მთავარი,სიახლეები

ბათუმში ახალგაზრდებმა 10 ათასი ლარი შეაგროვეს უკრაინელების დასახმარებლად

02.07.2022
ბათუმში ახალგაზრდებმა 10 ათასი ლარი შეაგროვეს უკრაინელების დასახმარებლად

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინელების დასახმარებლად 15-მა ახალგაზრდამ ბათუმში თანხის შეგროვება დაიწყო. ერთგვარ საინიციატივო ჯგუფს „იმედის სხივი“ დაარქვეს და საქმეს შეუდგნენ.

„იმედის სხივის“ წევრები 27 თებერვლიდან ყოველდღე ბათუმში, ევროპის მოედანზე იკრიბებოდნენ და ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებდნენ.

მოხალისეებმა დღემდე 10 000 ლარის შეგროვება შეძლეს. მათი შეგროვებული ფულით შეძენილი ჰუმანიტარული დახმარებით „იმედის სხივის“ წევრები მეორე დღეა ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ ოჯახებს ეხმარებიან.

„აქამდე 20 ოჯახთან მივედით და მივიტანეთ ჰუმანიტარული დახმარება. დაახლოებით 25 ოჯახთან მისვლას ვფიქრობთ“, – ამბობს მარიამ თავაძე, „იმედის სხივის“ წევრი.

მარიამის თქმით, შემოწირულებას აგროვებდნენ ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი აქციების პარალელურად და მაშინაც, როცა აქციები არ იმართებოდა.

„მოვძებნეთ ბათუმში მცხოვრები უკრაინელი ოჯახები, დავუკავშირდით, გავიგეთ მისამართები და ახლაც ვარიგებთ პროდუქტებსა და სხვა სახის ნივთებს, ბავშვების საკვებსა და წამლებს.

ჩვენი შეგროვებული თანხით პროდუქტები თუ ნივთები აქ მცხოვრებ უკრაინელ ოჯახებთან კონსულტაციის მიხედვით შევიძინეთ“, – გვითხრა მარიამ თავაძემ.

აქამდე მათ ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაშიც გააგზავნეს.

მარიამის თქვით, „იმედის სხივი“ დამოუკიდებელი გაერთიანებაა. მათი უმრავლესობა ბსუ-ს სტუდენტია და დახმარებისთვის უნივერსიტეტსაც მიმართეს. ბსუ მათ ტვირთის ტრანსპორტირებაში ეხმარება. მარიამის თქმით, უნივერსიტეტმა მათ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ უკრაინელებისთვის შეგროვებული დახმარებაც გადასცა.

„როცა უკრაინელ ოჯახებთან მივდივართ, ვეკითხებით დამატებით კიდევ ხომ არ სჭირდებათ რაიმე. ვინიშნავთ რასაც გვეუბნებიან და შემდეგ მისვლაზე მიგვაქვს“, – ამბობს მარიამი.

სამომავლოდ „იმედის სხივი“ გეგმავს დაეხმაროს ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

“იმედის სხივის” წევრებს უკრაინელ ოჯახებთან ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ. ფოტო/”იმედის სხივი”

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: