მთავარი,სიახლეები

პესკოვი ტერორისტული აქტის ანონსს უწოდებს ყირიმის ხიდის შესაძლო დაბომბვაზე განცხადებას

21.04.2022
პესკოვი ტერორისტული აქტის ანონსს უწოდებს ყირიმის ხიდის შესაძლო დაბომბვაზე განცხადებას

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას ყირიმის ხიდის შესაძლო აფეთქების შესახებ ტერორისტული აქტის ანონსს უწოდებს.

დღეს, 21 აპრილს, მედიაში გავრცელდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის ციტატა იმის შესახებ, რომ როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, უკრაინა დაარტყამს ყირიმის ხიდს.

კერძოდ, ჟურნალისტმა ჰკითხა დანილოვს, შეუძლია თუ არა უკრაინამ დაარტყას ყირიმის ხიდს, რომელსაც რუსეთი დახმარების მისაღებად იყენებს.

„რომ გვქონოდა ამის შესაძლებლობა, ვიზამდით. თუ იქნება შესაძლებელი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – უპასუხა ჟურნალისტს დანილოვმა.

პესკოვი აცხადებს, რომ ეს განცხადება სამართლებრივ შეფასებას და შემდგომ სასჯელს მოითხოვს.

„ასეთი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა შესაძლო ტერორისტული აქტის ანონსი. ეს მიუღებელია“, – ამბობს პესკოვი. მის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.

პესკოვის თქმით, შესაბამისი სამსახურები, ხიდისა და ყველა მსგავსი სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოების ზომებს მიიღებენ.

ყირიმის ხიდი, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, 2018 წელს გახსნა პუტინმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: