Batumelebi | დედაენის დღე ბათუმში [ფოტო] დედაენის დღე ბათუმში [ფოტო] – Batumelebi
RU | GE  

დედაენის დღე ბათუმში [ფოტო]

14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

DSCN9027

ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მსვლელობა უნივერსიტეტიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლამდე ; 14.04.2016

„დედაენის დღე მთელი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია… სანამ იარსებებს ქართული დამწერლობა, ქართული ენა, ქართველ ერს გადაშენება არ უწერია“, – თქვა ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ბექა მაკარაძემ.

DSCN9054

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბათუმის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ლექსები წაიკითხეს; 14.04.2016

ღონისძიებას ასევე მსვლელობით შეუერთდნენ ბათუმის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. როგორც სკოლის დირექტორმა მედეა გვენეტაძემ თქვა, მოსწავლეები გამოვიდნენ ილია ჭავჭავაძის ძეგლთან  ქართული ენისთვის პატივის მისაგებად, თუმცა აუცილებელია იმის გააზრება, რომ ქართულ ენას პატივის მიგების გარდა გაფრთხილება სჭირდება: „იმიტომ არის ჩვენი დღევანდელი ახალი თაობა აქ, რომ უნდა დაინახონ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ იმ მონაპოვარს, რაც ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს დღემდე. გაუფრთხილდნენ იმ ენას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის თვითმყოფადობის სიმბოლო“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და სხვა თანამდებობის პირები.

DSCN9065

დედაენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად, ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც; 14.04.2016

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ, 14 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა: „38 წელი გავიდა 1978 წლის 14 აპრილიდან. ამ მოედანზეც, საოლქო კომიტეტის შენობის წინ ვითარდებოდა მოვლენები. აქაც იყო ხალხმრავალი, ახალგაზრდული მანიფესტაცია, ისე როგორც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ხალხისა და ახალგაზრდობის პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშინ კონსტიტუციაში ჩანაწერი,  რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა, იქნა შენარჩუნებული. ეს იყო ხალხის და საღი აზრის გამარჯვება. ეს არის ეროვნული დღესასწაული, ერის დღესასწაული, რომელსაც საკუთარი ენა და დამწერლობა გააჩნია“.

DSCN9048

ილია ჭავჭავაძის ძეგლი სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს. 14.04.2016 / ირმა დიმიტრაძის ფოტოები

1978 წლის 14 აპრილს თბილისში დაიწყო სტუდენტური მანიფესტაციები კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან