მთავარი,სიახლეები

რაკეტების შიშით რუსებმა 20-20 კაცი გამოიყვანეს ძრავიანი კატერებით ზმეინიდან ღამით – ინტერვიუ

01.07.2022 • 22459
რაკეტების შიშით რუსებმა 20-20 კაცი გამოიყვანეს ძრავიანი კატერებით ზმეინიდან ღამით – ინტერვიუ

„სამი კვირა რუსები იბრძოდნენ საშუალო ზომის ქალაქის ასაღებად. ეს არის სულ მსოფლიოში მეორე არმიის შესაძლებლობა?“ – კითხულობს გადამდგარ გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც ამჯერად ვკითხეთ: რა არის უკრაინის სტრატეგიული მიღწევა, როცა მას ისევ უკან დახევა უწევს. იგი დარწმუნებულია, რომ ომი სტრატეგიულად უკრაინამ უკვე მოიგო.

„ლუკაშენკო რომ ლუკაშენკოა, ისიც კი თავს არიდებს პუტინთან ღია კავშირს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში დადის პუტინი,“ – აღნიშნავს გადამდგარი გენერალ-მაიორი და სტრატეგიული უპირატესობის უმთავრეს მიღწევად უკრაინის მსოფლიოს მხარდაჭერას ასახელებს.

ვახტანგ კაპანაძეს არც ის მოლოდინი აქვს, რომ რუსეთი ახალი მიმართულებით შეძლებს შეტევის გაგრძელებას. გენერალი იმ ღამეს ახსენებს ომის სიმბოლოდ ქცეული კუნძულ ზმეინის დატოვება რომ მოუწიათ რუსებს. კუნძულთან მიახლოება ხომალდით ვერ გაბედეს და ძრავიანი კატერებით გამოიყვანეს ოც-ოცი კაციო, გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„გაითვალისწინეთ, რუსებმა ოდესას რაკეტები დაუშინეს კუნძულ ზმეინის დატოვების შემდეგ. ეს ჰგავდა დაბოღმილი, გამწარებული ადამიანის პასუხს იმ წარუმატებლობისთვის, რაც რუსებმა შავ ზღვაში მიიღეს,“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ვახტანგ კაპანაძე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ამჯერად რუსებმა ოდესაზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს დაკვირვებით, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბვის სტრატეგია შეცვალეს და ერთდროულად სხვადასხვა პოზიციიდან უშვებენ რაკეტას. თქვენი დაკვირვებით, რა მიზანი აქვს ტაქტიკის მსგავს ცვლილებას?

გასული საუკუნის 70-იან წლებში არსებობდა ამერიკელების მიერ შემუშავებული საჰაერო ომის კონცეფცია, რომელსაც ერქვა „შიში, შოკი და ძრწოლა“. ეს კონცეფცია მდგომარეობდა იმაში, რომ მოწინააღმდეგეზე მაღალტექნოლოგიური საშუალებებიდ ზემოქმედებით მოახდინო მისი მორალური მდგრადობის დაქვეითება, საბრძოლო სულისკვეთების მინიმუმამდე დაყვანა, მარტივად რომ ვთქვათ, მიზანი არის შეშინება და შოკურ მდგომარეობაში ჩაგდება, მისი ნების პარალიზება.  ფაქტიურად, ეს კონცეფცია მიმართული იყო შედარებით მცირე ძალებით მოწინააღმდეგის მართვის და კონტროლის ცენტრებზე ზემოქმედებაზე, ძლიერი საინფორმაციო დომინირებით, რაც ასევე ითვალისწინებდა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირებას. რუსებმა ამ კონცეფციიდან მხოლოდ გარსი დაიტოვეს და შოკური ეფექტის მიღწევას სწორედ, მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებით ცდილობენ.   მარტივად რომ ვთქვათ, მიზანი არის შეშინება და შოკურ მდგომარეობაში ჩაგდება. ამ მიდგომით რუსები ცდილობენ ჩაკლან უკრაინელების ბრძოლისუნარიანობა, პირდაპირ მოსახლეობის უკმაყოფილებაის გამოწვევა გაჭიანურებული ომით იწვევენ, რასაც შესაძლოა ჰქონდეს კასკადური შედეგი: ომით გადაღლა, ასევე ხელისუფლებით უკმაყოფილება.

ამ მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის, რომ რუსებმა ოდესას რაკეტები დაუშინეს კუნძულ ზმეინის დატოვების შემდეგ. ეს უფრო ჰგავდა დაბოღმილი, გამწარებული ადამიანის პასუხს იმ წარუმატებლობისთვის, რაც რუსებმა შავ ზღვაში მიიღეს.

  • იქნებ პირიქით ოდესაზე სარაკეტო იერიში აჩვენებს იმას, რომ რუსები ლისიჩანსკის აღების შემდეგაც არ გადავლენ ოკუპირებული ტერიტორიის დაცვაზე, რის მოლოდინიც თქვენც გქონდათ და ამჯერად დნესტრისპირეთის მიმართულებით დაიწყებენ იერიშს? 

ეს გამორიცხულია, რადგან ამ შემთხვევაში იქნება შესაბამისი დაჯგუფება, რაც არ ჩანს. ასე რომ იყოს, მაშინ სარაკეტო დარტყმებით მოახდენდნენ ერთგვარ შოკურ ეფექტს და შემდეგ უკვე დაჯგუფება მოქმედებს.

რუსებს მოუწევთ თავდაცვით მდგომარეობაზე გადასვლა, მით უფრო, ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე. მსგავსი სარაკეტო იერიში, რაღაც მიმართულებებით ისევ იქნება და იტყვიან, რომ ამას აკეთებენ პრევენციისთვის, ან ურტყამენ შეიარაღებას, რასაც უკრაინას სხვა ქვეყნები აწვდიან და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ რუსები ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით უკვე თავდაცვაზე გადავიდნენ.

რუსებმა დატოვეს კუნძული ზმეინიც, რაც, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მნიშვნელობისაა სადესანტო ოპერაციისთვის, ასევე სავაჭრო კუთხით, რადგან აქედან არის შესაძლებელი ოდესის პორტების აკვატორიის კონტროლი. ნახეთ, როგორ გამოიყვანეს რუსებმა თავიანთი ძალები იქიდან – ხომალდის შეყვანა ვერ გაბედეს უკრაინელების რაკეტების შიშით, ძრავიანი, რეზინის კატერებით შევიდნენ ღამით და ოც-ოცი კაცი გამოიყვანეს, დარჩენილი ტექნიკა გაანადგურეს და დანაღმეს მთელი კუნძული.

ამავე დროს, რუსეთის თავდაცვამ თქვა კუნძულ ზმეინზე, ჰუმანურობის პრინციპის გამო დავტოვეთო, იყო ცინიზმი და უსუსურობა ერთად.

  • პუტინს მოუსმენდით: რუსეთის „სპეციალური ოპერაციის“ მიზნები უკრაინაში არ შეცვლილაო. რას აჩვენებს თქვენთვის პუტინის ეს გზავნილი? შესაძლოა, რომ დონეცკი – ლუგანსკის სრულად ოკუპაციის შემდეგ მან თქვას, რომ შესრულდა დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის მიზნები?

ალბათ, კი. როგორც ვხედავთ, ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე თითქმის გადიან, დონეცკში კი, 12 ათას კვადრატულ კილომეტრს ჯერ ლიდევ უკრაინა აკონტროლებს. თუკი რუსები აპირებენ ძირითადად თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას, შესაძლოა, კულმინაციის წერტილის წინაპირობამ გადაიწიოს (შეტევის შეჩერებას სხვა დონის დანაკარგები მოეთხოვება და დაცვას – სხვა) და რუსებმა განაგრძონ ბრძოლა. რთულია რუსებზე წინასწარ რამე კონკრეტული თქვა, მაგრამ ამ მდგომარეობით რაც ჩანს, რუსეთი გადავა დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე, სხვა მიმართულებებით ის ვერ შეძლებს პაუზის და გადაჯგუფება-შევსების გარეშე ბრძოლას.

  • თქვენც აღნიშნავთ, რომ რუსეთი იფიტება, თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთს აქვს ადამიანური რესურსი და რეზერვებს ავსებს, აქვს ტექნიკაც… რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ ის შეტევის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს, თანაც, იმის გათვალისწინებით, რუსეთი მიზანში იღებს აღჭურვილობას, რასაც უკრაინას დასავლეთიდან აწვდიან?  

რუსებს ასე მარტივად რომ შეეძლოთ დასავლეთიდან მიწოდებული აღჭურვილობის განადგურება, უკრაინა დღეს ასე აქტიურად ვერ მოახერხებდა თავის დაცვას. სწორედ დასავლეთიდან მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის და მხარდაჭერის შედეგია ის, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას უწეს რუსეთს, გარდატეხისთვის კი, მას სჭირდება შესაბამისი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და ამ ტექნიკის დროული მიწოდება.

როგორც კი უკრაინა მიიღებს „ლენდ-ლიზს“ სრულად, სხვა ეფექტი ექნება ამას და გარდატეხაც მაშინ მოხდება.

რაც შეეხება რუსეთის რესურსებს: რა თქმა უნდა, მას რესურსი აქვს, მაგრამ ძირითადად ეს არის თავდაცვისთვის საკმარისი რესურსი. ფარულ მობილიზაციას ახდენენ და, როგორც ჩანს, უჭირთ მაინც ადამიანების შეგროვება იმის მიუხედავად, რომ ფულს უხდიან. როგორც გავიგე, საბანკო დავალიანებებსაც აჭრიან ადამიანებს, ვინც ჯარში წასვლას თანხმდება. მეორეა სამხედრო ტექნიკის ნაწილი – ჩანს, რომ ბელარუსიდან მისცეს რუსეთს ტექნიკა და რუსეთი შუა აზიაში ითხოვს იმ იარაღის დაბრუნებას, რაც თავის დროზე მისცა.

ჩანს ისიც, რომ ეს ეკონომიკური სანქციებიც უკვალოდ არ მიდის და თავის საქმეს აკეთებს. ასე რომ, რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყან რუსებმა, რომ ამ ომის პირობებში აყვავდა რუსეთი და არაფერი უჭირთ, ვერ იქნება ასე.

ერთადერთი, რაზეც შეიძლება გათვლა ჰქონდეს რუსეთს, არის ის, რომ სიღარიბეს და სოციალურ სიდუხჭირეს შეჩვეული რუსეთის მოსახლეობა გამოფიტვას აიტანს, ევროპა – ვერა.

  • გასაგებია, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზანს, მაგრამ უკრაინისთვის რა გამოდის სტრატეგიული უპირატესობა, როცა მას უწევს ქალაქების დათმობა და უკან დახევა? 

სევეროდონეცკი აიღეს, ლისიჩანსკისთვჯს გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. მეეჭვება, სერიოზული რესურსების დახარჯვა მოუწევთ რუსებს. სამი კვირის განმავლობაში იბრძოდნენ საშუალო ზომის ქალაქის ასაღებად, სულ ეს არის მსოფლიოში მეორე არმიის შესაძლებლობა?

ამ ომში უკრაინამ სტრატეგიულად უკვე გაიმარჯვა, რადგან რუსეთმა თავის სტრატეგიულ ამოცანას ვერ მიაღწია. ყველამ ვიცით, რაც იყო რუსეთის მიზანი: უკრაინის ხელისუფლების დამხობა, მთელი უკრაინის რუსული გავლენის ქვეშ მოქცევა და ნატოს გაფართოების შეჩერება, მაგრამ მოხდა პირიქით: რუსეთმა მიიღო გაძლიერებული უკრაინა, ხოლო ნატო კიდე უფრო მეტად მიუახლოვდა. მხოლოდ რამდენიმე პრორუსი ექსპერტი თუ გეტყვით საქართველოში, რომ რუსებს ეს განზრახვა არ ჰქონდათ და მას მხოლოდ დონბასის აღება სურდა.

ჩვენ ისტორიული მაგალითებით უნდა ვიმსჯელოთ: საბჭოთა კავშირი-ფინეთის ომში ფინეთი ხომ ითვლება გამარჯვებულად? ამ ომში ფინეთმა დაკარგა ტერიტორიები, კარელია, ვიბორგი და ასე შემდეგ, მაგრამ ის ითვლება გამარჯვებულად, რადგან თავისი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა შეძლეს და განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა.

დონეცკი და ლუგანსკი ახლა უკრაინისთვის სტრატეგიულად მეათეხარისხოვანია. ჩემი აზრით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აზოვის ზღვაზე გასვლა.

  • ანუ უკრაინა უნდა შეეგუოს დონბასის დაკარგვას იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი გაჩერდეს? 

მე არა მგონია, უკრაინაში ოდესმე რომელიმე ხელისუფლებამ აღიაროს და შეეგუოს ამ ტერიტორიების დაკარგვა. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როდის და როგორ მოახერხებს უკრაინა ამას… ყარაბაღში ომი 30 წელი გაგრძელდა. ლუგანსკსა და დონეცკში უკრაინელები 2014 წლიდან ომობენ.

ახლა ლაპარაკია იმაზე, როდის დაეხმარებიან უკრაინას. ფაქტია, ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს. მალე გამოჩნდება, რა იგულისხმება ამ განაცხადში: მხოლოდ ის, რომ რუსეთის შეჩერება შეძლონ, მას დაატოვებინონ ყველა ოკუპირებული ტერიტორია უკრაინაში, თუ დაშალონ რუსეთი ბოლომდე. ეს ჯერ არ არის მკაფიო.

თუმცა ფაქტია, რომ უკრაინა რეალურად გაძლიერდა და კიდევ გაძლიერდება, გადაიარაღდა და სხვა სიძლიერე შეიძინა. ეს არაა მხოლოდ სამხედრო სიძლიერე. უკრაინამ სტრატეგიულად უკვე მოიგო ეს ომი, პირველ რიგში, მოიგო იმიტომ, რომ მთელი სამყარო მის გვერდითაა. ლუკაშენკო რომ ლუკაშენკოა, ისიც კი თავს არიდებს პუტინთან ღია კავშირს. პუტინი ახლა ტაჯიკეთსა და თურქმენეთში დადის. ყაზახეთსაც კი არ სურს რუსეთის მოკავშირედ აღიქვან.

  • რა ძალა შეიძლება ჰქონდეს დღეს უკრაინისთვის ამ სტრატეგიულ უპირატესობას? ცნობილია, რომ უკრაინელები გამარჯვებად მიიჩნევენ არა მხოლოდ რუსების შეჩერებას, არამედ ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლებას ყირიმის ჩათვლით. 

როგორც წინა ინტერვიუში აღვნიშნე, უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის სხვა მასშტაბის მომზადება სჭირდება. პირველ რიგში, საჭიროა შეაჩერო მოწინააღმდეგე და მას მიაყენო საკმარისი დანაკარგი. მოწინააღმდეგის რეზერვები უნდა იყოს მოწყვეტილი და მეორე ეშელონები შეყვანილი უნდა იყოს ბრძოლაში. ცხადია, რომ თავად უნდა იყო მომზადებული შეტევითი მოქმედებებისთვის.

ჯერ ეს პირობები უკრაინას არ აქვს, ის დღითიდღე ძლიერდება იმ სამხედრო ტექნიკით, რასაც აწვდიან.

ჩემი აზრით, არ იყო სწორი უკრაინელების მხრიდან სევეროდონეცკში შესაძლებლობების იმ მასშტაბით დახარჯვა, უმჯობესი იყო, უსაფრთხოების ზონად გამოყენება და გამაგრება ლისიჩანსკში. მესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური მოთხოვნა, არ დათმოს უკრაინამ არცერთი გოჯა მიწა, მაგრამ გონივრულად უნდა მოხდეს შესაძლებლობების განსაზღვრა. უკრაინას გეოგრაფიულად იდეალური მდგომარეობა აქვს მანევრული მოქმედებებისთვის, მობილური თავდაცვისა და შეტევისთვის.

  • რამდენად დაეტყო უკრაინას სამხედრო შეიარაღების კუთხით გაძლიერება? უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ფეისბუქზე წერს, რომ პოლონური ჰაუბიცები ბრძოლის წინა ხაზზე უკვე წარმატებით მუშაობენ.

ძლიერდება, თუმცა ეს არის იმ მოცულობის სამხედრო ტექნიკა, რაც მას სჭირდება განახლებისთვის და ძალების აღდგენისთვის. უკრაინას ჯერ არ აქვს იმ მასშტაბის აღჭურვილობა, რასაც ექნება სხვა ეფექტი. ჯერ მხოლოდ „ლენდ-ლიზის“ პირველი ტალღები შედის უკრაინაში.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსული შეიარაღებული ძალები ძირითადად ისევ კონცენტრირდებიან სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულებაზე, აქ არის 40-ზე მეტი საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი, ხარკოვის მიმართულებით კი, მხოლოდ 7 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფია. თუ რუსები მიმართულებას შეცვლიან, მათ გადაწყობა დასჭირდებათ. უფრო ჩანს ტენდენცია, რომ დონბასის აღება უნდათ და იქნებ ამას მაინც მიაღწიონ.

თქვენი დაკვირვებით, რას შეძლებენ უკრაინელების სადესანტო ძალები? „The Times“-თან უკრაინის დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიცერმა დაადასტურა, რომ უკრაინული სპეცდანიშნულება მუშაობს რუსეთის ტერიტორიაზე. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მსგავს „საიდუმლო ოპერაციებს“ მტრის ზურგიდან?

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით მუშაობა. მაგალითად, სპეცდანაყოფების და პარტიზანების (ან ორივესი ერთად) აქტიურობა შეიმჩნევა. ხერსონის რაიონის ზურგის საკომუნიკაციო ხაზებზე, ასევე ტრანსციმბირის მაგისტრალი ბლოკირებულია რამდენიმე დღე. იქ იარაღით დატვირთული ვაგონები რელსებიდან გადავიდა და რუსეთმა ეს შეაფასა, როგორც დივერსია. რუსებს მარაგები ძირითადად ურალის იქეთ აქვთ და ფტონტზე მიწოდებას ამ მიმართულებიდან ახორციელებენ. ამ სიღრმეზე თუ ახორციელებენ უკრაინელები სლეცსაქმიანობას, ბარაქა მათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: