უკრაინელთა შეტევები კვლავაც სერიოზულ ზეწოლას ახდენს რუსეთის ძალებზე როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთში, ისე ხერსონის ოლქში, სამხრეთში. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავაც პრიორიტეტს ანიჭებს თავის შეტევით ოპერაციას დონბასის ცენტრალურ სექტორში, განსაკუთრებით კი ქალაქ ბახმუტთან – ასეთია ვითარება ფრონტზე დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით.
„გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დაახლოებით 2 კილომეტრით წაიწიეს წინ ქალაქისკენ ორი მიმართულებით და მიუახლოვდნენ ბახმუტს, რომელიც საარტილერიო თავდასხმებმა უკვე ისედაც ძალიან დააზარალა,“ – წერს უწყება 10 ოქტომბრის რელიზში და იმის ახსნას ცდილობს, რატომ განაგრძობს რუსეთის არმია ჯიუტად ბახმუტთან ოპერაციას, იმ ფონზე, როდესაც ორ ძირითად მიმართულებაზე მის ძალებს სერიოზული საფრთხე ემუქრებათ.
დაზვერვის ინფორმაციით, ბახმუტთან ბრძოლებში, სავარაუდოდ, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ნაწილები და ის სამხედროები მონაწილეობენ, რომლებიც ცოტა ხნის წინ რუსეთის ციხეებიდან გამოიყვანეს.
„რუსეთის მცდელობა, ჯიუტად განაგრძოს შეტევა ბახმუტში იმ ფონზე, როდესაც მის ოპერაციულ ფლანგებს სერიოზული საფრთხე ემუქრება, მიუთითებს იმპერატივზე, მიაღწიონ გარკვეულ ოპერაციულ წარმატებას და ასევე ხაზს უსვამს მოუქნელ ოპერაციულ გეგმას, რომელიც ძირს უთხრის რუსეთის მთავარ სტრატეგიას,“ – ასკვნის უწყება.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში, აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) მიუთითებდა, რომ რუსეთის სამხედრო კამპანიის მონაწილეებში ერთიანობა დარღვეულია და სამხედრო მეთაურობის კრიტიკა იმატებს. ერთ, ომის მომხრეთა ჯგუფს ქმნიან „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რომლებიც საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად ცდილობენ, დონბასში გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიონ.