მთავარი,სიახლეები

6 განსხვავებულ გოგოს ამბავი, რომლებმაც მედიასკოლაში დაიწყეს სწავლა

28.05.2022 • 1730
6 განსხვავებულ გოგოს ამბავი, რომლებმაც მედიასკოლაში დაიწყეს სწავლა

„ბათუმელების“ მედიასკოლაში 2022 წლის პირველმა ნაკადმა სწავლა დღეს, 28 მაისს დაიწყო.

წლევანდელ მედიასკოლაში სხვადასხვა ასაკის და პროფესიის სტუდენტები მონაწილეობენ. მათგან პროფესიად ჟურნალისტიკა მხოლოდ ერთს აქვს არჩეული.

ინდირა ბერიძე რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მედდად მუშაობს.

„ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი ჟურნალისტი. ისე წავიდა ვერ ვიფიქრებდი იქ ყოფნას, სადაც ახლა ვარ. უბრალოდ, ასე აეწყო. ვერ გავხდი ჟურნალისტი და გავხდი მედდა. თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მე ამით ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარები. ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადამირჩენია ჩემს გუნდთან ერთად. განსაკუთრებით კოვიდის დროს. უამრავ ადამიანს დავეხმარე, როგორც კლინიკაში, ისე კლინიკის გარეთ,“ – უთხრა ინდირა „ბათუმელებს“ საკუთარი თავის შესახებ.

ინდირა ბერიძე

„ძალიან აქტიური ვარ. რუტინა არ მიყვარს. ემერჯენსში ამიტომ ვმუშაობ. ემერჯენსში მუშაობა ფორსმაჟორში მუშაობას ჰგავს, იცვლება სიტუაცია მუდმივად. ბევრი რამე მინახავს.

სამოქალაქო კუთხით ვარ ძალიან აქტიური. მჭირდება რაღაც ტრიბუნა, რაღაც სივრცე, სადაც მე ამაზე შემეძლება ლაპარაკი. ეს იყო მთავარი მოტივაცია აქ მოსვლის. ვოცნებობდი ვყოფილიყავი ჟურნალისტი, მაგრამ როგორ ვიყო, ეს თქვენგან მინდა ვისწავლო,“  – ამბობს ინდირა.

ანკა ზოიძე

ანკა ზოიძე ხელოვნების უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობს. მეორე კურსის სტუდენტია.

„მინდოდა უფრო მეტი გამოცდილება დამეგროვებინა. ზოგადად, მიყვარს გამოწვევები და სიახლეები. რაც უფრო მეტს გავიგებ ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით, რაც უფრო მეტ გამოცდილებას დავაგროვებთ, მით უკეთესი ჩემთვის.

როდესაც ადამიანი ირჩევ პროფესიას, უნდა იცოდე რა გელოდება, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდე. მრავალფეროვანი და ამოუწურავია ჟურნალისტიკა ჩემთვის. მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიპოვო საკუთარი თავი. ძალიან მიყვარს ხელოვნება, თეატრი, მუსიკა და ცეკვა. მედიასკოლიდან ველი ახალ მეგობრებს, ახალ ადამიანებს, ახალ ემოციურ კავშირებს,“ – ამბობს ანკა.

ელენე ხაჯიშვილი

ელენე ხაჯიშვილი 18 წლის მუსიკოსია. კარატეში შავი ქამრის მფლობელი. ახლახან ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით.

„პროფესიისთვის მჭირდება მედიასკოლაში სწავლა. ასევე მინდა პრაქტიკა მივიღო ჟურნალისტიკაში. ვფიქრობ, ამ კურსის დასრულების შემდეგ ბევრად უფრო კომუნიკაბელური გავხდები, ვიდრე აქამდე ვიყავი და შევიძენ იმ უნარებს, რაც სჭირდება ადამიანს ჟურნალისტად გახდომისთვის“, – ამბობს ელენე.

თამარ შულგა

თამარ შულგა ბსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე სწავლობს. მეოთხე კურსელია. ამბობს, რომ მისი მომავალი სპეციალობა პირდაპირ უკავშირდება ჟურნალისტიკას.

თამარის თქმით, მაშინ შეძლებს თქვას, რომ წარმატებას მიაღწია საკუთარ პროფესიაში, როდესაც მისი საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვას დაუკავშირდება.

„სადაც წარმოვაჩენ უმცირესობათა უფლებებს, მათ მოთხოვნებს. თუ მექნება რაღაც ძალა, რომ მათი ცხოვრება ოდნავ მაინც შევცალო უკეთესობისკენ. ჟურნალისტიკა ცვლის ადამიანების ცხოვრებას. ჩემი აზრით, ჟურნალისტიკა არის საშუალება ხმა მიაწვდინო საზოგადოებას,“ – ამბობს თამარი.

მარიამ ხინიკაძე

მარიამ ხინიკაძე 25 წლისაა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ფილოლოგიის განხრით დაამთავრა. ახლა ქობულეთში, სოციალურ სამსახურში მუშაობს.

მარიამს ფოტოების გადაღება უყვარს. ამბობს, რომ მედიასკოლაში სწორედ იმ იმედით მოვიდა, რომ ფოტოგადაღებას ისწავლის.

„ველი, რომ მედიასკოლა გამზრდის. ახლა სადაც ვმუშაობ, ის უფრო მონოტონური სამსახურია, იმიტომ, რომ ერთი და იგივე რაღაცებს ვაკეთებ თითქმის ყოველდღე. ვფიქრობ, აქ იქნება განსხვავებული, თუნდაც სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობა მომცემს ბევრ რამეს. მათგან ვისწავლი და უფრო გავიზრდები. მინდა, რომ სანამ ახალგაზრდა ვარ, შემიძლია ეს ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო და შემდეგ ეს ცოდნა სხვას გავუზიარო“, – ამბობს მარიამი.

ანა კვაჭანტირაძე

ანა კვაჭანტირაძე 19 წლისა, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

„ბავშვობიდან მაინტერესებდა ჟურნალისტიკა, მინდოდა ჟურნალისტიკაზე ჩაბარება, მაგრამ ვერ ჩავაბარე და მომიწია არჩევანის გაკეთება. დავიწყე სწავლა ჩემთვის მეორე მნიშვნელოვან პროფესიაზე, ტურიზმზე. ველი, რომ ვისწავლი ჟურნალისტიკის შესახებ ბევრ რამეს და ჩემი ოცნება ახდება.

ველი, რომ ჩემი ხმა უფრო მასშტაბური გახდება. მომცემს იმის საშუალებას, რომ რაღაცები ხმამაღლა ვთქვა. დავწერო სტატიები ისეთ თემებზე, რომელიც მაინტერესებს და მეტ ადამიანამდე მივიტანო ინფორმაცია“, – ამბობს ანა.

“ბათუმელები” მედიასკოლას “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან” ერთად ახორციელებს.

ამასთან, სკოლის მოსწავლეებისათვის გამოცხადებულია კონკურსი საზაფხულო მედიასკოლაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს აჭარიდან. ვრცლად კონკურსის შესახებ ნახეთ თანდართულ მასალაში.

ცხადდება კონკურსი მოსწავლეებისთვის საზაფხულო მედიასკოლაში მისაღებად

გადაბეჭდვის წესი