მთავარი,სიახლეები

აფრიკაში ჩავიდა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი

30.08.2022
აფრიკაში ჩავიდა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი

აფრიკაში, ჯიბუტის პორტში, შევიდა ლიბანური დროშის ქვეშ მცურავი, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი.

ეს უკრაინული მარცვლეულის პირველი პარტიაა აფრიკაში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის, 24 თებერვლის შემდეგ.

ტრანსპორტირებას შავი ზღვიდან ჯიბუტამდე 2 კვირა დასჭირდა.

„ბიბისი“ წერს, რომ დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება ხორბლის შეფუთვას და ტრანსპორტირებას ეთიოპიაში, სადაც 20 მილიონ ადამიანს სჭირდება სურსათით დახმარება, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე გაეროს სასურსათო პროგრამა სასურსათო დახმარების სამი მეოთხედს უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიქმნა მარცვლეულის კრიზისი. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უკრაინის შავი ზღვის პორტებს ვერ ტოვებდნენ მარცვლეულით დატვირთული გემები, რამაც გამოიწვია კრიზისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სიტუაციას ართულებს საზღვაო ნაღმების არსებობა და უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქებში მიმდინარე ბრძოლები.

საბოლოოდ, გაეროს ჩართულობით, შეიქმნა ე.წ. მარცვლეულის კორიდორი. თურქეთში გაიხსნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გასაკონტროლებლად.

შეთანხმების თანახმად, იგეგმება შავი ზღვის უკრაინის სამი პორტიდან (ოდესა, ჩორნომორსკი, იუჟნი) მარცვლეულის ექსპორტში ჩართული გემების შემოწმება. ცენტრის მიზანია, უზრუნველყოს უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის ტრანსპორტირება და განაწილება. გემების მოძრაობას მონიტორინგს და მთელ პროცესს კოორდინაციას უწევს გაერო და შეთანხმების მონაწილე მხარეები – უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: