მთავარი,სიახლეები

აჭარაში ნარკოდანაშაულზე 4 პირი დააკავეს – შსს

11.05.2022
აჭარაში ნარკოდანაშაულზე 4 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში აჭარაში, თბილისში – ფონიჭალის დასახლებაში, ქუთაისსა და კახეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს, მათ შორის, 14 ნარკორეალიზატორი.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, აჭარაში დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ი.დ., 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ჩ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული დ.კ.

1985 წელს დაბადებულ, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ც.ღ.-ს  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა დ. კ.-მ, შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკი ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა. სამართალდამცველებმა დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, ბრალდებული ც.ღ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინსა“ და „ბუპრენორფინს“ შეიცავს.

რაც შეეხება ი. დ.-ს და ს.ჩ.-ს, „აჭარის პოლიციამ, მათ მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 23 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა, ი.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის, 312 ერთჯერადი გამოყენების შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი სითხით“ – აცხადებს შსს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: