მთავარი,სიახლეები

ლეონიდ ჩერნოვეცკი: NATO-ში არ მიიღებენ არც საქართველოს, არც უკრაინას

17.04.2016 • 2654
ლეონიდ ჩერნოვეცკი: NATO-ში არ მიიღებენ არც საქართველოს, არც უკრაინას

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქობულეთში, თავისი პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის“ პირველი ოფისი 15 აპრილს გახსნა. ოფისის გახსნის დღეს „ბათუმელებმა“ მოახერხა ლეონიდ ჩერნოვეცკისთვის რამდენიმე კითხვა დაესვა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ როგორია მისი შეხედულება საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობაზე.

„მე ვფიქრობ, საქართველოსთვის არ არის ყველაზე მთავარი ნატო, იმიტომ, რომ ნატოში საქართველოს არ მიიღებენ. საქართველოს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და ნატოს წესდების თანახმად, ისინი არ ღებულობენ თავიანთი ორგანიზაციის შემადგენლობაში იმ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ რაიმე ტერიტორიული პრეტენზიები. ისინი არ მიიღებენ არც საქართველოს, არც უკრაინას. ამას, უბრალოდ, იყენებენ მხოლოდ პოლიტიკოსები“, – განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის „ევროკავშირში შესვლა და უვიზო რეჟიმი, იმიტომ რომ, როგორც კი ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, თავისთავად წავა საკითხი დაკავებულ ტერიტორიებზე, რადგან აფხაზებიც და ოსებიც ყველა ერთად გაიქცევა ქართული პასპორტების ასაღებად. ამგვარად ტერიტორიის საკითხი მოგვარდება“.

პარტიის ხედვებში „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დახვეწაზეცაა“ საუბარი. თუ როგორ წარმოუდგენია ეს ურთიერთობები, ჩერნოვეცკი პასუხობს, რომ „ურთიერთობა რუსეთთან უნდა იყოს ყველაზე თბილი და ყველაზე კარგი, მიუხედავად იმისა, რომ მან საქართველოს აწყენინა. მაგრამ საქართველო იმდენად დამოკიდებულია თავისი პროდუქციის რუსეთში ექსპორტზე, რომ უნდა ვისაუბროთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ახალ იმპულსზე ურთიერთობის. უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. როგორ უნდა მოხდეს ეს? – რა თქმა უნდა, თუ ფეხებში ჩაუვარდებით, არასწორი იქნება. ქართველები ამაყი ხალხია, ისინი ასე არ უნდა მოიქცნენ,  მაგრამ არის ბევრი ეკონომიკური პროექტი, რომლითაც რუსეთი დაინტერესებულია. შეიძლება წავუყენოთ პირობები ამ ეკონომიკური პროექტების განხორციელებისას.  მთლიანობაში, რასაც ქვია რუსეთთან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, ხელშეკრულებაში შეიძლება ეს ჩაიდოს მარტივად –  რომ თქვენ ასრულებთ თქვენს პირობას, ჩვენ ჩვენს პირობებს და გაძლევთ საშუალებას, მაგალითად, რაიმე გააკეთოთ საქართველოს ტერიტორიაზე; გაკეთდეს აქ რამე რუსეთისთვის მნიშვნელოვანი, მაგალითად, ტრანზიტი. არ ასრულებთ? – ვწყვეტთ ყველანაირ ურთიერთობას ჩვენი მხრიდან“.

ლეონიდ ჩერნოვეცკის მიაჩნია, რომ, როგორც კი საქართველო გახდება „ევროკავშირის წევრი, ტერიტორიული პრობლემები თავისით მოგვარდება. აფხაზეთი და ოსეთი, იმის მიუხედავად, თუ რას იზამს რუსეთი, შეუერთდება საქართველოს“.

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ერთ-ერთ თავის მიმართვაში, რომელიც ფეისბუქით გაავრცელა, დიდი ადგილი დაუთმო იმ ბავშვების, ზოგადად, ადამიანების კრიტიკას, ვინც მოწყალებას ითხოვს. ლეონიდ ჩერნოვეცკის მიაჩნია, რომ „პრობლემა მარტივი გზით გადაიჭრება. თუ არსებობს კანონი, ის უნდა შესრულდეს. თუ არ არის, მაშინ უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომ ყველა, ვინც ქუჩაში ითხოვს მოწყალებას და არ არის საქართველოს მოქალაქე, უნდა დეპორტირდეს. ამასთან, ყველა მშობელს, ვინც აიძულებს ბავშვებს ითხოვონ მოწყალება ქუჩაში, ჩამოერთვას მშობლის უფლება“.

„ბედნიერი საქართველოსთვის“ პარტიის ქობულეთის ოფისი / 15.04.2016 / ფოტო: „ბათუმელები“

„ბედნიერი საქართველოსთვის“ ქობულეთის ოფისი / 15.04.2016 / ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: