მთავარი,სიახლეები

მანქანა 2 დღეში მეორედ გამიტეხეს, მოიპარეს ხურდა ფული და მეხსიერების ბარათი – მოქალაქე

12.04.2022 • 2599
მანქანა 2 დღეში მეორედ გამიტეხეს, მოიპარეს ხურდა ფული და მეხსიერების ბარათი – მოქალაქე

„ორ დღეში უკვე მეორედ გამიტეხეს მანქანა ბათუმში,“ – ამბობს მოქალაქე ია კიწმარიშვილი. მისი თქმით, პირველ შემთხვევაში, რაც 9 აპრილს მოხდა, ავტომანქანიდან მხოლოდ 5 ლარის ხურდა ფული წაიღეს, დღეს დილით კი, მას ავტომანქანიდან მხოლოდ მეხსიერების ბარათი დახვდა წაღებული.

ორივე შემთხვევა ღამით, ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. მესაკუთრემ ავტომანქანა დილით ნახა გატეხილი. ორივე შემთხვევაში ავტომანქანას სამკუთხა მინები ჩაუმსხვრიეს. მოქალაქე განმარტავს, რომ ზარალი ძირითადად ეს დამსხვრეული მინებია.

„სამწუხაროა ის, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს არასრულწლოვნებს უკავშირდება,“ – გვიყვება ია კიწმარიშვილი. ის მიიჩნევს, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან არაეფექტურად მუშაობენ:

„სამოქალაქო განათლებას ვასწავლი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი… ამას წინათ ჩემს უბანში 7 ავტომანქანა გაძარცვეს ერთდროულად.

ავტომანქანაში, მაგალითად, მქონდა 300 ლარის განათებაც, რაც რემონტისთვის მჭირდებოდა, ეს არ წაუღიათ. ასევე არ წაუღიათ ზამთრის საბურავები, რაშიც 750 ლარი მქონდა გადახდილი… ეტყობა, არ წაიღეს იმიტომ, რომ შემდეგ რეალიზების დროს არ გამოაშკარავებულიყო დანაშაული,“ – გვითხრა ია კიწმარიშვილმა.

მოქალაქის თქმით, 9 აპრილის შემთხვევა სკოლა „ნიკეს“ სათვალთვალო ვიდეოკამერის არეალში მოხვდა, მაგრამ კამერა გამორთული აღმოჩნდა, მეორე შემთხვევაში კი, ავტომანქანა კორპუსის შესასვლელთან იყო გაჩერებული.

„იქ კამერები არ არის, მაგრამ კარგად განათებული ადგილია, მიკვირს, როგორ გაბედეს,“ – დასძინა ია კიწმარიშვილმა.

მოქალაქის თქმით, მან ორივე შემთხვევის შესახებ შეატყობინა პოლიციას და გამომძიებლებს სათანადო ინფორმაციაც მიაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე შემთხვევაში გამოძიება  ქურდობის მუხლით დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: