მთავარი,სიახლეები

სიმშვიდე პოლიტიკის კეთების ნაცვლად – მუნიციპალიტეტებში ცვლილებებს არ იმჩნევენ

14.04.2016 • 1725
სიმშვიდე პოლიტიკის კეთების ნაცვლად – მუნიციპალიტეტებში ცვლილებებს არ იმჩნევენ

„ყველაფერი არის ძველებურად და არ ველოდებით ცვლილებებს, უმრავლესობაში კაი ბიჭები არიან, ქედელები არიან და იქნება ერთი გუნდი ყოველთვის. მეტ კომენტარს არ ვაკეთებ“, – ასე უპასუხა ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას: როგორ აისახა ეროვნულ დონეზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესი მათ საკრებულოზე. ქედა გამონაკლისი არ არის. ხულოში, შუახევში, ხელვაჩაურსა თუ ქობულეთში საკრებულოს წევრები განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მიუხედავად, ერთიანობას ინარჩუნებენ. მოტივი: „აღმავლობა გვინდა ჩვენ“, ან ასე, მაგალითად: „პოლიტიკოსები კი ვართ, მაგრამ, პირველ რიგში, შუახეველები ვართ“.

იმის მიუხედავად, რომ „ეროვნულმა ფორუმმა“ საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვა, თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს ხულოს საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელი ზვიად ძირკვაძე: „რატომ უნდა წავიდე? სანამდე საქმე მოითხოვს, აქ ვიქნები. ჯერჯერობით რამე არ ხდება“. ამ ფრაქციის ორი წევრი პარტია „ქართული ოცნებიდანაა“. „ჯერ არ გამოუთქვამს რამე პროტესტი „ფორუმელს“, ან სხვას, ამიტომ ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ. ყველა ხულოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და არა მგონია, რამე შეიცვალოს“, – გვითხრა ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძემ.

„ეროვნული ფორუმის“ გზავნილს დამოუკიდებელი პოლიტიკური ბრძოლის შესახებ არ იზიარებს კიდევ ერთი ფორუმელი – ქობულეთის საკრებულოდან ნუკრი ბეჟანიძე. ის არც უმრავლესობას ტოვებს და არც თანამდებობას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა და მიაჩნია, რომ ქობულეთს ყველაზე დემოკრატიული საკრებულო ჰყავს: „არ ვაპირებ თანამდებობის დატოვებას, რადგან საკრებულოს უნდა მივცეთ მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება“. რატომ დაირღვევა საკრებულოს სიმშვიდე, თუკი თავმჯდომარის მოადგილე პოსტს დატოვებს? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ნუკრი ბეჟანიძემ თქვა: „დეპუტატების გადასაწყვეტია, თუ ჩათვლიან საჭიროდ, გადამაყენონ. მე არ ვაპირებ დატოვებას“.

„ყველა ჩვენ-ჩვენს ადგილზე ვართ, არაფერი იცვლება“, – გვითხრა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ეროვნული ფორუმიდან“ დავით საფარიძემ. ის საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეა: „ისევ უმრავლესობაში ვარ. ის, რაც მოხდა პარლამენტში, იგივე არ ხდება საკრებულოებში. რა ვიცი, რატომ ხდება ასე, ასეთია პარტიის პოზიცია. უმაღლეს საბჭოშიც ჩვენი წარმომადგენელი, მერაბ აბაშიძე რჩება კომისიის თავმჯდომარედ“.

ცვლილებებს ამ დროისთვის მხოლოდ შუახევის საკრებულოში ელიან. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით აქ ხელმოწერებს აგროვებენ. თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე ისევ ადგილზეა. აღარ არსებობს ფრაქცია „რესპუბლიკელები“, რომლებმაც ხელი მოაწერეს ქარცივაძის გადაყენების მოთხოვნას. „ამის მიუხედავად, ჩვენ ვრჩებით უმრავლესობაში იმიტომ, რომ ხელი შეეწყოს აღმავლობას“, – ამბობს იური მიქელაძე, შუახევის საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური პარტიიდან“.

შუახევი

შუახევი

„რესპუბლიკელების“ ფრაქციის დაშლა ფატი ჭაღალიძის განცხადებამ გამოიწვია: „ოცნების“ კვოტით მოვხვდი საკრებულოში. ფრაქცია იძულებით არ დამიტოვებია, როგორც ამას სხვები ამბობენ. წამოვედი იმიტომ, რომ თბილისში ვიყავი ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ფრაქციის თავმჯდომარეს არც კი შეუტყობინებია, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნას თუ ფრაქციის სახელით მოაწერდა ხელს“, – ამბობს ფატი ჭაღალიძე „ბათუმელებთან“.

შუახევის საკრებულოს წევრ „თავისუფალი დემოკრატებიდან“ არმაზ ბახტაძის აზრით კი, საკრებულოში „ოცნება“ აშკარად ორ ნაწილადაა გაყოფილი. „რესპუბლიკელებს“ მიზანმიმართულად დაუშალეს ფრაქცია და „კონსერვატორებს“ შეუქმნეს ფრაქცია, ფატი ჭაღალიძე იქ გადავიდა [ფრაქციის შექმნას მინიმუმ სამი წევრი სჭირდება, „რესპუბლიკელებს“ და „კონსერვატორებს“ ამ საკრებულოში მხოლოდ ორ-ორი წევრი ჰყავთ. ავტ.]. ვფიქრობ, ისევ დადგება საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი. ჯერ ჩამოყალიბებული არ მაქვს პოზიცია, დავუჭერ თუ არა მხარს, რადგან აშკარაა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ჩამოშორება შუახევის გამგებლის ინტერესებში შედის“, – აცხადებს არმაზ ბახტაძე.

სხვა მუნიციპალიტეტის მსგავსად, არც შუახევის საკრებულოში აპირებს „ეროვნული ფორუმი“ ოპოზიციაში გადასვლას. ფრაქციაში „ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმი“ ორი წევრი „ფორუმელია“, ერთი – პარტია „ქართული ოცნების“.
რა არგუმენტით შეიძლება იყოს მისაღები პარტიის ოპოზიციაში გადასვლა მხოლოდ ცენტრალურ დონეზე და რა გზავნილი ექნება „ეროვნულ ფორუმს“ ამომრჩეველთან, თუკი მისი წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში თანამდებობრივ პრივილეგიებზე უარს არ იტყვიან? „ასე არ არის, უახლოეს დღეებში ჩვენ გავაჟღერებთ პოზიციას, თუ როგორ ვიმოქმედებთ ადგილობრივ დონეზე. ამჟამად შესწავლის პროცესში ვართ და მეტს ვერაფერს გეტყვით“, – უთხრა „ბათუმელებს“ ანი მიროტაძემ, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

4 აპრილს, როცა „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა, პარტიის ლიდერმა, კახა შარტავამ თქვა: „პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე“.

პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს კოორდინაციის პრობლემასთან პარტიის შიგნით, ან გარკვეულ სარგებელთან, რომელსაც პარტიის წარმომადგენლები თვითმმართველობებში იღებენ კომისიების ან ფრაქციების თავმჯდომარეობით: „ორივე საკმაოდ ცუდი გზავნილია ამომრჩეველთან. ეს არის პარტიის შიდა საქმე, მაგრამ გაუგებარია, რატომ შეიძლება ამაზე პრობლემა არ ჰქონდეს პარტიას. პოლიტიკური პარტია იქმნება და არსებობს იმისთვის, რომ ერთნაირი იდეოლოგიის მქონე ადამიანები გააერთიანოს და საერთო მიზნისთვის იმუშაონ ერთად“.

პარტიული იდეოლოგიის ქართულ პრაქტიკაზე კიდევ უფრო საინტერესო მაგალითი შეუქმნია შუახევის საკრებულოს. აქ მმართველი პოლიტიკური პარტია „მრეწველები“ და ოპოზიციური „პატრიოტთა ალიანსი“ ერთ ფრაქციაში არიან [კანონმდებლობის მიხედვით, ფრაქცია არის ერთი და იმავე პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების კავშირი არჩევით ორგანოში. ფრაქციის არსებობას სჭირდება ბიუჯეტიდან დამატებითი თანხა – აპარატის თანამშრომელთა შენახვისთვის, მანქანისთვის და ასე შემდეგ. ავტ.]

„ერთი წელია ასე ვართ და ამას არავისთვის შეუშლია ხელი. ზოგიერთ საკითხში შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოზიცია. სერიოზულ საკითხებზე გვაქვს ერთნაირი ხედვა. ყველა შუახეველები ვართ, რა პრობლემაა“, – გვითხრა ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე ნუგზარ ზოსიძემ. ის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთადერთი წევრია ამ საკრებულოში.
„ამ ორი პოლიტიკური ძალის ერთად ყოფნა არ მიკვირს“, – ამბობს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია, – „მმართველი და ოპოზიციური პარტიების ერთ ფრაქციაში ყოფნა აბსურდულია, მაგრამ ორივე ცალსახად პრორუსულია და აქვთ საერთო მიზანი – რუსულ ორბიტაზე მოხვედრა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: