მთავარი,სიახლეები

„როგორც ჩანს, სააღლუმო ეგზემპლარია“ – უკრაინელი ოფიცერი, რომელმაც რუსული T 80 ჩაიგდო ხელში

29.08.2022 • 16325
„როგორც ჩანს, სააღლუმო ეგზემპლარია“ – უკრაინელი ოფიცერი, რომელმაც რუსული T 80 ჩაიგდო ხელში

95-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც საზოგადოებას თავიანთ სამხედრო ნადავლს, რუსულ ტანკ Т-80-ს ათვალიერებინებენ.

„ეგრევე თვალში მოსახვედრია, რომ სავალ ნაწილზე და ჯავშანზე თეთრი საღებავი უსვია. როგორც მერე გაირკვა, გარბენიც თითქმის არ აქვს, არადა, თვითონ მანქანა ახალი არაა. ასე რომ, როგორც ჩანს, საჩვენებელი სააღლუმო ეგზემპლარია,“ – ამბობს ვიდეოში ოფიცერი იური კოვაჩენკო.

მისი თქმით, ასეთი ტანკის ფრონტზე გამოყვანა მიუთითებს, რომ რუსებმა უკვე „ყველაფერი ამოთხარეს, რისი ამოთხრაც შეიძლება და რაც დადის“.

„ახლა ეს ტანკი რუს ოკუპანტებს დაარტყამს და თუკი აღლუმშიც მიიღებს მონაწილეობს, ეს მხოლოდ უკრაინის გამარჯვების აღლუმი იქნება,“ – დასძენს უკრაინელი ოფიცერი.

T 80  საბჭოთა კავშირმა პირველად 1976 წელს გამოუშვა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მისი წარმოება რუსეთში გაგრძელდა. ის რუსეთის შეიარაღებაში ერთ-ერთი ძირითადი საბრძოლო ტანკია და დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ღირს. T 80 ბოლოს 2001 წელს ომსკში გამოუშვეს.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, მანამდე 79-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის არტილერიის დანაყოფის მებრძოლებმა განაცხადეს, რომ ხელში ჩაიგდეს რუსების თვითმავალი საარტილერიო დანადგარი 2C9 „ნონა“ და მას ახლა მტრის წინააღმდეგ იყენებენ.

მთავარ ფოტოზე: რუსული T 80, კადრი ვიდეოდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: