მთავარი,სიახლეები

„დავიხოცებით, მაგრამ არ დავთმობთ“ – „აზოვის“ ქართველი მებრძოლი

21.04.2022
„დავიხოცებით, მაგრამ არ დავთმობთ“ – „აზოვის“ ქართველი მებრძოლი

„აზოვის“ პოლკის ერთ-ერთმა დამაარსებელმა გიორგი ქუფარაშვილმა, „დროების“ ეთერში იმაზე ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში დატოვებს „აზოვი“ მარიუპოლის აზოვსტალს და რა შემთხვევა – არა.

გიორგი ქუფარაშვილის თქმით, ამ დროისთვის მებრძოლების განწყობა არის ასეთი – „აზოვი“ არ აპირებს იქიდან გამოსვლას, თავის დაღწევას. ეს ბიჭები ყველანი დარჩებიან ბოლომდე“.

მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკისგან იყო შეთავაზება, რომ დაეტოვებინათ მარიუპოლი, თუკი თვითონ მიიჩნევდნენ საჭიროდ. თუმცა ქუფარაშვილი ამბობს, რომ „აზოვი“ იმ შემთხვევაში გამოვა, თუკი გაიხსნება კორიდორი და მოქალაქეების გაყვანის შემდეგ, მათ იარაღით გამოსვლის უფლება ექნებათ.

„ერთადერთი, რაც ჩვენ გვესაჭიროება, მოქალაქეების გაყვანაა, რომლებიც ბოჭავენ ჩვენს თავისუფლად მოქმედებას. საჭიროა ასევე იარაღის მოწოდება, ცა უნდა ჩაიკეტოს და შემდეგ ყველა ნახავს ჩვენს ისეთ ქმედებებს, რომელიც ქართველებსაც ძალიან გაახარებს და უკრაინელებსაც“, – ამბობს ქუფარაშვილი.

მისი თქმით, ჯერ უნდა შეწყდეს ცეცხლი და შემდეგ მწვანე კორიდორი გაკეთდეს მესამე მხარის გარანტიით, რადგან უკრაინამ ორჯერ იწვნია რუსეთისგან შეთანხმების დარღვევა 2014 წელს, პირველად ილავაისკიში ალყის დროს და მეორედ დებალცეევეში, როცა კორიდორი გაუკეთეს ალყაში მყოფებს. „შემდეგ კი კორიდორში გაანადგურეს უკრაინული ქვედანაყოფები, რომლებმაც იარაღი ჩააბარეს“, – ამბობს ქუფარაშვილი.

„სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გავალთ, ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა. დავიხოცებით, მაგრამ არ დავთმობთ. „აზოვი“ არის სიმბოლო ქვეყნის თავისუფლების, თავისუფლება კი უსისხლოდ, ბრძოლის გარეშე არ მოდის. შესაძლოა შესაწირი მსხვერპლი ვიყოთ ჩვენ“, – ამბობს ის.

გიორგი ქუფარაშვილის თქმით, რუსეთზე უნდა გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა, რომ მარიუპოლიდან გამოიყვანონ მშვიდობიანი მოქალაქეები.

„აზოვი“ ცდილობს გაიყვანოს მოქალაქეები, ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება თავშესაფარში. ბუნკერი როცა დაიბომბა, 100-ზე მეტი ადამიანია იქ მოყოლილი“, – ამბობს გიორგი ქუფარაშვილი.

პუტინი არც ტყვეების გაცვლას დასთანხმდება, მათ შორის არც მისი ნათელ-მირონი მედვეჩუკი არ წარმოადგენს მისთვის ისეთ ფასეულობას, როგორც მისი გეგმებია – შექმნას მისი იმპერია. ამიტომ ეს არ მოხდება. მათ თავიანთი დაჭრილებიც კი არ გაჰყავთ. ასობით და ათასობით ჯარისკაცი იხოცება, ფარასავით მოჰყავთ. პუტინის იმპერიული გეგმები სხვაა.

პუტინს სურს გაანადგუროს „აზოვი“, როგორც უკრაინის დაუმორჩილებლობის სიმბოლო. გაანადგუროს ხალხის იმედი, რადგან ახლა ბევრი ამ იმედს „აზოვზე“ ამყარებს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ“, – ამბობს გიორგი ქუფარაშვილი.

___

გიორგი ქუფარაშვილი თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკია და უკრაინაში მოხალისედ იბრძვის. ის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. ქუფარაშვილი მძიმედ დაიჭრა მარიუპოლში მარტში, ბრძოლის დროს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: