მთავარი,სიახლეები

საქართველოს სამაშველო ვერტმფრენები არ აქვს

29.08.2022
საქართველოს სამაშველო ვერტმფრენები არ აქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ბათუმელებმა“ 9 აგვისტოს ჰკითხა, აქვს თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო ვერტმფრენები?

როგორც სამინისტროში გვიპასუხეს, ამ ეტაპზე უწყებას არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი არ აქვს. „სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არ ირიცხება სამაშველო ვერტმფრენები“, – მოგვწერა შს სამინისტრომ.

უწყების განცხადებით, ხანძრის ჩაქრობის დროს ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას ისინი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს იძახებენ.

„წყალზე, მთაში და სასიმაღლო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას შესასრულებელი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, ფასდება ვერტმფრენის გამოყენების შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში, ხდება მისი გამოძახება. ასეთ შემთხვევაში, სამაშველო სამუშაოებში ერთვება სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ვერტმფრენი“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

უწყების განმარტებით, 29 ივლისს საავიაციო ინციდენტში მონაწილე ვერტმფრენიც, რომლის ჩამოვარდნასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე ირიცხებოდა.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადაში სამაშველო ოპერაციებისთვის „პუმას“ ტიპის, ფრანგული წარმოების 2 ძვირადღირებული ვერტმფრენი შეიძინა სახელმწიფომ, რომლებიც საგანგებო სიტუაციების დროს არსად ფიგურირებს.

სამინისტროს ამ ვერტმფრენების შესახებაც ვკითხეთ, თუ რომელი უწყების ბალანსზეა ვერტმფრენები, არის თუ არა გამართული, ხომ არ გაუყიდია სახელმწიფოს და თუ გაყიდა, რატომ არ მოხმარდა შემოსული თანხა სხვა სამაშველო ვერტმფრენების შეძენას?

სამინისტროდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ „პუმას“ ტიპის ფრანგული წარმოების ორი ვერტმფრენი ირიცხება სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე.

სხვა კითხვებზე სამინისტრომ არ გვიპასუხა.

საქართველო, მისი ბუნებრივი რელიეფიდან გამომდინარე, მთიანი ქვეყანაა და უცხოელი ტურისტებიც ყველაზე ხშირად სწორედ მთიანი ადგილებით ინტერესდებიან. თითქმის ყოველ წელს ათეულობით შეტყობინება შედის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე – მთებში თუ სხვა მიუვალ ადგილებში ჩარჩენილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

მაგალითად, 2018 წლის ივლისში თეთნულდზე ორი უკრაინელი მთამსვლელი დაიკარგა. მაშველებმა მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, რადგან დაშავებულ ტურისტთან უამინდობის მიზეზით ვერტმფრენი დროულად ვერ მიფრინდა. ამ შემთხვევაშიც სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.

მომდევნო, 2019 წელს, ასევე თეთნულდზე დაიღუპა ორი უცხოელი ტურისტი. სპეციალიზებული სამაშველო ჯგუფი კი ხილვადობის შეზღუდვის გამო სამაშველო ოპერაციაში დროულად ვერ ჩაერთო. ოპერაციაში ამ შემთხვევაშიც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა.

რატომ იყენებს შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს სამაშველო ოპერაციების დროს და არა, ვთქვათ, „პუმას“ ტიპის ვერტმფრენებს, ამ კითხვაზე სამინისტრო არაფერს ამბობს.

დღეს, 29 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „[ვახტანგ] გომელაურის უწყება [შსს] მუშაობს 3 ახალი ვერტმფრენის შეძენაზე, იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული“.

ღარიბაშვილმა ამავე სხდომაზე დღეს ახსენა „პუმას“ ტიპის ვერტმფრენებიც, რომლებიც, მისი თქმით, „ფუფუნებისთვის“ არის განკუთვნილი. „ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავის არ ესარგებლა“, – ამბობს ღარიბაშვილი. მისი თქმით, „პუმას“ ტიპის ვერტმფრენი არ არის გათვალისწინებული სამაშველო ოპერაციებისთვის, „ეს არის ტყუილი“, – ამბობს ღარიბაშვილი. პრემიერის თქმით, ამ ვერტმფრენებს აღნიშნულ ქარხანას უკან გადასცემენ და სანაცვლოდ 3 ახალ ვერტმფრენს იყიდის სახელმწიფო.

რამდენიმე დღეა ბორჯომში ტყე იწვის, ცეცხლის ლოკალიზება მას შემდეგ მოხერხდა, რაც სამაშველო ოპერაციაში თურქული ვერტმფრენები ჩაერთო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: