„ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა უკრაინაზე გამოიწვევს პასუხს, რომელიც არ იქნება ბირთვული, მაგრამ იქნება იმდენად ძლიერი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა მოსკოვი დასავლეთის საპასუხო რეაქციაზე დღეს, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში „დიპლომატიური აკადემიის“ გახსნის ცერემონიაზე გააფრთხილა. ინფორმაციას AFP News Agency ავრცელებს.
ბორელის თქმით, „პუტინი ამბობს, რომ არ ბლეფაობს. გასაგებია, ის თავს ბლეფაობის უფლებას ვერ მისცემს. ასევე ცხადი უნდა იყოს, რომ არც ის ხალხი ბლეფაობს, ვინც უკრაინას უჭერს მხარს – ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, აშშ და ნატო“.
გარდიანის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „მძიმე შედეგების“ წინაშე დადგება, თუ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ თავდასხმას დაიწყებს.
მიუხედავად ამისა, ნატო-ს ბირთვული მუქარა არ გამოუხატავს, რამდენადაც ნატო-ს არაწევრ უკრაინას არ ეხება ალიანსის თავდაცვის მუხლი.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ [ნატო] დეტალურად არ დაასახელებს, კონკრეტულად როგორ უპასუხებს [რუსეთს], თუმცა ეს ფუნდამენტურად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას. მისივე თქმით, „შედარებით მცირე ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი ძალიან სერიოზული რამე იქნება“.