მთავარი,სიახლეები

ქობულეთის მერის და მისი მოადგილეების ქონება

22.04.2022 • 1969
ქობულეთის მერის და მისი მოადგილეების ქონება

ლევან ზოიძემ ქობულეთის მერის ამპლუაში ქონებრივი დეკლარაცია პირველად შეავსო. თავდაპირველად მის დეკლარაციაში ორი მთავარი სიახლე იყო ასახული. პირველი ის, რომ მერს გასულ წელს ახალი ავტომანქანა „ტოიოტა კამრი“ შეუძენია, რაშიც 17 000 აშშ დოლარი გადაუხდია. მეორე კი ის იყო, რომ ახალი ავტომანქანის გარდა ამ დეკლარაციაში აღარაფერი იძებნებოდა – არც ბინა, ან სახლი, რომელშიც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. „ტექნიკური ხარვეზია“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. მოგვიანებით კი ლევან ზოიძემ დეკლარაცია დააკორექტირა და ასახა თითქმის იდენტური ქონება, რაც წინა დეკლარაციებში იყო ასახული.

2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, ლევან ზოიძეს ავტომანქანა 2020 წელსაც შეუძენია, იგივე მოდელი „ტოიოტა კამრი“ – 5000 დოლარად, მაშინ ის ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა.

დეკლარაციის მიხედვით, ქობულეთის მერი სამ თანამესაკუთრესთან ერთად ფლობს 151 კვ.მეტრ კომერციულ ფართობს ქობულეთის ცენტრში, აღმაშენებლის #2-ში. საჯარო რეესტრის მონაცემებში ჩანს, რომ ეს ფართობი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ აქვს დაქირავებული.

დეკლარაციაში ლევან ზოიძე წერს, რომ  ფლობს 164 კვ.მეტრ არასაცხოვრებელ ფართობს ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე, #24-ში, ეს ქონება მისთვის უჩუქებიათ 2010 წელს. 2012 წელს კი ამავე ქუჩაზე მას 246 კვ.მეტრი ფართობი შეუსყიდია. რეესტრის მონაცემებით, ეს ქონება ლევან ზოიძეს 2012 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან შეუსყიდია.

2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, ლევან ზოიძე ფლობს ასევე 80 კვ.მეტრ ბინას ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე.

გარდა ხელფასისა, ლევან ზოიძე იღებს შემოსავალს იჯარის წესით გასხვისებული ქონებიდან: გასულ წელს მან მიუთითა, რომ ეს თანხა თვეში 550 აშშ დოლარია.

  • გათამაშებაში მოგებული ავტომანქანა და ნაკვეთი კვირიკეს ტყეში – ვიცე-მერის ქონება

ხარვეზი არ ფიქსირდება და განახლებულია ქობულეთის მერის პირველი მოადგილის, დავით ვერულიძის ქონებრივი დეკლარაცია.  მთავარი სიახლე აქაც ახალი ავტომანქანაა, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, მერის მოადგილის დედას ტოტალიზატორში მოუგია.

დავით ვერულიძის განმარტებით, რეალურად ავტომანქანა ვიცე-მერის მამამ მოიგო: „ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, ევროპის ჩემპიონატი იყო, გააკეთა ბილეთი და მოიგო“. თუმცა ის შესაბამის გვერდზე მეუღლის [ანუ ვიცე-მერის დედის] სახელით იყო დარეგისტრირებული, ამიტომაც მოგებული ავტომანქანა მას გაუფორმეს: „დოკუმენტებით ასე იყო, ამიტომაც ჩავწერე, რომ დედამ მოიგო.“ დეკლარაციაში მითითებულია ასევე, რომ ვიცე-მერის ეს ავტომანქანა 28 000 დოლარად გაყიდეს.

ვიცე-მერის დედა თავადაც საჯარო მოხელეა –  ქობულეთის მერიაში, კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამსახურში მთავარ სპეციალისტად მუშაობს.

დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, 2019 წელს ვიცე-მერის მამას სოფელ კვირიკეში 3 850 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირებია. როგორც რეესტრშია მითითებული, რეგისტრაციის საფუძველი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წელს გაცემული საკუთრების მოწმობაა.

ამ ქონებასთან დაკავშირებით  ვიცე-მერმა განმარტა, რომ ნაკვეთი ბაბუას დანატოვარია. „დარეგისტრირებაც 2007 წელს გაცემული საკუთრების მოწმობით მოხდა“. შესაბამისად, ამ საქმეში ის თავის გავლენებს ვერ გამოიყენებდა.

მონიშნულია ვიცე-მერის მამის ნაკვეთი – ნაკვეთს რამდენიმე მხრიდან სახელმწიფოს ბალანზე არსებული ნაკვეთები ესაზღვრება

კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომლის შესახებაც დავით ვერულიძემ ქონებრივ დეკლარაციაში ჩაწერა, ვიცე-მერის მამის საკუთრებაა – 392 კვ.მეტრი ფართობი ქობულეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მას 2017 წელს 45 000 დოლარად შეუძენია. რეესტრის მონაცემებით, ამ ნაკვეთზე შენობებიც არის.

მონიშნულია ვიცე-მერის მამის ნაკვეთი და შენობა – ეს ნაკვეთი, ასევე შენობა საქართველოს ბანკშია იპოთეკით დატვირთული

დეკლარაციის მიხედვით, ვიცე-მერის მამას იპოთეკური სესხის სახით 2017 წელს 77 000 ლარი აუღია.

ქობულეთის მერის მეორე მოადგილე მინდია რომანაძეა, მანამდე ის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. მერის მოადგილის რანგში მის მიერ შევსებული დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე ჯერ არ იძებნება.

2021 წელს, სამსახურის უფროსის რანგში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მინდია რომანაძის მეუღლე ფლობს ბინას ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ხოლო თავად ფლობს ბინას ჭავჭავაძის ქუჩაზე. ორივე ბინის ფართობი ჯამში 120 კვ.მეტრია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მინდია რომანაძე ფლობს ასევე ბინას ქობულეთში, ჭავჭავაძის #1-ში.

___

მთავარი ფოტო: მარცხნიდან დავით ვერულიძე, ლევან ზოიძე და მინდია რომანაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: