება, რაც აქამდე მუშაობდა და ასე ხდებოდა ძირითადი ცვლილებები. ახლა კი, საჭიროა, თანმიმდევრული, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ნდობის მოსაპოვებლად დღეს აღარაა საკმარისი მხოლოდ  იმის დანახვა, რომ აი, მთავრობამ შეცდომა დაუშვა,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

პოლიტოლოგი დასძენს, რომ თანმიმდევრულობა ყველაზე მეტად სჭირდებათ ოპოზიციაში.

„…არსებობდა „მარშალის გეგმა“, ასეთი მიდგომა ძალიან მომწონს, რადგან ეს არის აუცილებელი ნორმალური პოლიტიკისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არაა საკმარისი. არის პოლიტიკური ორგანიზების საკითხები, ამას სჭირდება რუტინული შესწავლა, კვლევა და მომავლის დაგეგმვა, ცოტა გრძელვადიანი, ვიდრე ქართულ პოლიტიკას შეეძლო აქამდე. აქამდე არჩევნები როცა მოადგებოდათ კარს, შემდეგ იწყებდნენ აქტივობას, ამ დროს მთელი სახელმწიფო აპარატი და კაპიტალია მომართული შენს წინააღმდეგ.

თანმიმდევრული პარტიული მუშაობის კუთხით არის განსაკუთრებით დაბალი კომპეტენცია და ესაა ძირითადი პრობლემა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების. ჩვენთან ხშირად ელიან, რომ ვინმე გამოჩნდება, ან რაღაც მოხდება. არ უნდა ველოდეთ ვინმეს გამოჩენას, ან რამე განსაკუთრებულს. არჩევნებისთვის მომზადებაა საჭირო სხვაგვარად და ამომრჩეველთან ურთიერთობა ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების ნაცვლად.

პირველ რიგში, ამისთვის დეცენტრალიზებული და ლოკალიზებული მუშაობაა საჭირო,“ – გვითხრა პოლიტოლოგმა ლევან ცუცქირიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: