ქობულეთში, ისპანის ტორფნარზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობასა და არსებული ხიდების რეკონსტრუქციაში აჭარის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე, ეკოტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საფეხმავლო ბილიკის [700 მეტრი] მოწყობაზე და არსებული ორი ხიდის რეკონსტრუქციაზე“ ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 2022 წლის 19 ივნისს დაიწყება და ხუთ დღეში, 24 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო/სატენდერო ღირებულებაა 548 ათასი ლარი.

პირობის მიხედვით, სამუშაოები 2022 წლის 15 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

სააგენტოს ინფორმაციით:

  • „ისპანის ტორფნარები ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 500 მეტრში მდებარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე მომიჯნავე ტერიტორიების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
  • ქობულეთის დაცული ტერიტორია, რომლის ფართობი 770 ჰექტარია, ორ მთავარ ზონას მოიცავს: ისპანი 2 – სფაგნუმიან ტორფნარს, ანუ სახელმწიფო ნაკრძალს და ისპანი 1 ტორფნარი – აღკვეთილი. სწორედ ისპანი 2 ნაკრძალი წარმოადგენს იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ადგილს, ისპანი 1 კი ბუფერულ ზონად განიხილება, სადაც შესაძლებელია ვიზიტორების მოზიდვა და ინფრასტრუქტურული განვითარება. მისი ფართობი დაახლოებით 1 (ერთი) ჰექტარია. ბუფერულ ზონად განიხილება ასევე ისპანი 2 ტორფნარის განაპირა ტყის ვიწრო ზოლი.
  • 2021 წელს ა(ა)იპ – ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ, ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მოამზადა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას.
  • შემუშავებული სრული პროექტიდან სააგენტო გეგმავს მხოლოდ საჩრდილობლით და სკამებით საფეხმავლო ბილიკის (700 მეტრი) მოწყობას და არსებული ხიდების რეკონსტრუქციას.
  • სრული პროექტი გამარჯვებულს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.“

ისპანის ტორფნარი, როგორც ბუნებრივი მემკვიდრეობა, გამორჩეული ადგილია, რომლის მსგავსი მსოფლიოში არსად არის:

2021 წელს მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

მკვლევრის, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, იზოლდა მაჭუტაძის თქმით: „ეს არის ცოცხალი ეკოსისტემები [მაგალითად, ტორფნარებში ტორფის წარმოქმნის პროცესი დღესაც მიმდინარეობს]. ის, რომ მსგავსი ეკოსისტემა მსოფლიოში არ არის, მეცნიერული კვლევებით იქნა დამტკიცებული.“

უფრო ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

მსგავსი ტყეები და ტორფნარები მსოფლიოში არ არის – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრების სტატუსი

მთავარი ფოტო: საგანმანათლებლო ბილიკი და ფრინველებზე სათვალთვალო კოშკი / ფოტო: ქობულეთის დაცული ტერიტორიები

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version