მთავარი,სიახლეები

პუტინი ვერ გაიმარჯვებს – გერმანიის კანცლერის მიმართვა უკრაინელებს

30.05.2022 • 1563
პუტინი ვერ გაიმარჯვებს – გერმანიის კანცლერის მიმართვა უკრაინელებს

„პუტინი ვერ გაიმარჯვებს,“ – ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინელებს, უკრაინის მხარდასაჭერად გამართული მეორე საერთაშორისო საქველმოქმედო სატელევიზიო მარათონის დასაწყისში.

გერმანიის კანცლერის ინგლისურენოვანი ვიდეომიმართვა პირდაპირ ეთერში გადაიცა სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიით და მისი მოსმენა შეეძლოთ ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან შეკრებილ ადამიანებს. აქ სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან მონიტორებიდან, არაერთი უკრაინელი შემსრულებელი ადგილზე და კიევიდან პირდაპირი ჩართვის ფორმატით ასრულებენ სიმღერებს.

გერმანიის კანცლერმა უკრაინელებს გვერდში დგომა აღუთქვა და თქვა, რომ „ჩვენ, როგორც ევროპელი დები და ძმები, ერთად ვდგავართ უკრაინის, თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ღირსებისთვის“.

„სალამი კიევს! სალამი უკრაინას! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. დღეს, ისევე როგორც ყოველ დღე მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა თქვენს ქვეყანას, ჩვენი გულები და ფიქრები თქვენთანაა.

ვუერთდებით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს მიმდინარე ფინანსურ მხარდაჭერაში, რათა არ დავუშვათ უკრაინის ეკონომიკის ჩამოშლა. ჩვენ ვუგზავნით იარაღს უკრაინას, რითაც ვარღვევთ საომარ ზონაში იარაღის არმიწოდების გერმანიის დიდხნიან ტრადიციას. თითქმის 800 ათასმა უკრაინელმა იპოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათ ხელგაშლილი ვეგებებით.

ჩვენ უკვე ვადგენთ გეგმას უკრაინის აღსადგენად მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება, რადგან ეს ომი დასრულდება! პრეზიდენტმა ზელენსკიმ 8 მაისს თქვა: „უკრაინული მზე დაასრულებს ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო“. პუტინი ვერ გაიმარჯვებს!

ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც რუსეთის აგრესიის გამო დაკარგა სიცოცხლე. ჩვენ ვფიქრობთ მათზე, ვინც დაშავდა, ვინც სახლი დაკარგა, ვინც რუსული ბომბების, რაკეტებისა და ტანკების ყოველდღიურ შიშში ცხოვრობს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც მამაცად იბრძვის უკრაინისთვის ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ.

ჩვენ, როგორც ევროპელი დები და ძმები, ერთად ვდგავართ უკრაინისთვის, თავისუფლებისთვის, კანონის უზენაესობისა და ღირსებისათვის,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ღონისძიებაზე გაჟღერდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ვიდეომიმართვებიც, მათ შორის, კიევის დღე მიულოცა უკრაინელებს და გამარჯვება უსურვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას.

დღეს, 29 მაისს, როდესაც უკრაინაში კიევის დღე აღინიშნება, უკრაინის მხარდასაჭერად მეორე საერთაშორისო საქველმოქმედო სატელევიზიო მარათონი და კონცერტი – „გადაარჩინე უკრაინა – #შეაჩერეომი/ Save Ukraine — #StopWar “იმართება. ღონისძიება ერთდროულად მიმდინარეობს გერმანიისა და უკრაინის დედაქალაქებში და მიზნად ისახავს ფულის შეგროვებას სამედიცინო აღჭურვილობისათვის, რომელიც გადაეცემა კლინიკებს, საავადმყოფოებსა და დაწესებულებებს, სადაც ომში დაჭრილებსა და დაშავებულებს მკურნალობენ.

საქველმოქმედო კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიითა და სოციალური ქსელებით, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობას შეუძლია თვალი ადევნოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მეშვეობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: