მთავარი,სიახლეები

ეუთოს მისიის ორ წევრს ლუგანსკში 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

19.09.2022 • 1027
ეუთოს მისიის ორ წევრს ლუგანსკში 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა უკრაინაში ეუთოს სპეციალური მისიის ორ წევრს, დმიტრო შაბანოვს და მაქსიმ პეტროვს. მათ ბრალად „სახელმწიფოს ღალატი“ ედებათ.

შაბანოვი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) უსაფრთხოების ასისტენტია, პეტროვი კი თარჯიმანი – ორივე მათგანი ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში აპრილის შუა რიცხვებში დააკავეს. ზაფხულში პროკურატურამ მათ უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდება წაუყენა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურა აცხადებდა, რომ ისინი გადაიბირა უკრაინაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელმა, რომელიც მანამდე უკრაინის უშიშროებაში მუშაობდა, რის შემდეგაც ეუთოს მისიის წევრებმა „აშშ-ში სპეციალური მომზადება გაიარეს“ და 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით აგროვებდნენ „ინფორმაციას სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების, ასევე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის პირადი შემადგენლობის გადაადგილების შესახებ“.

მისია, რომელშიც დაკავებულები მუშაობდნენ 2014 წელს ჩამოყალიბდა და მისი მიზანი ამ წელს დაწყებული კონფლიქტის მონიტორინგი იყო.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, მისიამ მუშაობა წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეწყვიტა, მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის წევრები დაკავების მომენტში ოფიციალურ მოვალეობას ასრულებდნენ.

ეუთო დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ზაფხულში დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ბრალი წარუდგინა უცხოეთის ხუთ მოქალაქეს – მათიას გუსტავსონს, შვედეთიდან, ვეკოსლავ პრებეგს, ხორვატიიდან და სამ ბრიტანელს – ჯონ ჰარდინგს, ენდრიუ ჰილსა და დილან ჰილის.

მათ ბრალად ედებათ: „ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით სწავლების გავლა, შეიარაღებულ კონფლიქტში და საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებულ მებრძოლებად მონაწილეობა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საკონსტიტუციო წყობის დამხობის მცდელობა“.

სამ დაკავებულს – გუსტავსონს, ჰარდინგსა და პრებეგს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა უკვე მიუსაჯეს ორ ბრიტანელს, 28 წლის ეიდენ ასლინსა და 48 წლის შონ პინერს. მათთან ერთად 9 ივნისს გაასამართლეს და ასევე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 21 წლის მაროკოელ საადუნ ბრაჰიმს.

მთავარ ფოტოზე: დმიტრო შაბანოვი და მაქსიმ პეტროვი სასამართლო პროცესზე/ფოტო: ლუგანსკის საინფორმაციო ცენტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: