მთავარი,სიახლეები

უკრაინის მთავარსარდალი ზალუჟნი აშშ-ს მეტ საარტილერიო სისტემას სთხოვს

13.06.2022
უკრაინის მთავარსარდალი ზალუჟნი აშშ-ს მეტ საარტილერიო სისტემას სთხოვს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, უკრაინას მეტი საარტილერიო სისტემა მიაწოდოს.

ამის შესახებ, მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, აშშ-ის შეიარაღებულ ძალების გაერთიანებული შტატების კომიტეტის მეთაურთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა.

ვალერი ზალუჟნი აღნიშნავს, რომ მან ამერიკელ გენერალს ინფორმაცია მიაწოდა დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ კი იმაზე, თუ რა ხდება ახლა ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთით, საითკენაც რუსეთის მთავარი ძალისხმევაა მიმართული.

„რუსეთი მასობრივად იყენებს არტილერიას და, სამწუხაროდ, ათჯერ დიდი საცეცხლე უპირატესობა აქვს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ პოზიციებს ვინარჩუნებთ. უკრაინული მიწის ყოველი მეტრი იქ სისხლითაა გაჟღენთილი, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ოკუპანტის სისხლითაც“, – წერს ზალუჟნი.

სატელეფონო საუბრის კიდევ ერთი თემა სევეროდონეცკში მიმდინარე ბრძოლები იყო. უკრაინის არმიის მთავარსარდალი აღნიშნავს, რომ „იქ მტერმა დაახლოებით შვიდი ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური დანაყოფი გადაისროლა“, თუმცა თავდასხმის მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეჩერება შეძლეს.

მისი ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა, რომლებიც მარცხს მარცხზე განიცდიან ლუგანსკის მიმართულებაზე, ხარკოვის დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმები განაახლეს. არტილერიიდან და ნაღმსატყორცნებიდან განაგრძობს რუსეთის არმია შეტევას უკრაინულ ძალებზე ჩერნიგოვსა და სუმის ოლქებშიც.

„უკრაინული ძალები მტერს ცეცხლითვე პასუხობს. ცალკეულ მიმართულებებზე ჩვენ კონტრშეტევებზეც გადავედით. დღევანდელი მდგომარეობით, ფრონტის სიგანე 2 450 კილომეტრია, რომლიდანაც 1105 კილომეტრზე მიდის აქტიური საბრძოლო მოქმედებები. მე კიდევ ერთხელ გავუმეორე გენერალ მილის ჩემი თხოვნა – რაც შეიძლება მალე დაგვეხმაროს, მივიღოთ 155 მმ კალიბრის მეტი საარტილერიო სისტემა“, – წერს ვალერი ზალუჟნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აღნიშნავს, რომ მან აშშ-ის გენერალს უკრაინის გენერალური შტაბის სტრატეგიული მიზნების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

სააგენტო „უნიანის“ინფორმაციით, უკრაინა M777 155 მმ-იან ჰაუბიცებს აშშ-ისგან, კანადისა და ავსტრალიისგან ელოდება.

მთავარი ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი/ფოტო: ვალერი ზალუჟნის ფეისბუქ გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: