ბათუმში გმირთა ხეივანში და მის გაგრძელებაზე, ბაგრატიონის ქუჩამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო ხეივნები რამდენიმე თვეა გადაკეტილია.
სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს. ფონდის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში უნდა დაასრულოს.

ეს სამუშაოები თითქმის დასრულებულია გმირთა ხეივნის ერთ მონაკვეთზე [ფიროსმანისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთი], სადაც ახალ ხე-მცენარეებს უკვე რგავენ:


გმირთა ხეივნიდან არდაგანის ტბაზე გადასასვლელი ხიდებიც უნდა მოეწყოს [ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარედ], თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხიდების მშენებლობაზე ცალკე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.


ტენდერი ფონდს 679 193 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ვრცლად ნახეთ ბმულზე:
კიდევ ერთ საფეხმავლო ხიდს აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში ააშენებენ. ხიდი, ესკიზის მიხედვით, რკინის თაღში გაივლის და ის „საბა კონსტრაქშენმა“ უნდა ააშენოს. „ბათუმელები“ კომპანიას ვერ დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს ამ საფეხმავლო ხიდის მშენებლობა.


