მთავარი,სიახლეები

ომი უკრაინაში შესაძლოა გაგრძელდეს 2023 წლის ბოლომდე – ჯონსონი

22.04.2022 • 1708
ომი უკრაინაში შესაძლოა გაგრძელდეს 2023 წლის ბოლომდე – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, არსებობს „რეალური შესაძლებლობა“, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს 2023 წლის ბოლომდე. თუმცა, მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი ვერ შეძლებს „უკრაინელების გატეხას“.

როგორც Business Insider-ი წერს, პარასკევს, 22 აპრილს, ინდოეთში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდეს და ასევე, რას იტყოდა დასავლელი ოფიციალური პირების კომენტარების შესახებ, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ მიუხედავად სტრატეგიული შეცდომების დაშვებისა, პუტინი „ჯერ კიდევ გამარჯვებისთვის საჭირო პოზიციაშია“.

„სამწუხარო ის არის, რომ ეს რეალური შესაძლებლობაა.

პუტინს ჰყავს უზარმაზარი არმია. მას აქვს ძალიან რთული პოლიტიკური პოზიცია, რადგან დაუშვა კატასტროფული შეცდომა. ერთადერთი ვარიანტი, რომელიც მას ახლა ნამდვილად აქვს, არის განაგრძოს თავისი შემზარავი, გამანადგურებელი მიდგომის გამოყენება – რომელსაც ხელმძღვანელობს არტილერია – ცდილობს მიწასთან გაასწოროს უკრაინელები. ის ძალიან ახლოსაა მარიუპოლში სახმელეთო ხიდის უზრუნველყოფასთან,“ – თქვა ჯონსონმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სიტუაცია რჩება „არაპროგნოზირებადი“ და იქვე შეაქო „უკრაინელების წარმოუდგენელი გმირობა და მათი მზაობა – იბრძოლონ“.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვლადიმერ პუტინი თავისი სამხედრო უპირატესობით რა განსაცდელს მოუვლენს მომდევნო თვეებში – და ვეთანხმები, ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი პერიოდი, ის ვერ შეძლებს უკრაინელი ხალხის სულის დამორჩილებას.

ეს უბრალოდ თვალსაჩინო ფაქტია. რასაც ის აკეთებს, პირიქით, ყოველდღე აძლიერებს და აძლიერებს წინააღმდეგობის გაწევის სურვილს უკრაინელ ხალხში,“ – თქვა ბორის ჯონსონმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები დააკვირდებიან, დამატებით რის გაკეთება შეუძლიათ სამხედრო თვალსაზრისით. აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში გაიგზავნა ჯავშანმანქანები და ასევე იგეგმება პოლონეთში ტანკების „შესავსებად“ დახმარება, ისევე, როგორც ეკონომიკური სანქციები, რაც იქნება პუტინზე ზეწოლის გაზრდის საშუალება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: