მთავარი,სიახლეები

„ნუთუ არ მაქვს უფლება სიკვდილამდე ერთხელ ბათუმში გავიარო თავისუფლად“ – სააკაშვილის სასამართლო

13.01.2022 • 6166
„ნუთუ არ მაქვს უფლება სიკვდილამდე ერთხელ ბათუმში გავიარო თავისუფლად“ – სააკაშვილის სასამართლო

დღეს, 13 იანვარს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება თბილისი საქალაქო სასამართლოში “საზღვრის კვეთის” საქმეზე. პროცესზე, რომელსაც თავად სააკაშვილიც ესწრება, ექსპრეზიდენტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ბათუმზე, რომელსაც უწოდა თავის აშენებული.

„სააკაშვილი რომ გახდა პრეზიდენტი, მე რომ გავხდი პრეზიდენტი, საქართველოს საზღვარი საერთოდ არ ჰქონდა. საქართველოს არ ჰქონდა არც სანაპირო კატარღები, ერთი ცალი კატარღა დადიოდა ამერიკელების ნაწყალობევი, საქართველოს არ ჰქონდა არც რადარები, არც საჰაერო დრონები და ასე შემდეგ…

მე მინდა მივმართო იმათ, ვინც მხარს არ მიჭერს: სირცხვილი არ არის, ხომ დადიხართ ბათუმში, ხომ გსიამოვნებთ სანაპიროს ბულვარი. სამწუხაროდ, ბევრი რაღაცა ვერ დავამთავრეთ, ახლა მე უფრო სხვა თვალით ვუყურებ, რა შეიძლებოდა იქ გაკეთებულიყო, მაგრამ რაც მოვასწარი ისიც ხომ მაგარია?

სირცხვილი არ არის რომ ამ ყველაფრის შემქმნელი… ბათუმი იყო ერთი დაჭაობებული სოფელი, ვისაც არ ახსოვს, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა საბაჟოს გავლა – ჩოლოქზე. იცით როგორ გადავლახე ერთხელ „საზღვარი“? – საბარგულში. ასლან აბაშიძეს რომ ეყენა საბაჟო, აი იქ ქობალიამ ჩამსვა თავისი პიკაპის საბარგულში, გადამაფარა ბრეზენტი და ასე შევედი ასლანის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელიც არ იყო საქართველოს იურისდიქციაში. მე ვიყავი მაშინ თბილისი საკრებულოს თავმჯდომარე.

ამაზეც ხომ არ გამასამართლებდით? აღარ არის არც ჩოლოქი, აღარც ის ბანდიტები…

სირცხვილი არ არის, რომ სააკაშვილი, რომელმაც გაგიუქმათ ეს საზღვარი, აგიშენათ ბათუმი, მალულად უნდა დადიოდეს ამ ბათუში? რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს ამ ქვეყნად? კეპკაჩამოფარებული, კაპიშონჩამოფარებული იმ ადგილებში, რომლის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი ჩემი და ლევან ვარშალომიძის დაწყებულია, დაგეგმილია და რამდენი გაგვიჩერეს. არ არის ეს სირცხვილი? მე ხომ არ გეუბნებით ხმა მომეცით. ნუთუ მე არა მაქვს უფლება ჩემს ცხოვრებაში სიკვდილამდე ერთხელ ბათუმში გავიარო თავისუფლად, რომელიც მე ავაშენე?“

___

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 30 დეკემბრამდე იყო, შემდეგ კი პენიტენციურმა სამსახურმა ის კვლავ რუსთავის ციხეში გადაიყვანა.

გადაბეჭდვის წესი