დღეს, 12 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა, პარლამენტში გამოსვლისას 9 მაისთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, უკვე დროა საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე არა 9 მაისს, არამედ 8 მაისს აღნიშნოს.
„ხშირად გაიგონებთ ალბათ, როდის უნდა აღინიშნოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, 8 მაისს თუ 9 მაისს. მე მგონია, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენთვის აღარ უნდა იდგეს ეს კითხვა. თუ ვინმეს ეზეიმება ამ დღეს და ვზეიმობთ, ეს უნდა იყოს 8 მაისი.
წელს განსაკუთრებით, 2022-ში, რას აპირებს პუტინი 9 მაისისთვის, ამას ჯერ კიდევ ვნახავთ, როგორც ჩანს და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ თანამოზიარე მისი ზეიმის, ამ პირსისხლიანი ჯალათის,“ – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მანამდე არმაზ ახვლედიანმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე ისაუბრა და მას „გაუგონარი აგრესია“ უწოდა.