„შემოდის ძლიერი რაკეტები და ტექნიკა. ჩვენ ამ ყველაფერზე ერთი პასუხი გვაქვს – ბაირაქტარი. ძალით უნდოდათ ჩვენი გაძევება და ჩვენ გავბრაზდით ამ ორკებზე, რუს ბანდიტებს მოჩვენებებად აქცევს ბაირაქტარი“ – ეს ციტატაა უკრაინული სიმღერიდან, რომელიც უკრაინელებმა თურქული წარმოების Bayraktar TB2-ს, დარტყმის უპილოტო საფრენ აპარატს მიუძღვნეს, იარაღს, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ომში დღემდე აქტიურად იყენებენ.

გერმანული გამოცემა Bild-ი მაღალ შეფასებებს აძლევს ბაირაქტარის შესაძლებლობებს.

გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „უკრაინის თავდაცვა ენდობა თურქულ ტექნოლოგიას. იმედის იარაღი ბაირაქტარია“.

„ბაირაქტარის უპილოტო საფრენმა აპარატმა გაანადგურა რუსული წარმოების Панцирь С-1 სარაკეტო და იარაღის სისტემები სირიაში, სომხეთსა და ლიბიაში, ასევე გაანადგურა  დიდი რაოდენობით რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკა უკრაინაში“ – წერს გაზეთი.

პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბაირაქტარის უპილოტო საფრენი აპარატის გავლენა უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგზე ჯერ არ არის დადგენილი.

Ukrainian Bayraktar TB2 War song #RussiaInvadedUkraine

გამოცემაში მოცემულია ინფორმაცია თურქული წარმოების დამრტყმელი თვითმფრინავის ტექნიკური მახასიათებლების შესახებაც.

კერძოდ, ბაირაქტარს, რომელიც 2015 წლიდან გამოიყენება, შეუძლია ჰაერში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში გაჩერება და მართვადი საბრძოლო მასალის სროლა – 2,5-დან 37,5 კილოგრამამდე.

ბაირაქტარის დრონებს შეუძლიათ მიზანში სროლა 7 კილომეტრის სიმაღლიდან.

უკრაინამ ბაირაქტარის დრონები თურქეთიდან ჯერ კიდევ 2021 წელს შეიძინა. 2022 წლის თებერვალში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში Bayraktar-ების ქარხანა აშენდება სამხედრო დრონების შესაქმნელად.

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინას შეუტია. დღემდე იბომბება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა.

6 მარტს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის ზოოპარკში დაიბადა ლემური, რომელსაც ბაირაქტარი დაარქვეს.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version