მთავარი,სიახლეები

წყალი მუხლებამდე გვწვდება – ადამიანები ბათუმის დატბორილი ქუჩიდან

11.02.2022 • 1859
წყალი მუხლებამდე გვწვდება – ადამიანები ბათუმის დატბორილი ქუჩიდან

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილთან ახლოს, ევგენი მიქელაძის ქუჩა ყოველი გაწვიმების შემდეგ წყლით იფარება. აქ მცხოვრები ადამიანები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის დროს წყალი მუხლებამდე აღწევს, გუბეები კი ხშირად მზიანი ამინდის დროსაც ვერ შრება.

ნახევრად მოასფალტებული ქუჩა ორმოებითაა სავსე.

ამ დასახლებას არც საკანალიზაციო სისტემა აქვს და არც სანიაღვრე არხები. მოსახლეობა ჭების წყლით სარგებლობს, რომელიც ძლიერი წვიმის დროს მღვრიე წყლის ნაკადებით ბინძურდება.

ევგენი მიქელაძის ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს წვიმის დროს სახლებამდე მისვლა საცალფეხო გზებით უწევთ. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

„ჭიშკრამდე აღწევს წყალი, მშრალი ფეხით სახლში ვერ შევდივართ. ეს ტროტუარი ჩვენ თვითონ დავასხით, ცოტათი ავამაღლეთ, მაგრამ იმდენად დიდი წყალი დგება, რომ ესეც იფარება“, – გვეუბნება ასლან ირემაძე.

დატბორილი ქუჩის გადალახვა განსაკუთრებით რთულია ფეხით მოსიარულეებისთვის.

„გუბურებში ბეტონის ფილები ჩავყარეთ, რომ ადვილად გადაგველახა, თუმცა ერთ ქალს ფეხი დაუცდა, ტელეფონი წყალში ჩაუვარდა და ფეხიც მოიტეხა“, – ამბობს ასლანი.

ასლან ირემაძის თქმით, ძლიერი წვიმის დროს წყალი ამ ქუჩაზე მუხლამდე აღწევს. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

გიორგი მამუჭაძეც ამ ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ მამა გარდაეცვალა და მისასამძიმრებლად მისულს ხალხს ფეხი უსველდებოდა.

„მრცხვენოდა, ისეთი ხმები გამოდიოდა სველი ფეხსაცმელებიდან. გამოვიძახე ჯგუფი, რომ წყალი ცოტათი მაინც ამოეტუმბათ, ცოტა წაიმუშავეს, მითხრეს ხვალაც მოვალთო და შემდეგ აღარც გამოჩენილან“, – ამბობს გიორგი.

მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, არჩევნებზე ყველა ამ ქუჩის მოწესრიგებას ჰპირდება, თუმცა არჩევნების შემდეგ ქუჩა ისევ წყლით ივსება, მაშველი კი არავინ არის.

ნანა და მაია მიქელაძის ქუჩიდან.

ნანა და მაიაც ამ ქუჩაზე ცხოვრობენ. მაია ამბობს, რომ ყველა გაწვიმებაზე ბავშვების სკოლაში გაშვება უჭირს, რადგან ბავშვებს ფეხები უსველდებათ.

„ხან ვალინკებით ვუშვებ, ხან ვინმე გამოივლის მანქანით და ისე გავდივართ ცენტრალურ გზამდე. გაუსაძლისი მდგომარეობაა“, – ამბობს მაია.

ნანას თქმით, ადამიანები იძულებულნი არიან შემოვლითი გზებით მივიდნენ ცენტრალურ გზამდე, რომ სკოლაში წაიყვანონ ბავშვები ან სამსახურში წავიდნენ.

„საშინელ მდგომარეობაში ვართ. ჭიშკრებშიც შემოდის წყალი, ფეხის დასადგამი ადგილი აღარ რჩება. თუ მანქანა არ გამოიძახე, ვერსად წახვალ. ვერც სტუმარი მოდის, ყველა გაოცებულია, – ეს რა ხდებაო“ – გვეუბნება ნანა.

ევგენი მიქელაძის ქუჩა წვიმიან ამინდში ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

მოქალაქეები ამბობენ, რომ არაერთხელ მიმართეს მთავრობას, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს.

„რეაგირება – ნული. მოვითხოვთ, რომ გამოგვეხმაუროს მთავრობა და შესაბამისი ზომები მიიღონ. დამტვრეულია გზები, მანქანები მწყობრიდან გამოდის, ძლივს გადაადგილდებიან, ფეხით გავლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. „ვენეციაში“ ვცხოვრობთ.

დატბორილ ქუჩაზე გადაადგილება რთულია როგორც ქვეითებისთვის, ასევე ავტომანქანებისთვისაც. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

იგეგმება თუ არა ევგენი მიქელაძის ქუჩის შეკეთება? – „ბათუმელებმა“ ამ შეკითხვით ბათუმის მერიას მიმართა. აქ გვითხრეს, რომ ქუჩაზე ჯერ სანიაღვრე ჭების მოწყობა იგეგმება.

„ევგენი მიქელაძის ქუჩაზე გათვალისწინებულია სანიაღვრე ჭის მოწყობის სამუშაოები, რაც 2 კვირის ვადაში განხორციელდება. სანიაღვრე ჭის მოწყობის შემდეგ დაიწყება ქუჩის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები“ – მოგვწერეს მერიიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: