მთავარი,სიახლეები

პალმები ჭადრების ნაცვლად – რა პრინციპით ამწვანებს ბათუმს მერია

09.03.2016 • 2425
პალმები ჭადრების ნაცვლად – რა პრინციპით ამწვანებს ბათუმს მერია

ორივე ფოტო ბათუმში, კ. გამახურდიასა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაშია გადაღებული. განსხვავება დროშია. დღეს ზუბალაშვილის 17-ში მდებარე სახლი სიმაღლეში იზრდება, ჭადრები კი პალმებმა ჩაანაცვლა.

„მოსახლეობის კოლექტიური განცხადება იყო შემოსული და მოითხოვეს ხეების მოჭრა. მანამდეც გვქონდა ეს ხეები მონიშნული, რადგან ძალიან დაზიანებული იყო,“ – გვითხრა ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა ეთერ მაჭუტაძემ.

იგივე დაგვიდასტურეს ზუბალაშვილის 17-ში. მოსახლეობის თქმით, ჭადრები შემაწუხებელი იყო, ხოლო პალმები თავად დარგეს მას შემდეგ, რაც გამწვანების სამსახურისგან ნეკერჩხლის პატარა ნერგების დარგვის შეთავაზება მიიღეს.

რატომ აღმოჩნდა გადამწყვეტი კონკრეტულ მისამართზე მცხოვრები ადამიანების აზრი, როცა ხე საზოგადოებრივ სივრცეში, ტროტუარზე უნდა დარგულიყო? „არც აქვთ უფლება, მაგრამ როცა იქ ნეკერჩხლის ნერგები მივიტანეთ, გამოვიდა 15-20 კაცი და უარი გვითხრა. ჩვენც კონფლიქტს ავარიდეთ თავი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეთერ მაჭუტაძე.

არის თუ არა განსაზღვრული, რა უნდა დაირგოს ბათუმის ქუჩებში? ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ რეგულაცია არსებობს და ნარგავებიც ერთ სისტემაში ეტაპობრივად მოექცევა: „მაგ ქუჩაზე ბევრი რამაა შესაცვლელი გამწვანების კუთხით. აუცილებლად ჩავანაცვლებთ ამ პალმებსაც“

palma

გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, წელს მერიაში სულ 36 განცხადებაა შესული ხეების მოჭრაზე. აქედან 6 არ დაკმაყოფილდა, ხოლო 12 შემთხვევაში კერძო საკუთრება დადგინდა. ამავე სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს, ბათუმის ტერიტორიაზე 151 განცხადება დაიწერა ხის მოჭრის მოთხოვნით და აქედან მხოლოდ შვიდს ეთქვა უარი. „მოჭრილი ხეების დიდი ნაწილი გონიო-სარფის, ასევე მახინჯაურში მდებარეობდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გამწვანების სამსახურის თანამშრომლემა ავთანდილ ტარიელაძემ.

შოთა გუჯაბიძის ფოტო

შოთა გუჯაბიძის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: