მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტური აბორტის შესახებ – ექიმის რჩევები

03.10.2022 • 12772
რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტური აბორტის შესახებ – ექიმის რჩევები

მედიკამენტური აბორტი ორსულობის შეწყვეტის ნაკლებად ინვაზიური მეთოდია, როცა კონკრეტული მედიკამენტების მიღების საშუალებით ორსულობის შეწყვეტას არ სჭირდება ოპერაცია ან ანესთეზია.

თუ ადრე მედიკამენტური აბორტი მხოლოდ ამბულატორიაში ტარდებოდა, ახლა მედიკამენტის მიღება ბინაზეც არის შესაძლებელი, მაგრამ აუცილებლად შესაბამისი გამოკვლევებისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. „ეს იმიტომ, რომ ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობის დროს მედიკამენტური აბორტის ჩატარება საფრთხისშემცველია“ – ამბობს ბათუმის სამედიცინო ცენტრის სამშობიარო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი ვაჟა ცირეკიძე.

  • ბატონო ვაჟა, რა არის მედიკამენტური აბორტი, როდის ტარდება ის?

აბორტი არის პროცედურა, როდესაც საშვილოსნოს ღრუში ჩასახული ემბრიონი ან ნაყოფი გამოძევდება ამა თუ იმ გზით საშვილოსნოს ღრუდან. აბორტი შეიძლება იყოს მედიკამენტური და ქირურგიული და შეიძლება ჩატარდეს ქალის უშუალო მოთხოვნით, ასევე სამედიცინო ან სხვა ჩვენებით. 

უშუალოდ მედიკამენტურ აბორტს რაც შეეხება, მას აქვს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები, გარკვეული ვადა და გარკვეული წინაპირობები.

მედიკამენტური აბორტი უმჯობესია ჩატარდეს ორსულობის 7 კვირამდე, კარგი იქნება, თუ 10 კვირას არ გადავაცილებთ, ასეთია რეკომენდაცია. 12 კვირის შემდეგ აბორტი ნებადართული არ არის, გარდა სამედიცინო ან სხვა ჩვენებების შემთხვევებისა.

[ნებისმიერი მეთოდით] ხელოვნური აბორტის ჩატარებამდე, მიღებული წესის მიხედვით, აუცილებელია  ქალთან წინასწარი გასაუბრება, რა დროსაც მას მიეწოდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის აბორტი, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას, როდის უნდა მიმართოს ექიმს. ასევე ქალს მიეწოდება ინფორმაცია  კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ. ასევე, აუცილებელია წინასწარი გამოკვლევების ჩატარება.

ყველა ქალს 12 კვირამდე ორსულობით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეძლევა 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა, თუ ორსულობა 12 კვირას არის მიახლოებული, მაშინ მოსაფიქრებლად ეძლევა მინიმალური ვადა – 3 დღე.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი გადაიფიქრებს აბორტის გაკეთებას, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენთან ან სხვაგან დავაყენოთ ის აღრიცხვაზე, რათა გააგრძელოს მეთვალყურეობა ქალთა კონსულტაციაში. მაგრამ თუ მოსაფიქრებელი ვადის შემდეგ ქალი მიიღებს აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას, დავიბარებთ მას კონკრეტულ დღეს, გავესაუბრებით კიდევ ერთხელ, შემდეგ კი უკვე ვიწყებთ მედიკამენტური აბორტის წარმოებას.

  • რა გამოკვლევები ტარდება მედიკამენტური აბორტის ჩატარებამდე?

მაგალითად, სავალდებულოა სისხლის საერთო ანალიზით ჰემოგლობინის შესწავლა, ასევე საშვილოსნოს ექოსკოპია.

საქმე ის არის, რომ მედიკამენტური აბორტის ჩატარება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ქალს არ აქვს გარკვეული უკუჩვენებები, კერძოდ, თუ არ აქვს ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი. ეს იმიტომ, რომ მედიკამენტურ აბორტს ახასიათებს სისხლის მეტი დანაკარგი, ვიდრე, მაგალითად, ქირურგიულ აბორტს. შესაბამისად, თუ ჰემოგლობინი დაბალი აქვს პაციენტს, მას მედიკამენტურის ნაცვლად ვთავაზობთ ქირურგიულ აბორტს. 

  • სხვა რა უკუჩვენებები არსებობს მედიკამენტური აბორტისთვის?

მედიკამენტურ აბორტს კონკრეტულად გამოხატული უკუჩვენებები არ ახასიათებს, გარდა ანემიისა.

გამოკითხვისას ფასდება პაციენტის მდგომარეობა, თუ მას აქვს ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობა, იგი იგზავნება შესაბამის სპეციალისტთან. მაგალითად, თუ აქვს კრუნჩხვები, გულსისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების ან თირკმლების გართულებები, მას ვამისამართებთ სპეციალისტებთან, რომელთა რეკომენდაციებსაც ჩვენ ვითვალისწინებთ.

  • რამდენად ეფექტურია აბორტის ეს მეთოდი?

კვლევებით დადგინდა, რომ მსოფლიოში 2-დან 8 პროცენტის შემთხვევაში მედიკამენტური აბორტი არ არის ეფექტური.

ეს არ არის არც ქალის, არც ექიმის და არც წამლის ბრალი. ასეთ შემთხვევაში,  ორი კვირის შემდეგ ისევ ვიბარებთ პაციენტს და თუ აბორტი არ არის ბოლომდე დასრულებული, ვთავაზობთ მის დასრულებას ქირურგიული წესით – ე.წ. ნარჩენების ვაკუუმ ასპირაციის გზით. მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა გაგრძელებულა ორსულობა ცოცხალი ნაყოფით და უკვე გადაწყვეტილების მისაღებად ხელახალი გასაუბრება გამხდარა საჭირო.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მედიკამენტურ აბორტს ექიმთან კონსულტაციის გარეშე?

მაგალითად, ამ მედიკამენტების მიღება ექოსკოპიური გამოკვლევის გარეშე არ შეიძლება, იმიტომ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა იყო საშვილოსნოსგარე ორსულობა, მიუღიათ ეს პრეპარატი და მოსულან შემდეგ სავალალო მდგომარეობაში; ასევე, როცა ამ მედიკამენტებს იღებენ  ექიმთან კონსულტაციის და რეკომენდაციის გარეშე, ზოგჯერ ვითარდება მასიური სისხლდენა, მოსულან ასეთი პაციენტები მკვეთრი ანემიით, დასჭირვებიათ სისხლის გადასხმა და ხანგრძლივად ყოფნა სტაციონარში. 

ექიმის კონსულტაციები საჭიროა აბორტის ჩატარების შემდგომაც, რადგან როგორც ქირურგიული, ისე მედიკამენტური აბორტის შემთხვევაში შესაძლებელია  ქრონიკული ანთებითი პროცესების გამწვავება, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ტემპერატურული რეაქცია, გამწვავდეს მცირე მენჯის ორგანოების სხვა დაავადებები, განვითარდეს საკვერცხეების სხვადასხვა ტიპის ანთება. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პაციენტთან, რომელთანაც გამომჟღავნდება მსგავსი სიმპტომები – ვიბარებთ, ვიკვლევთ, ვმკურნალობთ.

Mayoclinic: პროცედურის შემდეგ თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი სისხლდენა [1 საათში ავსებს ორ ან მეტ საფენს, ორი საათის განმავლობაში], მუცლის ან ზურგის ძლიერი ტკივილი; ცხელება, რომელიც გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს; უსიამოვნო სუნის მქონე ვაგინალური გამონადენი – ეს შესაძლოა მიანიშნებდეს იმას, რომ პაციენტს სჭირდება სამედიცინო დახმარება. მედიკამენტის მიღებამდე თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი გაცნობებთ, რა დოზის ტკივილს და სისხლდენას უნდა ელოდოთ, თქვენი ორსულობის ვადიდან გამომდინარე.

  • რა ხდება მედიკამენტური აბორტის ჩატარების შემდეგ?

პაციენტი აუცილებლად უნდა მივიდეს აბორტის ჩატარებიდან 2 კვირის შემდეგ ექიმთან. ამ დროს ტარდება საშვილოსნოს ექოსკოპიური  ხელახალი გამოკვლევა, [სისხლის] დანაკარგის შემთხვევაში ფასდება ჰემოგლობინის დონე და პაციენტს ეძლევა შესაბამისი დანიშნულება. 

წესით, ახალ მენსტრუაციას ქალი ელოდება ამ პროცესიდან 6 კვირის განმავლობაში. [4-დან 6 კვირის შემდეგ] თუ მენსტრუაცია არ მოვა, იქნება არასრულფასოვანი, ან ექნება ხშირი გამონადენი, პაციენტი  კვლავ მიდის კლინიკაში და ხდება ხელახალი შესწავლა.

  • რა ჯდება მედიკამენტური აბორტის ჩატარება კლინიკაში?

გააჩნია კლინიკას, ეს უფრო შიდა სტანდარტის საკითხია, მისი ფასი დაახლოებით 160 ლარია, თუმცა შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა გამოკვლევის ხარჯი და ამის გათვალისწინებით 200-მდე ლარი დაჯდეს.

______________________

MayoClinic: მედიკამენტური აბორტის უკუჩვენებები, ანუ რა დროს არ შეიძლება მისი ჩატარება:

  • ამჟამად გაქვთ ჩადგმული სპირალი;
  • გაქვთ ან ეჭვობთ რომ გაქვთ საშვილოსნოს გარე ორსულობა;
  • გაქვთ გარკვეული სამედიცინო ჩვენება, გულის ან სისხლძარღვების გარკვეული დაავადებები, ღვიძლის, თირკმლის ან ფილტვის მძიმე დაავადება, ან უკონტროლო კრუნჩხვითი აშლილობა;
  • მკურნალობთ სისხლის გამათხელებელი ან გარკვეული სტეროიდული მედიკამენტებით;
  • ვერ განახორციელებთ შემდგომ ვიზიტებს თქვენს პროვაიდერთან ან არ გაქვთ წვდომა სასწრაფო დახმარებაზე;
  • გაქვთ ალერგია პრეპარატებზე, რომლებიც გამოიყენება აბორტისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: