მთავარი,სიახლეები

რა იყიდა 4 შვილის დედამ სასკოლოდ – „მეშინია, მე უწამლოდ არ დავრჩე, ბავშვები უყველაფროდ“

15.09.2022 •
რა იყიდა 4 შვილის დედამ სასკოლოდ – „მეშინია, მე უწამლოდ არ დავრჩე, ბავშვები უყველაფროდ“

დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. როგორ მოემზადა სკოლისთვის მრავალშვილიანი ოჯახი? – ეს 44 წლის ფატი მუთიძეს ვკითხეთ, რომელიც ოჯახთან ერთად ხულოს სოფელ წაბლანაში ცხოვრობს.

ფატი 4 შვილის დედაა. ოთხივე მათგანი სწავლობს სკოლაში. ფატის უფროსი შვილი 15, მომდევნო შვილები კი – 10, 9 და 8 წლისები არიან.

ფატის თქმით, ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, შვილებს ყველა სასკოლო ნივთი ერთდროულად უყიდოს, ამიტომ ყოველ წელს მონაცვლეობით ყიდულობენ ხოლმე.

„ოჯახში არ არის იმდენი საშუალება, რომ 4 ბავშვს მივხედო, ჩავაცვა. ყოველთვის გინდა, შენ შვილებს ყველაფერი ჰქონდეთ, მაგრამ არ არის შემოსავალი, გვიჭირს. მე თვითონ წამალზე ვარ დამოკიდებული, თრომბი მაქვს.

ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია – 7 წევრი ვართ. მე და მეუღლე 4 შვილით და ბაბუა. გვაქვს ბაბუას პენსიაც, მაგრამ ეს ფული მას თავად რომ მოახმარო, არ ჰყოფნის. მძიმე ოპერაციები აქვს გადატანილი, ყოველთვის წამლები სჭირდება“, – გვეუბნება ფატი.

ფატის თქმით, ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო რძის ნაწარმის გაყიდვაა: „ვყიდით ყველს, კარაქს. შემოსავალი ყანიდან არ გვაქვს. წყალი ჩვენს ადგილებში პრობლემაა და წყალი რომ არ არის, მოსავალიც ვერ მოგვყავს. უფრო მესაქონლეობას ვეწევით და ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყაროც ესაა, რძის ნაწარმი“.

ფატიმ რძის ნაწარმი უკვე გაყიდა და ისე უყიდა შვილებს სასკოლო ნივთები, ასევე ტანსაცმელი. ამბობს, რომ სკოლამდე ერთი თვით ადრე იწყებენ რძის ნაწარმის რეალიზებას, ბავშვების სასკოლოდ მომზადება რომ მოასწროს.

პირუტყვს ფატი მარტო არ უვლის, ამ საქმეში ქმარი ეხმარება: „ჯანმრთელობა არც მას აქვს, მაგრამ ჩვენთან შედარებით მას უფრო შეუძლია [მუშაობა]. ისიც რომ არ ჰყავდეთ ჩემ შვილებს, არ ვიცი რა გვეშველებოდა. მე და ჩემი ქმარი ყოველთვის იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენი შვილები კარგად იყვნენ, ისწავლონ, ტანსაცმელი ჰქონდეთ, სხვების ნუ შეშურდებათ“.

როგორც ფატი გვიყვება, ბოლო ორი წელია უჭირს სიარული და არც ფეხზე დგომა შეუძლია დიდხანს. გვიყვება, რომ საოჯახო თუ სამეურნეო საქმეებში ბავშვებიც არიან ჩართულები გარდა ყველაზე პატარისა, რომელიც 8 წლისაა: – „ყველაზე რთულია, როცა ხედავ, რომ საქმეა გასაკეთებელია და ჯანმრთელობა არ გიწყობს ხელს – ელოდები შვილს, ქმარს, გვერდით რომ დაგიდგნენ“.

ფატიმ იცის, რომ ბათუმში უფრო დიდი არჩევანია ტანსაცმელსა და სხვა ნივთებზე, მაგრამ ოთხივე შვილი ქალაქში რომ წაიყვანოს საყიდლებზე, ძალიან დიდი ხარჯია, ამიტომ სკოლისთვის მოსამზადებლად ხულოში წასვლას ამჯობინებს.

„ხულოში საყიდლებზე ოთხივე შვილი ვერ წავიყვანე: 2 წავიყვანე, 2 სახლში დავტოვე, გზის ხარჯს, წასვლა-მოსვლას… იმდენი შემოსავალი არ გვაქვს, რომ [საყიდლებზე] ოთხივე შვილის წაყვანა შევძლოთ – საჭმელი უნდათ, სასმელი, ამ ყველაფერს ანგარიშობს ოჯახი. დღეს შესაძლოა მქონდეს [ფული] დავხარჯო, მაგრამ ხვალ აღარ მექნება და ამაზეც ვფიქრობ.

როცა პირველად მიდის ბავშვი [სკოლაში] ვყიდულობ ერთ ზედას, ერთ შარვალს, ერთ ბოტასს. ვუყიდე კალამი, რვეული, ჩანთები. შემოდგომაზე ვყიდულობ თბილ ტანსაცმელს, ყველაფერს თითოს, როგორც ახლა ვუყიდე. მერე ზამთარი მოვა – ისევ თბილ ტანსაცმელს.

ვფიქრობდი, რომ უფრო იაფად ვუყიდდი ბავშვებს ტანსაცმელ-ფეხსაცმელს, მაგრამ ასე არ გამოვიდა. 300-350 ლარი მაინც დავხარჯეთ. ცხადია, ვცდილობთ ძვირიან ნივთებს არ გამოვეკიდოთ და ყველაფერი იაფიანი ვიყიდოთ.

ორი შვილი ტყუპებივით მყავს, ერთნაირად იცვამენ, განსხვავებული არ უნდათ არც ჩასაცმელი, არც ტანსაცმელი, არც ჩანთა და ან რამე სხვა. ჩანთის ყიდვა ერთისთვის მოვახერხე, მეორისთვის ვერა“, – გვითხრა ფატიმ.

ფატის თქმით, ხშირად რასაც ის არჩევს, ბავშვებს არ მოსწონთ – ისეთ ნივთებს ირჩევენ, რაც შედარებით ძვირი ღირსო. გარდა ამისა, ქალის თქმით, იაფი ნივთები ბავშვებს მალე უფუჭდებათ და ძალიან წუხს ამაზე, მაგრამ უკეთესი ხარისხის ნივთების შეძენის არავითარი შანსი არ აქვთ: – „სულ იმას ვშიშობ, წამლის ფული რომ არ დამრჩეს? მეშინია, მე უწამლოდ არ დავრჩე, ბავშვები სულ უყველაფროდ“.

სკოლის პირველ დღეს ბავშვებს ფატი ან მამა აცილებს. ფატი ამბობს, რომ ბავშვებს ბევრი რამ სკოლის დაწყების შემდეგაც სჭირდებათ, მაგალითად ფლომასტერები, სახატავი რვეულები, ფანქრები და სკოლიდან სახლში დაბრუნებული შვილებიც ხშირად ეუბნებიან დედას ახალი ნივთები რომ სჭირდებათ. როგორც ფატი გვიყვება, შესაძლოა მაშინვე ვერ მოახერხოს ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილება, თუმცა მაქსიმალურად ცდილობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: