მთავარი,სიახლეები

ოდესაში სასამართლომ კაცს წიგნების წაკითხვა დაავალდებულა

28.08.2022
ოდესაში სასამართლომ კაცს წიგნების წაკითხვა დაავალდებულა

ოდესის სასამართლომ კონსტიტუციური წესრიგის დამხობისკენ მოწოდებაში მსჯავრდებულ კაცს ორი ისტორიული წიგნის წაკითხვა დაავალდებულა.

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა hromadske წერს სასამართლო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

სასამართლომ დაადგინა, რომ კაცი უკრაინაში აკრძალულ რუსულ სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკში“ ავრცელებდა მოწოდებებს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივ დამხობაზე, უკრაინის ტერიტორიის საზღვრების შეცვლასა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა საბოლოოდ 3-წლიანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. ასევე, სასამართლომ კაცს დაავალდებულა წაიკითხოს წიგნები: სერგი პლოხის „ევროპის კარიბჭე. უკრაინის ისტორია სკვითების ომებიდან დამოუკიდებლობამდე“ და რომან ივანიჩუკის ისტორიული რომანი „ურდო“.

უკრაინული გამოცემა წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოდესაში წიგნის წაკითხვას ავალდებულებენ ბრალდებულს: 2022 წლის იანვარში ოდესის სასამართლომ კაცს, რომელმაც უცნობს სახეში გაარტყა, რეკომენდაცია მისცა, წაეკითხა ელინორ პორტერის საბავშვო რომანი „პოლიანა“ – უფრო მეგობრული რომ გამხდარიყო სხვა ადამიანების მიმართ.

ხოლო 2021 წლის ოქტომბერში ოდესის რაიონულმა სასამართლომ 19 და 23 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ქურდობაში იყვნენ ბრალდებულები, 3 წელი მიუსაჯა ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით და ასევე, დაავალდებულა, წაეკითხათ მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”, ჯეკ ლონდონის “თეთრი ეშვი” და ტარას შევჩენკოს ლექსები.

მაშინ სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები სრულწლოვნები იყვნენ, მათ არ ახსოვდათ სკოლის ლიტერატურა და „ფაქტობრივად, ისინი მაინც ბავშვები იყვნენ განვითარების თვალსაზრისით“. ეს სასამართლოში გამოვლინდა მათი მწირი ლექსიკით, ხოლო ქურდობისას დაუდევრობით – დანაშაულის ჩადენისას მათ თან ჰქონდათ საკუთარი საბუთები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: