მთავარი,სიახლეები

„სოფლელები“ და „ტყიდან გამოსულები“ – ინცინდენტი „მხიარულ ჩემპიონატზე“

18.04.2016
„სოფლელები“ და „ტყიდან გამოსულები“ – ინცინდენტი „მხიარულ ჩემპიონატზე“

„მხიალური ჩემპიონატის“ მონაწილე მახუნცეთის საჯარო სკოლის გუნდი, ჟიურის ერთ-ერთ წევრს  მათი გუნდის წევრების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ჟიურის კი მიკერძოებაში.

სკოლის პედაგოგი სულიკო ღოღობერიძე, რომელიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდა ჩემპიონატში, ამბობს, რომ  ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ნანა ბარამიძემ მათ  გუნდს „სოფლელები“ უწოდა.

„წინასწარი შედეგებით ჩვენი სკოლა ლიდერობდა, თუმცა ბოლოს მესამე ადგილზე დაასახელეს. არაობიექტური იყო, ალბათ სხვა სკოლის გამარჯვება უნდოდათ. ჩვენ შედეგები  გავაპროტესტეთ. ამის გამო გაბრაზდნენ და „სოფლელები“ გვიძახეს. ჟიურის წევრმა ნანა ბარამიძემ თავმჯდომარეს სწორედ ასე უთხრა – „რას მომიყარეთ  ეს სოფლელებიო“.  შემდეგ ქულები თავიდან გადაითვალეს და მეორე ადგილი მოგვცეს“.

პედაგოგის თქმით, ასეთი დამოკიდებულება  ჟიურის წევრების მხრიდან, მათთვის მიუღებელია.

„მხიარული ჩემპიონატი“ კერძო პროექტია, რომელსაც ილია ჩუტლაშვილი  რამდენიმე წელია ახორციელებს.  გუშინდელი თამაშის ჟიურის თავმჯდომარეც  თვითონ იყო.  თამაში ბათუმის  რუსთაველის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა. ჩემპიონატზე დასწრება ფასიანია.

მომხდარი ინცინდენტის შესახებ „ბათუმელები“  პროექტის ხელმძღვანელს  ესაუბრა.

„მსგავსი ინცინდენდი იყო, მაგრამ აგიხსნით რატომ მოხდა.  როცა  გუნდს  შედეგებზე ჰქონდა პრეტენზია, კომისიის წევრებმა უთხრეს, რომ თუ ადროვებდნენ,  სიტუაციას გაარკვევდნენ, მაგრამ მათ, განსაკუთრებით პედაგოგებმა, არ მისცეს ჟიურის წევრებს მუშაობის საშუალება და მაშინ  იყო ნათქვამი  „ტყიდან ხართ, მართლა სოფლელები ხართ თუ ვინ ხართო“ – გვეუბნება ილია ჩუტლაშვილი.

მისი თქმით, „მხიარული ჩემპიონატის“ თამაშებზე მსგავსი ინცინდენტი აქამდე არ ყოფილა.

17 აპრილის თამაშებში სამი სკოლა –  ქედის  მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლა, ხელვაჩაურის საჯარო და ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

პირველ ადგილზე მე-14 საჯარო სკოლა გავიდა, მეორეზე მახუნცეთის და მესამეზე  ხელვაჩაურის სკოლა.

„მხიარული ჩემპიონატის“ ფინალი 5 ივნისს გაიმართება. ორგანიზატორის თქმით, ჩემპიონატში აჭარის სკოლებია ჩართული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: